in ,

IKEA-მ ძილში საუბარი მარკეტინგულ იარაღად აქცია

სრულფასოვანი ღამის ძილი ნამდვილად ძვირფასი საჩუქარია ჩვენს დაძაბულ ყოველდღიურობაში. ადამიანები ყოველდღიურად ეძებენ გზებს, თუ როგორ მიიღონ ძილის ის მაგიური რვა საათი, რომელიც ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. ინფლუენსერების რჩევებისა და ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული მიმოხილვების ეპოქაში კი სულ უფრო რთულდება იმის გარკვევა, თუ კომფორტის რომელ საშუალებას უნდა ენდოს ადამიანი.

IKEA-მ ამ პრობლემას სრულიად ახლებური, ინოვაციური მიდგომით უპასუხა. კომპანიამ კრეატიულ სააგენტო Rethink-თან ერთად უჩვეულო სოციალური ექსპერიმენტი წამოიწყო – მათ მოიწვიეს ნამდვილი ძილში მოსაუბრე ადამიანები, რომლებიც ორი ღამე ტორონტოს „ნორთ იორკის“ მაღაზიაში განათავსეს. გუნდმა ჩაიწერა თითოეული მძინარე მონაწილე, რათა დაემტკიცებინა, თუ რამდენად კომფორტულია IKEA-ს ლეიბები.

შედეგად შეიქმნა კამპანია სახელწოდებით „ძილში საუბრის მიმოხილვები“, სადაც 90 საათის მასალა 60-წამიან ვიდეოში შეჯამდა. ვიდეო სავსეა ბუტბუტით, ძილის ხმებით, ხვრინვითა და შემთხვევითი ფრაზებით. კამპანიის იდეას ასე ხსნიან: მიზანი იყო Åkrehamn და Vågstranda ლეიბების უპირატესობების წარმოჩენა, რაზეც მძინარე ადამიანები რეაქციებს გამოხატავდნენ. მათ დააფიქსირეს ნამდვილი, დაუგეგმავი მომენტები, რომლებიც სიტყვასიტყვით აჩვენებს, თუ რამდენად კომფორტულია ბრენდის ლეიბები.

Rethink-ის კრეატიული ჯგუფი აღნიშნავს, რომ გადაღებებზე წასვლისას მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რას დააფიქსირებდნენ. საბოლოოდ, სწორედ ნამდვილი ძილში მოსაუბრეების ავთენტურობამ შესძინა კამპანიას სიცოცხლე საინტერესო და შთამაგონებელი გზით.

კამპანიას, სლოგანით „მათი ძილი ამბობს ყველაფერს“, თან ახლავს რადიო და Spotify რეკლამები, სოციალური კამპანია და სტრატეგიულად განთავსებული ბილბორდი ტორონტოს ცენტრალური მაღაზიის წინ.

ეს არ არის IKEA-ს პირველი ინოვაციური მიდგომა ძილის თემატიკაზე. თებერვალში ბრენდმა წამოიწყო კამპანია „ფხიზლად ხარ?“, რომლის ფარგლებშიც შუაღამისას პირდაპირ უგზავნიდა შეტყობინებებს უძილო სოციალურ მედია მომხმარებლებს, სთავაზობდა ლეიბს უფასოდ, დაუყოვნებლივი პასუხის შემთხვევაში და ფასდაკლებას – თუ ისინი მომდევნო დღეს, უფრო მისაღებ დროს უპასუხებდნენ.

IKEA-ს ძილის რეპორტმა, რომელიც წლის დასაწყისში გამოქვეყნდა და 57 ქვეყანაში ძილის ქცევებს სწავლობდა, გამოავლინა, რომ აშშ-ში ძილის დარღვევის პრობლემა ყველაზე გამოკვეთილია, ხოლო კანადის მაჩვენებელი ხუთი ერთეულით ჩამორჩება გლობალურ საშუალო ნიშნულს.

წყარო: Adweek

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია

გულიანად გაცინებული პერსონაჟები ღვინის ეტიკეტზე — Cabeça do Pote ილუსტრაციებსა და სთორითელინგს შეფუთვაში აერთიანებს