რა შეუძლია ადამიანს, რომელიც ცნობისმოყვარე ბავშვობიდან, სამყაროს შემეცნების სურვილით იწყებს? არის თუ არა ეს დასაწყისი ყველასთვის ერთი, და თუ ასეა, რა განაპირობებს იმას, რომ ზოგნი საუკუნის ადამიანებად იქცევიან, პიროვნებებად, რომლებიც ქმნიან კულტურას, სოციალურ-პროგრესულ აზროვნებას, ზოგნი კი ასეთი ადამიანების მკვლელები ხდებიან?
ილია ჭავჭავაძე – ადამიანი, რომელმაც ქართველი ერის მოძრაობის თანმიმდევრული და დამაჯერებელი კონცეფცია, ერთგვარი რეცეპტი შექმნა ეროვნული ჩაგვრისგან თავისუფალი და სოციალურად თანასწორი საზოგადოებისთვის. მისი განმანათლებლური იდეების, პუბლიცისტიკის, მწერლობის, პოეზიისა თუ სოციო-კულტურული და ეკონომიკური როლის ერთ სტატიაში მოქცევა რთული იქნება. ამიტომაც, წარმოგიდგენთ მას ნაკლებად ცნობილი, ერთი მიმართულებით – ბიზნეს აზროვნების ჭრილში, როგორც პირველ ქართველ ბანკირს, რომელმაც შექმნა საბანკო დაწესებულების მიერ კერძო ინტერესების უარყოფის პირველი და უკანასკნელი პრეცედენტი საქართველოში. უფრო კონკრეტულად კი, საფუძველი ჩაუყარა პირველი ქართული ბანკის საზოგადო ღირებულებებს და 32 წლის განმავლობაში მართა ბანკი, რომელიც ილია ჭავჭავაძისთვის იყო „ის მოედანი, რომელზეც უნდა აღიზარდოს, ფეხი აიდგას, გაიწურთნოს, გაინავარდოს ჩვენმა თვითმოქმედებამ, ჩვენმა ზნეობრივმა ძალ-ღონემ. ვისაც ჩვენი ქვეყანა გულწრფელად უყვარს და ჩვენთვის კეთილი არ შურს, ის დიდის სიფრთხილით, დიდის მოსაზრებით უნდა ეკიდებოდეს ყოველს საგანს, ყოველს აზრს ბანკის შესახებ“.
ილია ჭავჭავაძის მიერ, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის მმართველობის განმავლობაში, 2 მილიონამდე მანეთი გაიცა საზოგადოებრივი საჭიროებების მხარდასაჭერად, რადგან მის მიერ გათვალისწინებული წესდების მიხედვით, ბანკის მოგების 40%, (შემდგომში 35), სწორედ განათლებისა თუ საზოგადოებრივი ღონისძიებების მხარდასაჭერად გამოიყოფოდა. სანამ უშუალოდ, მისი ცხოვრების ამ პერიოდზე გადავიდოდეთ, მოკლედ მიმოვიხილოთ ის კონტექსტი, რომელიც ილია ჭავჭავაძის, როგორც საზოგადო მოღვაწისა და ბიზნეს მოაზროვნის საფუძვლად შეიძლება ჩავთვალოთ.
ილია ჭავჭავაძე 1837 წლის 27 ოქტომბერს, სოფელ ყვარელში, თავადის ოჯახში დაიბადა. „სწავლა 8 წლისამ დავიწყე, ჩვენი სოფლისავე მთავარ დიაკვანთან(..), ვსწავლობდი ამავე ჩემ სამშობლო სოფლის გლეხკაცების შვილებთან, რამდენადაც მახსოვს, ხუთნი თუ ექვსნი იყვნენ. მეთერმეტე წელში რომ გადავდექი, მამამ ქალაქში წამიყვანა და მიმცა რაევსკისა და ჰაკკეს პანსიონში. 15 წლისა ვიყავი, როცა ამ პანსიონიდან ტფილისის გიმნაზიაში შევედი. მეოთხე კლასში მიმიღეს და ბინით კი ისევ პანსიონში ვიყავი… გავათავე მერვე კლასი, მხოლოდ საბოლოო ეგზამენი აღარ დავიჭირე და 1857 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტში შევედი იურიდიულ ფაკულტეტის მაშინდელ კამერალურს განყოფილებაზედ“, – წერს ილია ავტობიოგრაფიაში.. სწორედ ამ წელს იწყება მისი სალიტერატურო მოღვაწეობა, როცა „ცისკარში“ დაიბეჭდა მისი რამდენიმე ლექსი.
„უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტიკური და ეკონომიკური სამეცნიერო საგნები აინტერესებდა. (…) ჩვენ სტუდენტები, ხშირად ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო კითხვებზედ, აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულს სამშობლოს მომავალზედ“, – იხსენებს ალექსანდრე (კოხტა) აფხაზი.
სტუდენტობის 4 წელი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მისი, როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის სოციალურ-პროგრესული, ფილოსოფიური და ესთეტიკური ღირებულებების ფორმირებისათის. თუმცა, „1861 წელს უკვე მეოთხე კურსზედ ვიყავ, მაგრამ გავანებე თავი უნივერსიტეტს მაშინ საუნივერსიტეტო არეულობის მიზეზით“.
ილიას დროს, პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი და სწორედ ისინი შეადგენდნენ იმ ბირთვს, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შეადგინა „პირველი დასი“. ასევე, ამ პერიოდში შეიქმნა რუსეთში ქართველი სტუდენტობის „თერგდალეულთა“ ტრადიციები.
24 წლის ილიასთან ერთად, სამშობლოსკენ მგზავრობდა კითხვა: „როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას, როგორ შემეყრება იგი მე? რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე?“ სწორედ, ამ კითხვისა და ქვეყნის წინაშე საკუთარი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობის კვალდაკვალ, რუსეთიდან დაბრუნებულმა ილიამ სამშობლოს ბევრი ახალი რამ „უთხრა“ და ეს სიახლე მოიცავდა სოციალურ-კულტურულ ძვრებს, პუბლიცისტიკას, ლიტერატურას, ეკონომიკურ ცნობიერებას, ილიას საქმიანობას კი ყველაზე კარგად სიტყვათა შეთანხმება – ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა გამოხატავს, რადგან ის იყო სწორედ ის საჭირო და უპირობო მოძრაობა, რომელმაც ეროვნული ცნობიერების კალაპოტები შექმნა.
1863 წელს ილიამ შექმნა ჟურნალი „საქართველოს მოამბე“, რომელმაც ერთ წელიწადს იცოცხლა, ამავე წელს იქორწინა მან საგურამოს მფლობელ თავად თადეოზ გურამიშვილის ასულ ოლღაზე, ხოლო კავკასიის მეფისნაცვლის 1868 წლის 1 თებერვლისს ბრძანებით, თავადი ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე დაინიშნა თბილისის გუბერნიის დუშეთის მომრიგებელი განყოფილების მომრიგებელ მოსამართლედ, წლიური ხელფასით – 2400 მანეთი, შემდეგ — საქართველოში საგლეხო რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით — მომრიგებელ შუამავლად აღმოსავლეთ საქართველოში. „მომრიგებელ მოსამართლედ ვიყავ 1874 წლამდე“, – წერს ილია ავტობიოგრაფიაში.
„დღეს, თვითეული ჩვენგანი ჰგრძნობს, რომ აქამომდე მივიწყებულს ეკონომიკურს მხარეს ჩვენის ცხოვრებისას პირველი ადგილი უნდა დაეთმოს სხვა საზრუნავთაშორის; რომ ეკონომიკური ცხოვრების მოედანზე უნდა ვეძიოთ ღონე ჩვენის გაძლირებისა, ტანში გამართვისა და აქ უნდა გავისარჯნეთ და ვიამაგოთ“, – ამბობს ილია. ილიამ ბანკი გადააქცია ქართველი ხალხის ეროვნული თვითშეგნების ამაღლების, საკუთარი ქვეყნის განვითარებაში წარმოების როლის და ამასთან, ეკონომიური წინსვლის მნიშვნელობის გააზრების ერთ-ერთ ინსტრუმენტად.
