კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, კომპიუტერული თამაში “დიდგორი” იქმნება. დღეს კი, 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით კომპიუტერული თამაშის ტრეილერის პრეზენტაცია შედგა.
საგულისხმოა, რომ თამაში კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში “ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კომპიუტერული თამაშის შექმნა” გამარჯვებული პროექტის “ძლევაი საკვირველი” ფარგლებში შეიქმნა. თამაშზე კომპანია “სილესტიალ დიმენშენი” მუშაობდა.
ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როდესაც სახელმწიფო კომპიუტერული თამაშის შექმნას აფინანსებს. როგორც თავად აღნიშნავენ, სამინისტრომ ახალგაზრდების მზარდი ინტერესი გაითვალისწინა ციფრული მედიის მიმართ და სწორედ ამის საფუძველზე გადაწყდა ისეთი პროექტის წარდგენა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით გააცოცხლებს ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ თარიღს. თანაც, კონკურსი დიდგორის ბრძოლიდან 900 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოცხადდა.
უშუალოდ პროექტის პირველი ეტაპის რელიზი კი უკვე მაისის დასაწყისშია დაგეგმილი. სამინისტროს განცხადებით, სტრატეგიული თამაშის მეშვეობით, ბრძოლის მაქსიმალურად რეალისტური სურათის აღდგენა გახდა შესაძლებელი. თამაშის მექანიკა აგებულია ტაქტიკური სტრატეგიის პრინციპზე (მოთამაშის მიერ ბრძოლის იზომეტრიულ ხედვაზე). მეომრების აღჭურვილობა და ანიმაციურ ვიდეორგოლებში გადმოცემული ეპოქალური მოვლენები კი მაქსიმალურად ავთენტურია, ხოლო ილეთები ქართული საბრძოლო ხელოვნების ელემენტებზეა დაფუძნებული.
კომპიუტერული თამაშის შექმნის პროცესში პროექტის გუნდს კონსულტაციას უწევდა ისტორიკოსი, დავითის პერიოდის მკვლევარი მიხეილ ბახტაძე.