ყველას გვყავს მეგობარი, რომელიც ქუჩაში დანახულ ვერც ერთ კატას უვლის გვერდს, ან თვითონ ვართ ადამიანი, რომელიც კატებზე გიჟდება. ადრე, თუ გვიან, ასეთი ადამიანები გადაწყვეტენ კატის ყოლას და აი, სწორედ მაშინ იწყება სირთულეები, რომლებიც, ძირითადად, კატის განავალთან (სუნითურთ) გამკლავებას უკავშირდება. სახლებში, სადაც კატა ჰყავთ, შეხვდებით ქვიშიან ყუთებს – კატების საპირფარეშოებს, რომელთა დასუფთავების მისიაც მათ პატრონებს ეკისრებათ. თუმცა, ამ საკითხს, ისევე, როგორც ყოველდღიურობასთან დაკავშირებულ ბევრ დისკომფორტს, შეიძლება ტექნოლოგიური გადაწყვეტა მოეძებნოს.
ასე, iKuddle კატის საპირფარეშოა, რომელიც თვითონ იწმინდება. ეს არის მსუბუქი ყუთი, რომელშიც, ტრადიციული ყუთის მსგავსად, ყრია ქვიშა. მას შემდეგ, რაც ქვიშაში კატის განავალი აღმოჩნდება, ხოლო თვითონ კატა დატოვებს ყუთს, ის იწყებს წმენდის პროცესს – აცალკევებს განავალს ქვიშისგან და გადააქვს სპეციალურ პარკში. შედეგად, ყუთის ერთ მხარეს, დროთა განმავლობაში, სუნისა და სხვა გვერდითი ეფექტების გარეშე, გროვდება თავმოკრული პარკები, რომელიც კატის პატრონმა უნდა გადაყაროს.
კატის ჭკვიანი საპირფარეშო ლითიუმის ბატარეაზე მუშაობს და ერთ დატენვაზე, 50 დღის განმავლობაში გეყოფათ. გარდა ამისა, ყუთში ჩამონტაჟებული დეოდორული სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ საპირფარეშოს შიდა სივრცეში სასიამოვნო და ჯანსაღი სურნელი ტრიალებდეს. ყუთის შეძენა ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი და მისი ფასი, ამ ეტაპზე, 309 დოლარიდან იწყება.