30
Jul
2018

10 წელი აგვისტოს ომიდან! – ყაყაჩოს გულსაბნევები და ომგამოვლილი ქალების მინანქარში ნაპოვნი ბედნიერება!

30 Jul 2018

უკვე 10 წელია, ყაყაჩომ 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპულთა მოსაგონარი სიმბოლოს მნიშვნელობა შეიძინა. ყოველწლიურად, უამრავი ადამიანი, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, ყაყაჩოს გულსაბნევს ატარებს და ამგვარად პატივს მიაგებს გმირების ხსოვნას. აგვისტოს ომის შედეგად, ათასობით ადამიანმა დატოვა სახლი, სადაც მშვიდობიანად ცხოვრობდა და წეროვანის დასახლებაში დაიდო ბინა. იყო იმედგაცრუება, ტკივილი, ცრემლები… სრული აგონია. ერთ დღესაც, წეროვანში ტიხრული მინანქრის კურსი გამოცხადდა და შესწავლის შემდეგ, მინიმალური ბიუჯეტით, სახელოსნო გახსნეს. ასე დაიწყო სოციალურ საწარმო “იკორთას” ისტორია, დევნილი ქალების სრულ ენთუზიაზმზე და მომავლის შიშნარევი იმედით. დაარსებიდან 5 წლის თავზე, სახელოსნოში მინანქრის ათი ოსტატი მუშაობს. თითოეულს განსხვავებული, მისთვის დამახასიათებელი ხელწერა აქვს. ამბობენ, რომ ესაა არტ-თერაპია, რომლითაც თავიანთი ტკივილს, ოცნებებსა და სიხარულს გამოხატავენ. თვლიან, რომ ფეხზე წამოდგომა შეძლეს და გაჩერებას არ აპირებენ. წელს, აგვისტოს ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით, ქაღალდისა და ნაჭრის ნაცვლად, ყაყაჩოს ფორმის მინანქრის გულსაბნევები გააკეთეს. დეტალებზე “იკორთას” დამფუძნებელს, ნანა ჩქარეულს ვესაუბრეთ.

M: რას ემსახურება “იკორთას” ყაყაჩოს გულსაბნევების იდეა?

ნანა ჩქარეული

გაზაფხულზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის მინდვრები წითლად შეიფერება, გაგვახსენებს ომში წასულ უსახელო გმირებს და გრძნობ, დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს თუ როგორ უნუგეშოდ აწვიმს. ყაყაჩო მსოფლიო ხალხებში უდანაშაულო სისხლის სიმბოლოდაა ცნობილი. ლეგენდებში პირველი ყაყაჩო ჯვარცმულ ქრისტეს სისხლის წვეთიდან გაიზარდა. პირველი მსოფლიო ომის დროს, ყაყაჩო გახდა გარდაცვლილი გმირების ხსოვნის სიმბოლო. ომში დაღუპული გმირების ხსოვნას მსოფლიო წითელი ყაყაჩოების სიმბოლოთი აღნიშნავს. ბოლო წლებში, ამ ტრადიციამ საქართველოშიც მოიკიდა ფეხი.

წელს 2008 წლის ომიდან 10 წელი სრულდება. გვინდოდა, ამ მოვლენასთან დაკავშირებით მინანქარში რაიმე ახალი შეგვექმნა. “იკორთამ” გადაწყვიტა ომში დაღუპული გმირების ხსოვნა ტიხრულ მინანაქარში გაეცოცხლებინა და სპეციალურად ამ დღისთვის, ყაყაჩოს გულსაბნევები შექმნა.

M: როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს ასეთ აქტივობას როგორც სოციალური საწარმოსთვის, ისე საზოგადოებისთვის?

ყაყაჩოს გულსაბნევი “იკორთასთვის” არის სიმბოლო, რომლითაც ომგამოვლილმა ქალებმა გამოხატეს თავიანთი დანაკარგი და რომლის საშუალებითაც სურთ მიაწვდინონ ხმა მთელ მსოფლიოს.