პირველი ქართული ბანკის ისტორია კი ასე დაიწყო: გლეხების ყმობიდან გათავისუფლებისათვის უმაღლესმა ხელისუფლებამ მემამულეებს მისცა გარკვეული თანხა. სწორედ, ამ თანხის ნაწილის საფუძველზე საზოგადო მოღვაწემ – დიმიტრი ყიფიანმა, წამოაყენა ბანკის დაარსების იდეა, მანვე შეიმუშავა ბანკის საგანგებო წესდების პროექტიც, რომელიც თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ 1867 წლის 6 მაისს ერთხმად მოიწონა, ხოლო 8 მაისის სხდომაზე შეირჩა ბანკის საბოლოო წესდების პროექტის შემმუშავებელი სარედაქციო კომიტეტი, გრიგოლ ორბელიანის, დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძისა და სხვათა შემადგენლობით. სწორედ, ამ დღიდან იწყება ილია ჭავჭავაძის ბრძოლა პირველი ქართული ბანკის საზოგადო ინტერესებისთვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო სოციალური მოვლენის – გლეხების გათავისუფლების საფუძველზე მიღებულ ფინანსებზე დაშენებული დაწესებულება, თუმცა, დ. ყიფიანს აღნიშნული ბანკი წარმოედგინა ისეთ ორგანოდ, რომელიც თავადაზნაურობაზე სესხს გასცემდა დაბალი პროცენტით, ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, ბანკი დამგირავებელს მამულს არ გაუყიდდა, იგი დროებით ბანკის საკუთრებაში გადავიდოდა და სესხის დაფარვის შემთხვევაში, პატრონს დაუბრუნდებოდა. ბანკის წესდების შემმუშავებელი სარედაქციო კომიტეტის წევრი ა.ზუბალაშვილი, დ. ყიფიანის წესდების პირველ პროექტზე აღნიშნავდა, რომ გამდიდრების, ანუ კომერციული წესი ყველა ბანკს აერთიანებს. ბანკში დაგირავებული მამულის გაუყიდველობის იდეას ის ჰუმანურად მიიჩნევდა, თუმცა, ამავე დროს ამბობდა, რომ პრაქტიკაში მისი განხორციელება შეუძლებელი იყო, რადგან ბანკი, რომელიც ამ პრინციპით იმუშავებდა, მალე გაკოტრდებოდა.
ილია ჭავჭავაძეს ესმოდა კომერციულ და საზოგადოებრივ ბანკს შორის განსხვავება, რომელიც ბანკის მოგების განაწილებაში მდგომარეობდა, მისი სურვილი კი პირველი ქართული ბანკის სოციალური მიზნებისთვის გამოყენება იყო, ასევე, ის იაზრებდა საკრედიტო ვალდებულებასთან დაკავშირებული არამკაცრი კანონის შესაძლო, ფატალურ შედეგებს, ამიტომაც, აფრთხილებდა კომიტეტის წევრებს: „ბანკი თავადაზნაურობამ დააწესა იმ განზრახვით, რომ მისგან შეწირული ფული სესხად მოეფინოს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ისე მოეფინოს, რომ მაგ ფულს ერთი გროშიც არ დაეკარგოს, სესხმა ფული ასარგებლოს, ფულმა ფული მოიგოს და მხოლოდ ამ მოგებიდან უფრო ბევრი წილი ჩვენი ქვეყნის საერთო საჭიროებას მოხმარდეს და ზოგი კიდევ ღარიბთაც გაუნაწილდეს, იმ ღარიბთა, რომლებიც რომელიმე უბედურების გამო სიღარიბეში ჩაცვივნულან და არა იმათ, ვინც გულაღმა წვანან, გულზე ფაფუკი ხელები დაუკრეფიათ, პირი დაუღიათ და ჰყვირიან, მასვით და მაჭამეთო“ (გაზ.„დროება“, 1875, #15).
1872 წლის 7 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე ბანკის მმართველად აირჩიეს. ადგილზე პროექტის მოგვარების შემდეგ, ილია დავით ყიფიანთან და დიმიტრი ყაზბეგთან ერთად რუსეთში წავიდა, რადგან ბანკის ამოქმედებისთვის საჭირო იყო პეტერბურგში, ფინანსთა სამინისტროსგან წესდების დამტკიცების დაჩქარება და საბანკო ოპერაციების შესწავლა. „მეც ამ საქმის გულისათვის სახელმწიფო სამსახურს თავი დავანებე და პეტერბურგს წავედი“, – წერს ილია ავტობიოგრაფიაში.
