in

„ილაპარაკე საქართველოსთვის“ — ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის კამპანია

დღესდღეობით ხელოვნური ინტელექტი ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე, ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომლის განვითარებისკენაც თითქმის მთელი მსოფლიო მიისწრაფვის. ბუნებრივია, ამ ლანდშაფტს არც ჩვენ ჩამოვრჩენილვართ — სტატიაში სწორედ საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) შესახებ ვისაუბრებთ, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე აღნიშნული ტექნოლოგიის განვითარებასა და ათვისებას უწყობს ხელს. 

რეალურად, GAIA-ს მთავარი მისია AI-ის მასობრივად დანერგვა და ათვისებაა, რაც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასაც შეუწყობს ხელს. თავის მხრივ, ეს მისია სამ მიზნად იყოფა: მოსახლეობაში AI წიგნიერების გაზრდა; ბიზნესების მხარდაჭერა, რათა მაქსიმალურად გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემების შემუშავებით შექმნილი შესაძლებლობები; და ქართული AI-ის განვითარება — მათ შორის ქართული ენის სწავლება ხელოვნური ინტელექტისთვის.

„ახლა ჩვენს პარტნიორებთან ერთად რამდენიმე ინიციატივაზე ვმუშაობთ — მათ შორის ქართულ ენაზე აუდიო მონაცემების შეგროვებაზე, რაც აუცილებელია, რათა AI-ს ქართული ესმოდეს. ილაპარაკე საქართველოსთვისჩვენი კამპანიაა, რომლითაც ყველას მოვუწოდებთ, ტელეფონშივე გაახმოვანოს 200 ან მეტი მარტივი ქართული წინადადება და ამით ჩვენი ენის დაცვის თუ AI-ისთვის სწავლებაში თავის წვლილი შეიტანოს“,განმარტავს გიგი გიორგაძე, GAIA-ს თანადამფუძნებელი.

GAIA-ს საქმიანობის შესახებ უფრო დეტალურად სწორედ გიგი გიორგაძე გვიყვება.

M: პირველ რიგში, ვისაუბროთ ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის შექმნის შთაგონებაზე — რატომ გადაწყვიტეთ და როგორი იყო საწყისი ეტაპი?

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA)-ს შექმნის იდეა მაშინ გამიჩნდა, როცა ჩემმა მეგობარმა და დღეს უკვე GAIA-ს თანადამფუძნებელმა, შოთა ელყანიშვილმა, ჩემთვის AI-ზე ლექციების ჩატარება დაიწყო. მაშინ უკეთესად გავიაზრე ამ ტექნოლოგიის პოტენციალი და არა აბსტრაქტულად, მომავალში და მსოფლიოსთვის, არამედ კონკრეტულად, ახლა და საქართველოსთვის.

დღეს AI-სთან და ზოგადად, უახლეს ტექნოლოგიებთან ადაპტირება არჩევანის კი არა დროის საკითხია ყველა ქვეყნისთვის. საქართველოში კი არ არსებობდა ერთიანი ხედვა ან გაერთიანება, რომელიც ტექნოლოგიის შესახებ ადამიანებში ცოდნის გავრცელების, ამ ტექნოლოგიის საქართველოში განვითარებისა და ათვისების ხელშეწყობაზე მუშაობდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ტექ სფეროსთვის უჩვეულო ფორმით — არაკომერციული ასოციაციით ვიმუშაოთ ამ მიზნისთვის.

პირველი ეტაპი ასეთი გაერთიანების საჭიროების და მიზანშეწონილობის გარკვევა იყო. ჯერ ნაცნობებთან, შემდეგ კი ამ სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებთან საუბარმა დაგვანახა, რომ ინიციატივა დროული და საჭირო იყო. შემდეგ ეტაპზე კი ამ ადამიანების დარწმუნებისკენ მივმართეთ ძალისხმევა — მათთვის უნდა გვეჩვენებინა, რომ ვენი ხედვა არა უბრალოდ მორიგი იურიდიული პირის დარეგისტრირება, არამედ შედეგებზე ორიენტირებულად საქმის კეთება იყო. მათი ჩართულობის გარეშე კი ეს საქმე არ გამოვიდოდა.  შევძელით და დღეს GAIA ქართული AI-ის და მონაცემთა მეცნიერების ბევრ მნიშვნელოვან ადამიანს აერთიანებს, დანარჩენებს კი ჩვენს წევრებად ვიწვევთ.

შემდეგი ეტაპი კი ამ ადამიანები დარწმუნება იყო, რომ ჩვენი ხედვა არა უბრალოდ მორიგი იურიდიული პირის დარეგისტრირება, არამედ შედეგებზე ორიენტირებულად საქმის კეთება იყო. მათი ჩართულობის გარეშე კი ეს საქმე არ გამოვიდოდა. საბედნიეროდ, ეს შევძელით — დღეს GAIA ქართული AI-ის და მონაცემთა მეცნიერების ბევრ მნიშვნელოვან ადამიანს აერთიანებს, დანარჩენს კი ჩვენს წევრებად ვიწვევთ.

ყველაზე მეტად იდეის სისწორეში მაშინ დავრწმუნდით და ჩვენი ენთუზიაზმიც მაშინ გაიზარდა, როცა გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე ადამიანების რიცხვმა მოლოდინს 3-ჯერ გადააჭარბა.

M: საინტერესო, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მომხმარებელთა ჩართულობას განვითარების პროცესში?

