in

“ვერ მოიცილებ, სანამ არ გადმოიტან” – მხატვარი ილია ბალავაძე


“ილია ბალავაძე არის მხატვარი,” – ასე აღგვიწერს თავს თვითონ. შეიძლება ითქვას, რომ თავისი სტილით გამორჩეული მხატვარია, რადგანაც მის შემოქმედებაში უამრავ უცხო, საინტერესო და ორიგინალურ დეტალს იპოვით. თანამედროვე ქალაქის ქუჩებით დაწყებული, მინდვრებითა და ყანებით დამთავრებული, თითქმის ყველა ტიპის გარემოს აღმოაჩენთ მასში. და რაც მთავარია, მის შემოქმედებაში ადამიანები ჭარბობენ – როგორც თავად გვეუბნება, ეს მისი თვითგამოხატვის სტილია, ენაა, რომლითაც მეტყველებს.

არასდროს არაფერი განსხვავებული არ მიკეთებია; თუნდაც შესაძლებლობა რომ მქონოდა და პირობები გამეუმჯობესებინა, უბრალოდ არ მაინტერესებდა ხატვის გარდა არაფერი. ცოტა სახიფათოა ასეთი საუბარი, მაგრამ არც მომავალში ვაპირებ რაიმე განსხვავებულის კეთებას.

M: როდის შედგით ხელოვნების სფეროში პირველად ფეხი და რა იყო ამის მიზეზი? როგორ გახსენდებათ თქვენი პირველი ნაბიჯები ხელოვნებაში?

მე მხატვრის ოჯახში დავიბადე და რასაც ვხედავდი, თუ მესმოდა, ყველაფერი ხელოვნებას უკავშირდებოდა, არამარტო ოჯახში, მთელი ჩვენი უბანი მხატვრების დასახლება იყო (გურამიშვილის 10). ბევრი საინტერესო მხატვარი, შემოქმედი ხალხი ცხოვრობდა იქ. დღესაც ზოგიერთი მათგანი აქტიურად არის ჩართული ხელოვნებაში. ერთგვარად, ჩვენ ერთმანეთს ვავითარებდით. მიყვარდა ჩემი უბანი, 3 წლის ასაკში უკვე ვხატავდი და პირველი მცირე გამოფენა ბაღში მომიწყეს. საინტერესოა, ვიქნებოდი თუ არა მხატვარი ასეთ გარემოში რომ არ მეცხოვრა და მამაჩემსაც ასეთი რჩევა, რომ არ მოეცა, არ ვიცი, რთული სათქმელია.

M: პროფესიით ვინ ხართ და სად გაქვთ განათლება მიღებული? როგორ გახსენდებათ ეს წლები?

აკი გითხარით, ახლაც ვხატავ. ჯერ ნიკოლაძის სამხატვრო ტექნიკუმი დავამთავრე, შემდეგ – სამხატვრო აკადემია, სულ მთლიანად ალბათ 9 წელი ვისწავლე. დღეს რომ ვუყურებ, შეიძლება შეცდომა იყო ამდენი სწავლა, არა სწავლის საწინაამდეგო არაფერი მაქვს, თუმცა, დამოკიდებულებები რომ მახსენდება, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წლები დავკარგე. თუმცა კი, ასეთი სასწავლებლები თავისუფლებას მაძლევდა. ხომ წარმოგიდგენიათ, საბჭოთა კავშირის დროს ეს რა აუცილებელი რამ იყო. სხვა მხრივ, ბევრი არაფერი მისწავლია, პირიქით – რაღაც ჩემი დავკარგე და ახლაც მის აღდგენაზე ვმუშაობ. არ ვწუწუნებ, უბრალოდ ხატვის სწავლას კიდევ სხვა რამ სჭირდება..

M: როგორი იყო თქვენი მუშაობის სპეციფიკა ადრეულ პერიოდში? რომელ მედიუმებში ქმნიდით ნამუშევრებს?

ძირითადად, დაზგური ფერწერა. ესეც იმ დროინდელი სახელწოდებაა – ასე ერქვა ჩვენს კათედრას. ეს გულისხმობს ზეთის საღებავებში მუშაობას. თუმცა, აკადემია რომ დავამთავრე, შემდეგ რადიკალურად შევიცვალე და სხვა მედიუმში დავიწყე მუშაობა. გავეცანი საეკლესიო ხელოვნებას და, შესაბამისად, მომიწია სხვა ტექნიკაში მუშაობა. ძირითადად, გაჯზე ვმუშაობდი პიგმენტებით და კვერცხის ემულსიით. დიდი გამოცდილება მივიღე, არასდროს მანამდე ასეთი გიგანტური ფიგურები არ დამიხატავს. საოცარ მონუმენტურობას განვიცდიდი, თვითონ ვიღებდი მონაწილეობას ხარაჩოს აშენებაში და ძალიან მაღალ სიმაღლეებზე მიწევდა ხატვა, ზოგი ფიგურა სამი სართულის სიმაღლის იყო და ახლოდან მიწევდა მუშაობა. ვერც შორიდან ვაკონტროლებდი პროპორციებს, კომპოზიციებს ხარაჩოები ეფარებოდა; ყველაფრის სწავლა მიწევდა მოკლე დროში, პედაგოგები ამ საქმეში არ არსებობდნენ და საკუთარი გამოცდილებებით ვვითარდებოდით. შემეცვალა დამოკიდებულებები და ფრესკების ხატვის დროს საერთოდ არ ვფიქრობდი საერო მხატვრობაზე. ასე ალბათ 20 წელი გავატარე. ვმოგზაურობდი საქართველოს სხვადასხვა მხარეში და ბევრი ტაძარი მოვხატე.