სახელმწიფო სამსახურ მიტოვებულ ილიას პეტერბურგში, ბანკის წესდების დამტკიცების საკითხში დაბრკოლებები ექმნება, ბანკის დირექტორები, რომლებიც თან ახლდნენ მას, საქართველოში ბრუნდებიან, მარტო დარჩენილი კი ახერხებს, შეაღწიოს მოსკოვისა და პეტერბურგის ბანკებში და საფუძვლიანად გაეცნოს საბანკო საქმის წარმოებას, ამისათვის, მას ათი თვე აქვს, იმპერიის ბიუროკრატულ აპარატთან ბრძოლა კი ილიას გამარჯვებით მთავრდება: 1874 წლის 28 მაისს ფინანსთა მინისტრმა რეიტერნმა დაამტკიცა ბანკის წესდება. 1875 წლის 28 იანვარს გაიხსნა თბილისის გუბერნიის საადგილმამულო ბანკის დამფუძნებელთა კრება. კრებაზე, ილიამ თავის საპროგრამო სიტყვით გადმოსცა ბანკის სახელმძღვანელო პრინციპები. პირველ რიგში კი, მკაფიოდ დააფიქსირა ბანკის სოციალური მიზნები, ის, რომ ბანკის მოგების გახარჯვისას, დიდი პრიორიტეტი ენიჭებოდა საზოგადო საჭიროებებს და არა კერძო ინტერესებს.
მოგვიანებით ილია წერდა, რომ „ტფილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი თითქმის ერთადერთი დაწესებულებაა საადგილმამულო კრედიტისა რუსეთში, რომლის წესდებითაც სრულიად უარყოფილია კერძო ინტერესი მოგებით სარგებლობისა“.
დაიწყო ბანკმა მოქმედება და, თუმცა ძირს თანხად ჰქონდა 240 000 მანეთი, დღეს იმ მდგომარეობამდე მიაღწია, რომ ყოველწლივ 360 000 მანეთზედ მეტს მოგებას იძლევა. თან ძირის თანხაც, თავად-აზნაურთაგან შემოტანილი ბანკის დასაფუძნებლად, უკვე უკან დაუბრუნდა თითოეულს დამფუძნებელს წევრს. ამჟამად, ბანკის მოგებით ინახება ერთი კერძო გიმნაზია და, თუმცა გიმნაზიაში პანსიონიც არის უღარიბეს თავად-აზნაურების შვილებისათვის, მაინც ამ სკოლაში ყველა წოდების ბავშვები სწავლობენ. ამის გარდა, ამ მოგებით ინახება ერთი სამეურნეო სკოლა, რომლებშიაც იღებენ ასევე ბავშვებს, წოდების განურჩევლად“, – წერდა ილია ჭავჭავაძე, 1902-1903 წლებში.
ილიას მიზანი, გარდა გონივრული კრედიტით ქვეყანაში წარმოების გაძლიერებისა, განათლების მიმართულებისა თუ სხვადასხვა საზოგადოებრივი ღონისძიებების საჭიროებების ფინანსური მხარდაჭერა, ეროვნული საქმის კეთება იყო, რასაც პირველი ქართული ბანკი ასე წარმატებით ახერხებდა. ბანკთან შეიქმნა საგანგებო ფულადი ფონდი „საერთო-სასარგებლო კაპიტალის“ სახელწოდებით, რომლის პირდაპირი დანიშნულება იყო ქართული სკოლების, საზოგადოებრივ-კულტურული დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, სხვადასხვა ეროვნული მნიშვნელობის ღონისძიებების ფულადი დახმარება. ბანკის პირველი წესდების (1874წ.) მიხედვით აღნიშნულ ფონდში გადაირიცხებოდა წმინდა მოგების 40%, ხოლო 1881 წლიდან – 35%. აღსანიშნავია, რომ ბანკმა ილიას 32 წლოვანი ხელმძღვანელობის პერიოდში, სულ 2 მილიონამდე მანეთი გასცა მსგავსი საზოგადოებრივი საჭიროებების მხარდასაჭერად.