ამასთან, “იკორთას” ყაყაჩოს გულსაბნევის შეძენით, ერთი მხრივ, აქ დასაქმებულ დევნილებს ინტეგრაციას შევუწყობთ ხელს, ხოლო, მეორე მხრივ, სამოსზე დამაგრებული გულსაბნევით კიდევ ერთხელ ახსენებთ მთელ სამყაროს 10 წლის წინ მომხდარ ტრაგედიას.

M: სად და როგორ იქნება შესაძლებელი გულსაბნევების შეძენა?

ყაყაჩოს მინანქრის გულსაბნევის შეძენა შესაძლებელია ონლაინ შეკვეთით იკორთას ფეისბუქ გვერდზე და მას ადგილზე მოგიტანენ.

M: გვიამბეთ იკორთას შესახებ – რას საქმიანობთ?

“იკორთა” არის ტიხრული მინანქრის სახელოსნო წეროვანის დევნილთა დასახლებაში, სადაც ქმნის  სამოქალაქო და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ დევნილი ქალებისა და ახალგაზრდების დასაქმება, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და შემოსავლის ზრდა.

სახელოშნოში მზადდება ხელნაკეთი, ტრადიციული  სამკაული და აქსესუარები.

“იკორთამ” 2014 წელს დაინტერესებულ ადამიანებს შესთავაზა მინანქრის მასტერკლასიშექმენი  საკუთარი. ტიხრული მინანქრის ვორკშოპი მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ხელით შექმნან ქართული ხელნაკეთი სუვენირი და ჩაებან ინტერკულტურულ აქტივობაში.

თითოეული შეძენილი ნივთით თქვენ მხარს უჭერთ სოციალური მიზნის განვითარებასა და წვლილი შეგაქვთ დევნილთა დასაქმება-განვითარებაში.

M: საიდან მოდის სახელწოდება “იკორთა”?

სახელი “იკორთა” დაკავშირებულია მე-12 საუკუნის ტაძართან, რომელის ცხინვალის რეგიონში მდებარეობს, ქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმადგენს და დღესდღეობით, რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ლოგო 1908 წელს ახალგორში აღმოჩენილი ანტიკური ხანის (ძვ.წ. პირველი ათასწლეულის შუა ხანები) ოქროს სამკაულის დეტალია.

M: საიდან დაიწყო “იკორთას” ისტორია?

2008 წლის მოვლენების შედეგად, წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრება დაიწყო 8000-მდე ადამიანმა, რომელთაც ომის ტყვიებს სასწაულებრივად დააღწიეს თავი, დაკარგეს ახლობლები, მიიღეს ფიზიკური თუ სულიერი დაზიანება, ყოვედღიურად უწევდათ ომის შედეგებთან გამკლავება. არსებული გარემო ძალიან მძიმე იყო.

დევნილებს სჭირდებოდათ პრაქტიკული დახმარება, სადაც ისინი საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას შეძლებდნენ.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა სოციალური საწარმო “იკორთა”, სადაც დევნილ ქალებს პროფესიონალური ზრდისა და დასაქმების შესაძლებლობას მივცემდით. საწარმოს სასტარტო თანხა 700 ევრო იყო, რომლითაც 4 ქალისთვის ტიხრული მინანქრის სასწავლო კურსის ორგანიზება მოხერხდა. მოგვიანებით, საწარმო განვითარდა და 2017 წელი 80,000 ლარის ბრუნვით დახურა.

2014 წლიდან, “იკორთა”  სოციალურ საწარმოთა ორგანიზაციების ქსელს შეუერთდა. 2016 წლიდან კი, “სოციალურ საწარმოთა ალიანსის” თანადამფუძნებელი და „საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის“ წევრია.

დღეს, საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული და როგორც ისინი აღნიშნავენ, “იკორთა” მათთვის მხოლოდ სამსახური კი არაა, მეორე ოჯახად იქცა, სადაც ხელოვნების საშუალებით, ცდილობენ საკუთარი ისტორია, ფიქრები, სატკივარი, პრობლემები და სიხარულები ადამიანებს გაუზიარონ.

განხილვა