მომხმარებლების ჩართულობა საქართველოში AI-ის განვითარებისა და ათვისების საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს იმიტომ, რომ დიდი კომპანიებისთვის ქართულის მსგავსი მცირე მასშტაბის თუ რესურსების მქონე ენებზე მუშაობა და ამ ენებზე პროდუქტების შექმნა პრიორიტეტი არაა. მართალია, Anthropic-მა გამოუშვა Claude 3 მოდელი, რომელიც ქართულად ძალიან კარგად ლაპარაკობს, მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ყველა სიკეთე ქართველებისთვისაც ხელმისაწვდომია. ჩვენ გვჭირდება, რომ გვქონდეს ქართულად მომუშავე AI და ამისთვის მონაცემები, ხმოვანი თუ ტექსტური, თავადვე უნდა შევქმნათ ან შევაგროვოთ.

მეორე მხრივ, AI-ის ბევრი ხარჯის დაზოგვა შეუძლია კომპანიებისთვის — თუ მომხმარებლებს ანუ ჩვენ ყველას გვექნება AI ტექნოლოგიებთან, მათ შორის ჩატბოტებთან და ხმოვან AI ასისტენტებთან მუშაობის უნარი, კომპანიებიც შეძლებენ ამ პროდუქტების უფრო თამამად დანერგვასა და პროცესების ოპტიმიზაციას.

M: როგორ ზრუნავთ იმაზე, რომ ადამიანებისა და ბიზნესებისთვის ხელოვნური ინტელექტი უფრო ადვილად გამოსაყენებელი გახდეს?

ყველა ტექნოლოგიის ათვისება მის შესახებ ცოდნის მიღებით იწყება. ჩვენც ახლა ვმუშაობთ რამდენიმე კომპანიასთან, რომ მენეჯმენტში და თანამშრომლებში AI-ის და ზოგადად მონაცემების გამოყენების ღირებულების და მეთოდების შესახებ ცოდნის დონე გაიზარდოს.

თუმცა ეს არაა საკმარისი — მნიშვნელოვანია, რომ ცნობიერება უფრო მასობრივად ამაღლდეს და ინფორმაციული ხელმისაწვდომობა ყველასთვის გაიზარდოს. უფრო მასობრივად ცნობიერების ასამაღლებლად კი ციფრულ კამპანიას და საინტერესო, ახლებურ ღონისძიებებს (საჯარო ლექციებს) ვგეგმავთ.

M: ისე, როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობისაა ზოგადად საქართველოს ტექნოლოგიური ლანდშაფტისთვის GAIA-ს საქმიანობა?

საქართველო ევროპის ერთ-ერთ ტექნოლოგიურ ჰაბად ყალიბდება. მაგალითად, IT სერვისების ექსპორტმა 2023 წელს 700 მილიონ დოლარს მიაღწია. თუმცა, AI-ის განვითარებასთან ერთად, ტრადიციულ პროგრამირებაზე და IT სერვისებზე მოთხოვნა შემცირდება — შესაბამისად, გაიზრდება კონკურენცია, მათ შორის რეგიონში, ახალ ტექნოლოგიებზე და მათ კომერციალიზაციაზე. ამიტომ, AI-ის განვითარებაზე, ჩვენი სამუშაო ძალის გაზრდაზე, პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, კვლევების კულტურის ჩამოყალიბებასა თუ ბიზნესში და ყოველდღიურ საქმიანობაში AI-ის გამოყენებაზე მუშაობა დროულად და აქტიურად უნდა დავიწყოთ.

GAIA-ში გვინდა, რომ საქართველოს ტექნოლოგიურ საზოგადოებაში ახალი თემები და საკითხები შემოვიტანოთ, რომელზეც შეიძლება ახლა სულ რამდენიმე ჯგუფი ფიქრობს და მუშაობს. ასევე, განვავითაროთ კვლევები და ხელი შევუწყოთ AI ტექნოლოგიების საქართველოში შექმნასა და ათვისებას. ამის ყველაზე სწორ გზად ახლა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას მიგვაჩნია, თუმცა, განვითარებასთან ერთად, ჩვენი ფოკუსიც შეიცვლება.

2024 წლის გაზაფხულზე AI ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარების ტოპ 3 პრიორიტეტშიც დასახელდა; ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ასოციაციის საქმიანობა სულ უფრო საჭირო და აქტუალური ხდება, ჩვენი ენთუზიაზმი თუ მიზნები კი სულ უფრო გაიზრდება.

M: GAIA-ს სამომავლო გეგმებზეც ვისაუბროთ…

ჩვენი უახლოესი გეგმაა, რომ შემოვიერთოთ ყველა, ვინც საქართველოში ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით მუშაობს და ჩვენი ქომუნითი გავაძლიეროთ. თუმცა ჩვენი წევრები არამარტო AI-ში მომუშავე პროფესიონალები არიან, არამედ ის ადამიანები და კომპანიები, რომლებსაც AI ბიზნეს ან პირადი საქმიანობის გამო აინტერესებთ.

ივნისში კი ევროპას AI-ის მიმართულებითაც მივუახლოვდებით და ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი AI ასოციაციის — European AI Forum-ის ასოცირებული წევრები გავხდებით.

2024 წელს ბევრი საინტერესო სექტორული ღონისძიება, ცნობიერების ამაღლების პროექტი, უცხოელი სპიკერები გვეყოლება და პარალელურად პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ, რათა ქვეყანაში AI ინფრასტრუქტურა, მონაცემთა ბაზები და საგანმანათლებლო პროგრამები განვითარდეს, ხოლო ბიზნესებმა საკუთარი მონაცემების მონეტიზაცია უკეთ შეძლონ.


ავტორი: ქეთია ბელქანია

Nasa „მთვარის საათს“ ქმნის

შესაძლოა, Google Search-ს ფასიანი AI ფუნქციები დაემატოს