ბრძოლა ბანკის მოგებიდან თანხის საზოგადო საჭიროებებისთვის გამოყოფისათვის
თუ რა დიდი ბრძოლა უხდებოდა ილიას ბანკის მოგებიდან თანხების გაცემაზე, კარგად ჩანს 1888 წლით დათარიღებული ერთ-ერთი კრების ოქმიდან, რომელიც ქართული თეატრის განვითარებისთვის და მისი შენობის შესაკეთებლად თანხის გამოყოფის საკითხს ეხება. კრებამ გადაწყვიტა ქართულ თეატრს დახმარებოდა 30 ათასი მანეთით, ილიამ კი გასცა 100 ათასი. ზედამხედველობის კომიტეტის წევრები ადანაშაულებდნენ ბანკის გამგეობას, პირველ რიგში კი, ილიას და აცხადებდნენ, რომ ზედმეტად გაცემული თანხა დამფუძნებლებზე უნდა გადანაწილებულიყო. ილიამ კრებას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ჩვენ წინადაც გვითქვამს და ეხლაც ვამბობთ, რომ თეატრს დიდ მნიშვნელობას ვაძლევთ, ჩვენი საზოგადოებისათვის ეს ისეთი საქმეა, რომელსაც ყოველმა ქართველმა შეძლებისამებრ ხელი უნდა მოუმართოს, სახელი და დიდება თბილისის ბანკს, რომ ქართული თეატრი საზოგადო საქმედ სცნო და ფული გამოუყო… მიგვინდია თქვენი განაჩენი მასზე, წავახდინეთ თქვენი მინდობილი საქმე თუ გავაკეთეთ“. ილიას ამ ნაბიჯს კრებიდან 62 წევრმა მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი კი მხოლოდ 10 იყო.
1878 წელს ბანკის გამგეობამ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ 11 ათასი მანეთი გამოუყო. საზოგადოება 1879 წელს, დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით შეიქმნა, 1885 წელს კი ილია აირჩიეს მის თავმჯდომარედ. აღნიშნულმა ფულადმა დახმარებამ ასევე, დიდი აყალმაყალი გამოიწვია. ილია ამის შესახებ წერდა:
რაო და რისთვისაო“ ყვიროდნენ წინდაუხედავად ზოგი სხვისი წაქეზებით, ზოგი საკუთარი თაოსნობით. „განა ჩვენ კი შვილები არ გვყავსო, თუ გაზრდა საჭიროა ჯერ ისინი გავზარდოთ, გარედ ტაბლას რა უნდაო“, და სხვანი და სხვანი. ჩვენი უბედურება ის ყოფილა, არის და ღმერთმა ნუ ქნას კიდევ იყოს, რომ ყველა ქართველი გლეხი თუ თავადი ძმად და შვილად არ მიგვაჩნდეს. ზემოხსენებულ საზოგადოებას სახეში აქვს მთელი ქართველობა. თავადაზნაურობა კი გამოსულა და იძახის მე და სხვა არაო, ბატონებო, თუ ყველანი ერთად არ ვიქნებით, თქვენი „მე“ თუნდ იყოს და თუნდ არა“.
დროთა განმავლობაში, ბანკის მოქმედების არეალში შევიდა ქუთაისის, ერევნის, ბაქოს, ელიზავეტოპოლის გუბერნიები, ასევე სოხუმის სამხედრო განყოფილებაც, 1891 წლიდან კი, ბათუმიც. ბანკმა გირაოს ფურცლების გამოშვების სრული უფლება მიიღო და საგრძნობლად გაიზარდა საკრედიტო ოპერაციები. რაც მთავარია, ილია ჭავჭავაძემ მიაღწია იმას, რომ ბანკის ფინანსური მომსახურება, თუ მხარდაჭერა შეეხო ქართველ მრეწველებს, ვაჭრებს, გამდიდრებულ გლეხებს უძრავი ქონების დაგირავების საფუძველზე. ამ გადაწყვეტილებამდე კი ილია ამბობდა:
ლაპარაკი ჩვენში, რომ კახელების ღვინის საქმის მაგვარ უნდა მოეწყოს ქართლის პურის საქმეცა და იმერეთის სიმინდისაო, ეს არა ნაკლებ ხშირი მითქმა-მოთქმა, რომ საადგილ-მამულო კრედიტის გარდა, სხვა მოკლევადიანის კრედიტის დაარსებაც საჭიროა ჩვენთვისაო. ეს სოფლის მეურნეობის წარმატებისათვის საერთო ფულის შედგენა გლეხობისაგან, და ფიქრი და ლაპარაკი თავად-აზნაურობაში, რომ ამისთანა რამ ამათაც შეადგინონ, – ყოველივე ეს ერთად და თვითვეულად ცალკე დღეს ყოველს, თუნდ ცოტაოდნად მიხვედრილს და გაგებულს ქართველს, ენაზე აკერია, ყველგან ამაებზე ჰლაპარაკობენ და ჰბჭობენ და ზოგნი კიდეც შესდგომიან სიტყვა საქმედ აქციონ. ყოველივე ეს იმის მომასწავებელია, რომ ქართველობა ახალ და სწორ გზაზე გამოდის სამოქმედოდ და იმედია, რომ იგი ბოლოსაც გაატანს. რადგანაც, სწორე გზის პოვნა და მასზე სვლა ნახევრად გამარჯვებაა“.
