IKEA Canada-მ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით ახალი კამპანია “Assemble the World” წარადგინა, რომლის ფარგლებშიც დივნები, სანათები, რბილი სათამაშოები, ხალიჩები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ დროშებად გარდაქმნა.
სარეკლამო სააგენტო Dentsu Creative-თან თანამშრომლობით შექმნილი კამპანია FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე 18 ქვეყნის დროშას IKEA-ს პროდუქციით აცოცხლებს. თითოეული კომპოზიცია ავეჯის, განათების, ტექსტილისა და დეკორის გამოყენებით იმეორებს კონკრეტული ქვეყნის დროშის ფერებსა და ვიზუალურ ელემენტებს, რითაც ყოველდღიურ ნივთებს გულშემატკივრობის სიმბოლოდ აქცევს.
კამპანია მხოლოდ ვიზუალური იდეით არ შემოიფარგლება. თითოეული „დროშა“ ერთდროულად შოპინგის შესაძლებლობასაც ქმნის – მომხმარებლებს შეუძლიათ დაადგინონ, IKEA-ს რომელი პროდუქციაა გამოყენებული კონკრეტულ კომპოზიციაში და სურვილის შემთხვევაში პირდაპირ შეიძინონ. ამგვარად, კრეატიული იდეა ინტერაქციულ სავაჭრო გამოცდილებადაც იქცევა.
კამპანია განსაკუთრებულ ყურადღებას კანადის მრავალკულტურულ საზოგადოებასაც უთმობს და გულშემატკივრებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ იმ ქვეყნებსა და გუნდებს, რომლებთანაც საკუთარ თავს აკავშირებენ. IKEA Canada-ს თქმით, კამპანიის მიზანი მომხმარებლებისთვის იყო შესაძლებლობის მიცემა, რომ საკუთარი გულშემატკივრობა და სამშობლოთი სიამაყე განსაკუთრებული გზით გამოეხატათ, იმის მიუხედავად, თუ რას ნიშნავს მათთვის „სახლი“ ან რომელი ქვეყნიდან არიან.
თითოეული დროშა ერთგვარ ვიზუალურ თავსატეხსაც წარმოადგენს. მაყურებელს შეუძლია აღმოაჩინოს, როგორ არის ბალიშები, მაგიდები, სანათები და რბილი სათამაშოები ისე განლაგებული, რომ კონკრეტული ქვეყნის დროშა შექმნას. შედეგად, კამპანია ერთდროულად სახალისოცაა, ადვილად ამოსაცნობიც და პირდაპირ უკავშირდება IKEA-ს მთავარ იდეას – სახლის ყოველდღიურ სივრცეს.
Assemble the World მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში სოციალურ მედიაში, ციფრულ პლატფორმებსა და IKEA-ს მაღაზიებთან განთავსებულ გარე რეკლამაშიც გამოჩნდება.













