დღევანდელ ახალგაზრდებში, საცხოვრებლის ხშირი გამოცვლა თითქმის ყოველდღიურობად იქცა. ამ ტენდენციისა და ეკონომიკური არასტაბილურობის საპასუხოდ, Ikea-მ ცამეტი ნივთისგან შემდგარი ახალი კოლექცია შექმნა. მისი მთავარი მიზანია, მომთაბარე ცხოვრების პირობებშიც კი, ახალგაზრდებს საკუთარი მყუდრო კუთხის მოწყობის შესაძლებლობა მისცეს და თან ნივთების გადატანა მაქსიმალურად შეუმსუბუქოს. აქ შეხვდებით ისეთ პრაქტიკულ ნივთებს, როგორიცაა დასაკეცი მატრასი, რომელიც მარტივად ზურგჩანთად იქცევა, ასევე მაგიდა, რომელიც ბრტყელდება და მისი საყრდენი გადასატან სახელურად ტრანსფორმირდება. ბრენდმა ყველასთვის ნაცნობი კლასიკური საყიდლების ჩანთაც კი გადააკეთა და გორგოლაჭებიან შესანახ კონტეინერად აქცია.
იდეის დაბადება
ამ მიზნობრივ ჯგუფზე ფოკუსირების იდეა კომპანიას ორი წლის წინ გაუჩნდა. პროექტის ხელმძღვანელმა, ინა ტიდბეკ სიობლომმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიებში ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ნივთები მანამდეც მოიძებნებოდა, ბრენდს სურდა უფრო რეალური და მიზანმიმართული მხარდაჭერა აღმოეჩინა მათთვის, ვისი ცხოვრებაც მუდმივ გადაადგილებას უკავშირდება.
სანამ უშუალოდ დიზაინის შექმნას დაიწყებდნენ, კომპანიის გუნდმა ლონდონში იმოგზაურა და ოციდან ოცდარვა წლამდე ასაკის ახალგაზრდების სახლები მოინახულა. დიზაინერებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ უწევთ ადამიანებს ნივთების ტაქსით გადატანა ან მძიმე ყუთების სკეიტბორდით გადაგორება ახალ ბინამდე. საინტერესოა, რომ ამ კვლევაში ბრენდმა ორი სტაჟიორი დიზაინერიც ჩართო, რომლებიც თავად წარმოადგენდნენ ამ სამიზნე აუდიტორიას და მათი უშუალო ხედვის გათვალისწინება უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა. სწორედ მათ შექმნეს წიგნის კომპაქტური სადგამი და დასაკეცი საწერი მაგიდა, რომელსაც აწყობა არ სჭირდება და სპეციალური სახელურით მარტივად გადაიტანება.
ნამდვილი ისტორიებით შთაგონებული დიზაინი
კოლექციის თითოეული დეტალი კონკრეტულ ადამიანებზე დაკვირვებით შეიქმნა. მაგალითად, ერთ-ერთ სახლში ნანახმა ხის დასაკეცმა მაგიდამ საფუძველი ჩაუყარა კოლექციის საწერ მაგიდას, რომელიც ერთ-ერთმა სტაჟიორმა, კონსტანს ტიესომ დააპროექტა. კიდევ ერთი მასპინძლის განსაკუთრებულმა დამოკიდებულბამ ოთახის მცენარეების მიმართ დიზაინერებს უბიძგა შეექმნათ ქოთანი, რომელიც გადაადგილებისას მცენარეს დაზიანებისგან იცავს და გადასატანი ჩანთის როლსაც ასრულებს.
სტაჟიორმა ლუკას ალბრექტსონმა კი შექმნა პრაქტიკული ტაბურეტები, რომლებიც ერთმანეთზე ლაგდება და სივრცეს ზოგავს, მათი სპეციალური ღარების წყალობით კი შესაძლებელია ორსაფეხურიანი სადგამის აწყობა ყვავილების ან ჟურნალების დასადებად.
მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფერების არჩევანმაც. დიზაინერებმა უპირატესობა ნატურალურ ტონებს მიანიჭეს, სადაც ძირითადი მასალა ფიჭვის ხეა. ფერების ეს ნეიტრალურობა ნივთებს ნებისმიერ ინტერიერთან მარტივად თავსებადს ხდის. ბრენდისთვის დამახასიათებელი ლურჯი ჩანთაც კი ამჯერად უფრო მშვიდ, სამხედრო მწვანე ფერში გადაწყდა.
აგვისტოდან ახალი კოლექცია მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომი იქნება. ეს არის სპეციალური შეთავაზება მათთვის, ვინც ქირით ცხოვრობს და კარგად იცის, რას ნიშნავს ნივთების ხშირი ჩალაგება. ბრენდის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ პროდუქტების დიდი ნაწილი სწორედ რეალურ ცხოვრებაზე დაკვირვებით დაიბადა, რაც მათ განსაკუთრებულ პრაქტიკულობას განაპირობებს.
წყარო: Fastcompany