საგულისხმოა ისიც, რომ ეს იყო პირველი ბანკი საქართველოში, შესაბამისად, სხვა მრავალი ტიპის ინფორმაციის დეფიციტის პარალელურად, მოსახლეობაში არ იყო წარმოდგენა კრედიტის არსსა და მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ამის გამოსასწორებლად, ილია აქტიურად აქვეყნებდა წერილებს მის მიერ შექმნილ გაზეთ „ივერიაში“ და ხაზს უსვამდა, რომ:
კრედიტი ეკონომიურის თვალით გასინჯული, ერთი იმისთანა გამოსადეგი ღონეთაგანია, რომლის შემწეობითაც გროვდება გაფანტული და უქმი კაპიტალი საზოგადოებისა და ერთის ხელიდან მეორეში გადადის წარმოების გასაძლიერებლად“.
საადგილ-მამულო კრედიტი არის იმისთანა კრედიტი, რომელიც 1) ხანგრძლივია, 2) ერთბაშად არა თხოულობს კაპიტალის დაბრუნებას, არამედ აცლის, რომ კაცმა იმ წარმოების მიხედვით, რაზედაც მიქცეულია კრედიტი, თანდათან და ნელ-ნელად გადიხადოს ყოველწლივ სამსახური კრედიტისა გაძლიერებულის შემოსავლისაგან და 3) რომელიც თუ არ მიწის იმედითა, სხვა არაფრით მოიპოვება და არაფერს ვერ მიენდობა“.
კრედიტი ორი პირი მახვილია (…) თუ კაცი კრედიტს წარმოების გასაძლიერებლად არ მოიხმარს, იგი კაცის დამღუპველია, ის კრედიტი კი, რომელიც იხმარება წარმოების გასაძლიერებლად, ერთი იმისთანა წყაროა საზოგადო სიმდიდრისა, ურომლისოდაც კეთილდღეობა საზოგადოებისა ძნელად იგულისხმება“.
გაერთიანებები ილიას საბანკო პოლიტიკის წინააღმდეგ
1881 წელს ილიას საბანკო პოლიტიკის წინააღმდეგ დავით ყიფიანი გამოდის. ბრალდებები ილიას მისამართით მრავალგვარია, მათ შორის, კრედიტების გაიაფებასთან დაკავშირებით, რომელზეც ილია პასუხობს: „თუ რა ეშველება გაიაფებას, ამ მხრივ უნდა ეშველოს, სხვა ყოველი უქმი ნატვრაა და უქმადაც ჩაივლის კიდეცა, თუ ერთობ ფულის ბაზარმა არ გააიაფა საზოგადო კრედიტი. ფულის ბაზარი კი ამ შემთხვევაში საერთო ეკონომიკურის მდინარეობის კანონებს ექვემდებარება და ამ კანონებზე ბანკს ხელი არ მიუწვდება არასგზით, მარტო თავისი ნებით სარგებელს ვერ დასწევს და ვერც ასწევს“. დ. ყიფიანისა და მისი მომხრეების, მოგვიანებით, ივანე მაჩაბლისა და მისი გუნდის მოთხოვნის მიხედვით, ბანკს არ უნდა გაეყიდა დაგირავებული მამულები, ილიას პასუხი ამ მოთხოვნაზე ასეთი იყო: „აქ ამბობენ მამულები ნუღარ გაიყიდებაო… სურვილი კარგია, მაგრამ არა გამოდის რა მარტო სურვილისგან. ვინ ამბობს, კარგი იქნებოდა, რომ ბანკმა ფული გვასესხოს და უკან აღარ მოგვთხოვოს ხოლმე (იცინიან). უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ ბანკმა ყველას უხვად მოგვაყაროს ფული, ოქროთი აგვავსოს, თუნდა არ ვთხოვდეთ კიდეც, მაგრამ ჩემდა და თქვენდა სამწუხაროდ მაგისთანა ბანკები შეუძლებელია (ხანგრძლივი ტაშისცემაა) („ივერია“, 1892 #110).