M: ახლა რას საქმიანობს ილია ბალავაძე? რომელ მედიუმებში მუშაობთ?

ახლა ისევ ზეთს დავუბრუნდი, თუმცა, ზოგჯერ პიგმენტსაც ვიყენებ. წებოში ვხსნი და შემდეგ მასზე ზეთის საღებავიც დამაქვს. საერთოდ მომწონს სხვადასხვა ფაქტურაში მუშაობა, გააჩნია რას გთავაზობს ნამუშევარი.

M: საიდან მოდის ხოლმე შთაგონება ნამუშევრის შესაქმნელად?

საინტერესო კითხვაა. ხან საიდან და ხან საიდან – ზუსტად არ მახსენდება, მაგრამ კარგად ვიცი, როგორ მოდის. ვერ მოიცილებ, სანამ არ გადმოიტან. მაგით სიარულს არავის ვურჩევ, ჯობია მოიცილო, უბრალოდ კარგია თუ კარგად მოიცილებ და ზუსტად შემოსავ. ჯობია ამაზე ცოტა ვისაუბრო, ზოგჯერ გაუგებარი ხდება ხოლმე საუბარი..

M: რა პირობები გჭირდებათ საიმისოდ რომ იმუშაოთ?

ეს რომ ვთქვა, შეიძლოება ძალიან გაგაკვირვოთ, ძალიან მოკლედ ვიტყვი – ყველაფერი, უბრალოდ რაც მაქვს, იქაც ბევრი რამის გაკეთება შეიძლება.

M: გკითხავთ თქვენს გამოფენაზე დედიკას გალერეაში – რა თემას ეძღვნება, რა შინაარსი დევს ამ გამოფენაში?

იცით, ეს გამოფენა უბრალოდ პროტესტია და თან ცოტა ექსპერიმენტიც ძალიან მძიმე, ღრმა სიმბოლიკებით სავსე, თითქმის ქადაგებამდე დასული თემების საწინამდეგოდ. არა, არაფერი მაქვს ასეთ თემების მიმართ საწინააღმდეგო, მე ხომ 20 წელი სულ სიმბოლიკაზე ვიმუშავე, სადაც ესთეტიკა საერთოდ სხვანაირად აღიქმებოდა. ზოგჯერ გამომეტყველებას ალეგორიული თხრობა ჰქონდა, ვიდრე კონკრეტული ადამიანის სახე, მაგრამ დღეს ეს ხომ ექსპერიმენტია და ვცადე, თემა, რომელიც არაფრით გამოირჩევა და არც დიდ ყურადღებას იქცევს, საიდუმლოებით მოცული გამეხადა. არტისტი ხომ შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში საიდუმლოებებს ხსნის და გამოცდილებებად აგროვებს, მინდოდა, რომ ყველაზე ბანალური თემებიც ლამაზად გამოწყობილი ქალბატონებივით შემოსილიყვნენ.

M: თქვენს ნამუშევრებში ჭარბობენ ადამიანები – რა დატვირთვა აქვთ მათ და როგორ ფიქრობთ, რის თქმას ცდილობენ ისინი აუდიტორიისთვის?

ახალს არაფერს ვიტყვი. ადამიანები იქნებიან ჭარბად თუ საგნები, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს შეხებებია, რომელიც შენ გეხება და ენა, რითაც მეტყველებ. აი, რაც ზემოთ გითხარით, ის კი მნიშვნელოვანია ჩემთვის. ნამუშევარი საიდუმლოებებს უნდა ატარებდეს და აუდიტორიას ამ საიდუმლოების დანახვის შესაძლებლობას  აძლევდეს. ერთია, რასაც ხედავ და მეორე – რაც უნდა დაინახო. არ იფიქროთ, რომ ამას მოვითხოვთ,ზოგჯერ მეჩვენება, რომ ჩვენ ნამუშევრებს სხვები უკეთ კითხულობენ, ამიტომაც ზოგჯერ ჩემს გამოფენაზე უცხოდ და უხერხულად ვგრძნობ თავს, ზოგჯერ არ ყოფნით ნამუშევრებს ამდენი ხალხის განსხვავებული ენერგიის ზიდვა და დაუცველობის განცდას გიტოვებს. ძალიან კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ, ზოგჯერ – ზედმეტად. ზომიერება არ მაწყენდა.

M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

მე მომავალს განვითარებას დავარქმევდი და ყველა ჩემს გეგმას მას დავუკავშირდებდი. სოციალური არ ვარ, მარტოობა მიყვარს და რომ არა გამოფენების აუცილებლობა და მისგან გამოწვეული მხატვრისათვის საარსებო პირობების გაუმჯობესება, ბევრ დროს ექსპერიმენტებს დავუთმობდი და ყველა საჭირო ეტაპს ძირფესვიანად გამოვიკვლევდი. ცოდნის მიღებას დღეს განსხვავებულად ვუყურებ და მისთვის დახარჯული არც ერთი წამი არ მენანება. მიყვარს სიახლეები და მალე მბეზრდება ერთდაიგივეობა. ჩემი სამომავლო გეგმებიც უკვე მოგიყევით.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე


Amazon-მა, ტანსაცმლის ონლაინ საცალო ვაჭრობით, Walmart-ს გადააჭარბა

Central Banking-მა ეროვნული ბანკი 2020 წლის ყველაზე გამჭვირვალე ცენტრალურ ბანკად აღიარა