in

IKEA-ს ახალი ბილბორდები: იდეალური წესრიგი და დამალული არეულობა

IKEA-მ შვედეთში ახალი გარე რეკლამის კამპანია – „Tidy Billboards“ წამოიწყო. სააგენტო NoA Åkestam Holst-ის მიერ შექმნილი კამპანია სარეკლამო ბანერებს უზარმაზარ სათავსოებად აქცევს.

M2

წინიდან ეს ინსტალაციები ჩვეულებრივ რეკლამებს ჰგავს, სადაც IKEA-ს კატალოგებისთვის დამახასიათებელი, იდეალურად მოწესრიგებული ოთახებია გამოსახული. თუმცა სიურპრიზი მაშინ ჩნდება, როცა გამვლელები ბილბორდს უკანა მხრიდან უყურებენ. იდეალური ფასადის მიღმა IKEA-ს გამჭვირვალე პლასტმასის ყუთებია ჩამწკრივებული, რომლებიც ყოველდღიური ნივთებითაა სავსე. ტანსაცმელი, სათამაშოები, ელემენტები, ელექტრონიკა თუ დაუმთავრებელი ნახატები – ეს ყველაფერი ისეა ყუთებში ჩალაგებული, რომ ბილბორდის უკანა მხარე ერთ დიდ, გამჭვირვალე კარადად არის ქცეული.

კამპანიის მთავარი იდეა ისაა, რომ დალაგებისას ნივთები კი არ ქრება, არამედ უბრალოდ ორგანიზებულად ინახება. ყუთების გამჭვირვალობა გამვლელებს საშუალებას აძლევს, ზუსტად დაინახონ, რა იმალება იდეალური ფასადის უკან. სააგენტოს არტ-დირექტორის, ტიაგო პინიოს თქმით, კამპანია რეალობის ორივე მხარეს აჩვენებს: „ყოველდღიური ცხოვრება ჯერ არეულია, მერე წესრიგდება და შემდეგ ისევ ირევა“.

ამ დაკვირვების უკან რეალური კვლევაც დგას. IKEA-ს მონაცემებით, შვედეთში გამოკითხულთა 83%-ს სახლში აქვს მინიმუმ ერთი ისეთი სივრცე, რომლის მუდმივად მოწესრიგებაც უჭირს. ყველაზე პრობლემურ ადგილებად ტანსაცმლის კარადა (24%), ავტოფარეხი/სხვენი და სამზარეულოს ზედაპირი (22%) დასახელდა.

SAMLA კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სათავსოების სერიაა. გაუმჭვირვალე ყუთებს არეულობა უბრალოდ უნდა დაემალა, გამჭვირვალე დიზაინმა კი პროდუქტის დემონსტრირება სახალისო და რეალისტური ფორმით შეძლო. ინსტალაციები შვედეთის დიდ ქალაქებში უკვე გამოჩნდა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ სივრცის ორგანიზება თანაბრად რთულია როგორც პატარა ბინებში, ისე დიდ სახლებში, ეს კამპანია კი პრობლემის მარტივ და კრეატიულ გადაწყვეტას გვთავაზობს.

YouTube-პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა

მანქანაში სქროლვისას გული თქვენც გერევათ? Google ამის მოგვარებას ცდილობს