ყველაზე მარტივი გზა მომხმარებელთა მოსაზიდად ფასდაკლებებია, თუმცა იკეამ სულ სხვა მიდგომა არჩია — ადამიანებს სთხოვა, მასალებზე ეფიქრათ და არა, ციფრებზე. ახალ სარეკლამო კამპანიაში ფასები შეგნებულად დამალა მომხმარებელთა თვალსაწიერიდან. დაბალ ფასზე აქცენტირებას ხარისხის წინ წამოწევა არჩია და მომხმარებლებს მოუწოდა, ფოკუსირებულიყვნენ იმაზე, რითაც იკეას ავეჯი მზადდებოდა და არა, იმ დაბალ ფასზე, რომელსაც იკეა სთავაზობდა მათ.

შედეგად, კამპანიის ფარგლებში ახლო ვიზუალებს ვხედავთ, რომელიც ფოტოგრაფმა მარლოს ჰარმანსმა გადაიღო თამამი ფერების ფონზე. თითოეული ჩვენთვის კარგად ნაცნობ ნივთებს გვაჩვენებს, ქვაბს, ტაფას, სავარძელს, თასს… მაგრამ აქ ფასს ვერსად დაინახავთ. ამის ნაცვლად, შემდეგ წინადადებას ამოიკითხავთ: „ფასს რომ ხედავდეთ, ვერ დაიჯერებთ…“, რასაც შემდგომში მასალის დასახელება მოსდევს, რომ ეს ხავერდი, თუჯი ან რაიმე სხვაა.
![]()
თუმცა არ გეგონოთ, რომ ასე იკეა ხელმისაწვდომი ფასების მნიშვნელობას აკნინებს, პირიქით, გვეუბნება, რომ მხოლოდ დაბალი ფასი არ უნდა იყოს სალაპარაკო თემა, როცა ამის უკან მრავალი ხარისხიანი მასალა, ოსტატობა და გამძლეობა დგას.
![]()
იკეას კამპანიაზე Mother London-მა იმუშავა, რომელიც, აშკარაა, სადღესასწაულო საცალო ვაჭრობის ტონს ეწინააღმდეგება. ამიტომაც არ ფოკუსირდება ფასდაკლებებზე, მომხმარებლებს ჯერ ხარისხს აჩვენებს, შემდეგ კი ნებას აძლევს, მისი ღირებულებით გაოცდეს — ეს ემოცია ზუსტად ის არის, რაც პროდუქტებს კარგად ყიდის.
![]()











