ახალი კვლევის თანახმად, გაერთიანებულ სამეფოში 55 წლის ან უფრო მეტი ასაკის მქონე 7 მილიონი ადამიანი რეგულარულად თამაშობს. ამ მრავალფეროვანი აუდიტორიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად კი IKEA-მ BRÄNNBOLL-ის კოლექცია გამოუშვა და ისინი კეთ ბოუის დახმარებით გაგვაცნო — დიახ, ის ბებოა, რომელსაც სურათზე ხედავთ, თამაშებში კი Grumpygran1948-ის ზედმეტსახელს იყენებს.
„მას შემდეგ, რაც ხელში კონტროლერი ავიღე, თამაშები შემიყვარდა და ბედნიერი ვარ, რომ იკეას კამპანიის ნაწილი გავხდი. მინდა ადამიანებს ვაჩვენო, რომ გეიმინგი მხოლოდ ბავშვებისთვის ან მოზარდებისთვის არ არის, ეს ჰობია, რომლითაც ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ, ისიამოვნოთ“, — აცხადებს კეთი.

ბოუის ამბავი 2017 წელს დაიწყო, როცა შვილიშვილმა თამაშები გააცნო, რაც მალევე იქცა მის მისწრაფებად და მალე ონლაინ სტრიმინგში ჩართვაც გადააწყვეტინა. მრავალი კითხვითი ნიშნის მიუხედავად, მისმა თბილმა დამოკიდებულებამ და მიზანმა, შეექმნა ინკლუზიური საზოგადოება, მალევე მიიზიდა ერთგული გულშემატკივრები Twitch-ზე. წელს პლატფორმის პარტნიორიც კი გახდა და თავისივე კონტენტის მონეტიზაციაც მოახერხა. ეს ამბავი კი ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ვითარდება სათამაშო ინდუსტრია თინეიჯერი ბიჭების შესახებ არსებული სტერეოტიპების მიღმა.

აშკარაა, რომ IKEA თანამედროვე ცხოვრების სტილში თამაშების ინდუსტრიის როლს ამჩნევს — „თამაშები ყოველდღიური ცხოვრების ჩვეული ნაწილი გახდა, ვითარდება განსხვავებულ მოწყობილობებსა თუ სივრცეებში. ჩვენ კი ავსახავთ ამ ცვლილებას, ვთავაზობთ მრავალფეროვან ავეჯს, რომელიც ესადაგება იმას, თუ როგორ ცხოვრობენ და თამაშობენ ადამიანები დღეს, მიუხედავად მათი ასაკისა თუ წარმომავლობისა“.
IKEA-ს BRÄNNBOLL-ის კოლექციის შეძენა უკვე როგორც მაღაზიებში, ისე ონლაინ არის შესაძლებელი.