ჩვენი უბედურება ის არის, რომ სესხით სარგებლობა არ ვიცით. ბანკმა ყველა ჩვენგანი უნდა შეაჩვიოს ვალის პირნათლად გადახდას, როცა მოვალე ვალს არ უხდის, პირიქით ეტანება კიდეც, ამისთანა მოვალესთან გულჩვილობის გამოჩენა სწორედ გულქვაობა იქნება…კარგად ვიცი, რომ ბევრი ათასს ბრალს დამდებს ამ გულქვაობისთვის, მაგრამ მე ასეთი ბრალისა არ მეშინიან, როგორც იმ ექიმს, რომელიც ავადმყოფს არჩენს…“

ილიას მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ერთ-ერთი ლიდერი იყო ივანე მაჩაბელი, მან ბანკის გამგეობაც დატოვა პროტესტის ნიშნად. აღსანიშნავია, რომ ილია მასთან მეგობრობდა. პეტერბურგში ყოფნისას ერთად თარგმნეს „მეფე ლირი“, ილიამ ის თავის გაზეთში რედაქტორად მიიწვია, ბანკში მოლარე-დამფასებლად დააწყებინა მუშაობა, შემდეგ კი ბანკის ერთ-ერთ დირექტორად დანიშნა. ამის შემდეგ, ის ილიას წინააღმდეგ მოქმედი ოპოზიციური ძალის მეთაური გახდა. მაჩაბელმა შეადგინა და დაბეჭდა ბროშურა „თავადი ილია ჭავჭავაძე და მისი მოღვაწეობა“, სადაც წერდა, რომ ყველგან და ყოველთვის ილია ხელმძღვანელი და თავმჯდომარეა და რეალურად, არსად არაფერს აკეთებსო. საზოგადოების უმრავლესობამ ილიას დაუჭირა მხარი (მათ შორის: კატერინე გაბაშვილი, მარიამ ორბელიანი, ნ. ჩოლოყაშვილი, თ. ამილახვარი, კიტა აბაშიძე, ნიკო ნიკოლაძე და სხვ.) ოპოზიციის მიერ, საჩივარი პეტერბურგის ფინანსთა სამინისტროში გაიგზავნა, საიდანაც მოავლინეს რევიზორი დობეცკი. რომელმაც დაკვირვებისა და ვითარების შესწავლის შემდეგ, განაცხადა – ეს ბანკი საუკეთესო და მისაბაძი არისო მთელ იმპერიაში.
ბანკის გამგეობის დატოვების გადაწყვეტილება
ილიამ, წინააღმდეგობების ფონზე, მომხრეებთან ერთად, გადაწყვიტა დაეტოვებინა ბანკის გამგეობა. მან და მისმა გუნდის წევრებმა განცხადებები დაწერეს წასვლის თაობაზე. საბანკო კრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ კი აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და წასვლის განცხადების უკან წაღება მოსთხოვეს ილიას. ნათელი იყო, ქართულ საბანკო საქმეს როგორ სჭირდებოდა ილია, რაც 1896წ. 21 ივნისის კენჭისყრის შედეგებზე ნათლად აისახა. ბანკის გამგეობის თავმჯდომარედ ილიას არჩევას (დატოვებას) მხარი 774 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო მხოლოდ 8 წევრი (საზედამხედველო კომიტეტის წევრებიდან მომხრე – 767, წინააღმდეგი – 5.).
ამ შემთხვევიდან კიდევ 9 წლის განმავლობაში, 1905 წლამდე, მართავდა ილია ჭავჭავაძე საადგილ-მამულო ბანკს. 1905 წელს ის უკვე 68 წლის იყო და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. უნდა აღინიშნოს ის, რომ საადგილ-მამულო ბანკის ხელმძღვანელი ირჩეოდა 3 წლით, რის შემდეგაც საბჭოს წევრები ახლიდან ირჩევდნენ მთავარ ბანკირს. 32 წლიანი მმართველობიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ილია ჭავჭავაძე საადგილ-მამულო ბანკის ხელმძღვანელად 10-ჯერ მაინც აირჩიეს და ამ საქმეს მოახმარა საკუთარი გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობების უდიდესი ნაწილი. ამას თვითონაც აღნიშნავს, ნათქვამით: „ამ ბანკის საქმეს ყველაფერი შევწირე“.
