IKEA უკვე იმაზეც ფიქრობს, თუ როგორ აარიდოს ავეჯი ნაგავსაყრელზე მოხვედრას… ამ მიზნის მისაღწევად მარტივი გამოსავალი, შესაძლოა, მეორადი ნივთების შესაძენად მომხმარებლების წახალისება იყოს, თუმცა კომპანია უფრო საოცარ ექსპერიმენტს გვთავაზობს — სკამები და მაგიდები „ცოცხლდებიან” და მათ საჭიროებებს გვიზიარებენ…
Adaptables-ის პროექტი IKEA-ს დამოუკიდებელი SPACE10 კვლევისა და დიზაინის ლაბორატორიის მიერ შეიქმნა, რაც იმ იდეასაც იზიარებს, რომ ტექნოლოგიას სახლში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება შეუძლია. oio-ს კრეატიული სტუდიის თანადამფუძნებლების, მატეო ლოგლიოსა და სიმონე რებაუდენგოს თქმით კი, ეს ექსპერიმენტი ავეჯის გამოყენების მრავალ გზას გვაჩვენებს და მათი გადაგდების ალბათობასაც ამცირებს.
„Updatables ავეჯის ახალი ოჯახია, რომელიც უსულო ობიექტებს პიროვნულობას მატებს, რათა მათ გაცნობოთ თუ როდის სჭირდებათ შეკეთება ან განახლება“, — აცხადებს SPACE10.
ამ პროცესში თქვენი სმარტფონის დახმარება დაგჭირდებათ, გაფართოებული რეალობის მქონე აპლიკაციით, ავეჯთან დაკავშირებასა და მისთვის ხმის მინიჭებას შეძლებთ. მაგალითად, საკითხავ კუთხეში არსებულმა ნათურამ, შესაძლოა, შეგახსენოთ, რომ იქ უფრო ხშირად უნდა დასხდეთ ან თუნდაც, სავარძელმა წიგნების კარადად გადაკეთება მოგთხოვოთ…
„სამწუხაროდ, დღეს ბევრი ნივთი უფრო მარტივად ხვდება ნაგავსაყრელზე, ვიდრე ახლდება, მათთვის ამ შესაძლებლობის მიცემით კი ისინი ჩვენთან მეტად განსხვავებულ ურთიერთობას დაიწყებენ, რაც მათ განვითარების საშუალებასაც მისცემს“, — განმარტავს ლოგლიო.
შესაძლოა, უცნაურადაც ჟღერდეს, მაგრამ განვითარება იმას გულისხმობს, რომ ავეჯის კონკრეტული სახეცვლილებები ისტორიას, ოჯახის ხესა და სახელს შექმნის… დიახ, ამ პროექტში ავეჯი თქვენი ოჯახის წევრად ითვლება, რომელსაც საკუთარი თავისებურებები და მოთხოვნილებები აქვს. იმასაც გვეუბნებიან, რომ მსგავსი ნათურები თუ მაგიდები სახლში ცხოვრებას უფრო საინტერესოს გახდის. მათთან მნიშვნელოვანი ურთიერთობების დამყარების შემდეგ კი ავეჯის გადაგდებაზეც ნაკლებად იფიქრებთ…