IKEA საბერძნეთში 25 წლის იუბილეს ახალი კამპანიით აღნიშნავს, რომელიც ბრენდის ისტორიას არა პროდუქტებით, არამედ ადამიანების ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებთან აკავშირებს.
კამპანია We’re going to IKEA სააგენტო The Newtons Laboratory Athens-მა შექმნა, რეჟისორი კი ქრისტოს კანაკისია. ფილმის მთავარი იდეა მარტივია: ცხოვრების მნიშვნელოვან ცვლილებებს ხშირად ახალი სივრცე, ახალი ნივთები და ახალი ყოველდღიურობა მოჰყვება და სწორედ ამ დროს IKEA ბუნებრივად ჩნდება სცენაში.
ვიდეო 2001 წლიდან იწყება, იმ წლიდან, როცა IKEA საბერძნეთში პირველად გამოჩნდა. კაცი ქალს ხელს სთხოვს ფრაზით: „მთელი ცხოვრება ივლი ჩემთან ერთად IKEA-ში?“ ეს ალბათ ყველაზე რომანტიკული წინადადება არ არის, მაგრამ კამპანიის ლოგიკას ზუსტად აყალიბებს.
შემდეგ სხვადასხვა ცხოვრებისეული ეტაპი ჩნდება. მშობლები უკვე საკმაოდ გაზრდილ შვილს მიანიშნებენ, რომ სახლიდან გადასვლის დროა და ეკითხებიან: „არ ფიქრობ, რომ უკვე დროა IKEA-ში წახვიდე?“ სხვა სცენაში სტუდენტი უნივერსიტეტში ჩაბარებას აღნიშნავს, კიდევ ერთში კი ქალი პარტნიორს ეუბნება, რომ ბავშვს ელოდებიან.
ყველა ამ ამბავს ერთი და იგივე გაგრძელება აქვს. ახალი ეტაპი ნიშნავს ახალი სახლის, ოთახის ან სივრცის მოწყობას და, შესაბამისად, IKEA-ში წასვლას. კამპანიის ხიბლიც სწორედ ამ დაკვირვებაშია. ის არ ცდილობს IKEA-ს ხელოვნურად მიაწეროს ადამიანის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციები. ამის ნაცვლად, ყოველდღიურ დეტალს იყენებს: როცა ცხოვრება იცვლება, ხშირად გარემოც უნდა შეიცვალოს. ახალ ბინაში გადასვლა, უნივერსიტეტისთვის სხვა ქალაქში წასვლა, ბავშვის დაბადება ან საერთო ცხოვრების დაწყება პრაქტიკულ გადაწყვეტილებებსაც მოითხოვს. სად უნდა დაიძინოს ახალმა წევრმა, რა სჭირდება სტუდენტს პირველ ბინაში, როგორ უნდა მოეწყოს სივრცე წყვილისთვის. კამპანია სწორედ ამ მომენტებში ათავსებს ბრენდს.
The Newtons Laboratory-ის კრეატიული დირექტორის, იანის სოროტოსის თქმით, ფრაზა „We’re going to IKEA“ მილიონობით მსგავს გარდამავალ პერიოდს იტევს. 25 წლის შემდეგ ბრენდის სახელი იმდენად ნაცნობი გახდა, რომ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ისტორიაში ბუნებრივად ჯდება. ეს ბრენდის ხანგრძლივი არსებობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შედეგიცაა. როცა კომპანია ბაზარზე საკმარისად დიდხანს რჩება, ის შეიძლება კონკრეტული პროდუქტის კატეგორიას გასცდეს და გარკვეულ მოქმედებასთან ან ცხოვრების ეტაპთან ასოცირდეს.