რა თქმა უნდა, ბანკი არ იყო ერთადერთი მიმართულება, რომლის საშუალებითაც ილია ქვეყანაში მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობდა, ის კიდევ ბევრი ორგანიზაციის ლიდერი იყო: „1877 წელს ამომირჩიეს საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების ვიცე პრეზიდენტად და რამდენიმე ხანს მეჭირა ეს თანამდებობა. ვიყავ აგრეთვე არჩეული ქართულ დრამატიულ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარედ და ეს თანამდებობა მეჭირა 1881-1884 წლებში. 1886 წლიდან დღემდე ვიმყოფები „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების“ გამგეობის თავმჯდომარედ. ვიყავ აგრეთვე სათავად-აზნაურო სკოლის კომიტეტის წევრად. ვიღებდი მონაწილეობას ხან მიწვევით ხან არჩევით, თითქმის ყოველს კომისიაში, რომელიც არკვევდა ჩვენის მეურნეობის და სხვა საჭიროების საგნებსა“, – წერს ილია ავტობიოგრაფიაში (1902-1903). გარდა ამისა, ცნობილია ილია ჭავჭავაძის ამაგი, რომელიც მან ქართველ მოღვაწეებთან ერთად დასდო თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიას და მისი შენობის აგებას, რომელიც შემდეგში თბილისის უნივერსიტეტის დაარსების საფუძველი გახდა.
მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანო – „ივერია“
არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ქართულ პოლიტიკურ და ლიტერატურულ პერიოდულ გამოცემას „ივერია“, რომელიც ილია ჭავჭავაძემ დააფუძნა და მისივე რედაქტორობით გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879–1885 წლებში — ჟურნალის სახით, 1886 წლიდან — ყოველდღიურ გაზეთად. „ივერია“ იყო მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანო, მისი პროგრამის ძირითადი ნაწილი ითვალისწინებდა ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას და პოლიტიკური დამოუკიდებლობის იდეის სამსახურს. ამ გზით შუქდებოდა მუშათა მოძრაობის საკითხები საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ისტორიის, ენათმეცნიერების, ეთნოგრაფიის, გეოგრაფიის, სოციოლოგიის მიმართულებით. ილია ჭავჭავაძემ დანერგა პუბლიცისტური ჟანრი „შინაური მიმოხილვა“, რომელიც ასახავდა ქართველი ხალხისა და ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების მთავარ პრობლემებს, მათი გადაჭრის გზებს. „ივერიის“ ყოველდღიურ გაზეთად გამოსვლის პერიოდში ილიას შემოქმედებითი ძალა და ენერგია უმეტესად პუბლიცისტურ-ჟურნალისტურმა მუშაობამ და საზოგადო მოღვაწეობამ მოიცვა.
მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, 1905 წელს, 68 წლის ილია გამოდის საქართველოს პოლიტიკური ავტონომიის მოთხოვნით და ამავე წელს ადგენს პროგრამას, რომლის საფუძველზე 1917 წელს დაარსდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. 1906 წლის მარტში ის ჩადის პეტერბურგში, სრულიად რუსეთის თავადაზნაურობის საიმპერიო ყრილობაზე, როგორც საქართველოდან გაგზავნილი დელეგატი-ამომრჩეველი სახელმწიფო საბჭოსი. 1906 წლის აპრილში მას ირჩევენ სახელმწიფო საბჭოს წევრად, სადაც ის აცხადებს: „სახელმწიფო საბჭოში თუ თავადაზნაურთა სახელით შევდივარ, ეს მხოლოდ ფორმალური, იურიდიული მხარეა. არ დავფარავ და ვიტყვი: საბჭოში მთელ საქართველოს და ქართველთა ინტერესების დამცველი ვიქნები“.
1907 წელს მას კლავენ.. მოგვიანებით, საბჭოთა პერიოდში, მკვლელობის გამოძიების შედეგად ჩნდება დასკვნა, რომ ილიას მკვლელობაში მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყო ჩარეული.

„არ მესროლო, ილია ვარ“ – ამ სიტყვებში ჩანს ილიას ბავშვური, მიამიტური მიდგომა საკუთარი ხალხის მიმართ, იმედი, რომ მისი მრავალმხრივი ცდა, შეუფასებელი შრომა და წვლილი საქართველოში, მკვლელსაც კი აუკანკალებს ხელს. თუმცა, 1907 წლის 30 აგვისტოს, ხუთშაბათს, დაახლოებით, დღის პირველ საათზე, ერთი ტყვია კეფაში, ოთხი – ზურგში, ორი – მკერდში, სამი – მუცლის არეში.. მრავალგზის გასროლის პარალელურად, თავდამსხმელები სასტიკად სცემენ ილიას ცოლს – ოლღა გურამიშვილს.
ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ.“ თუმცა, ეს იყო ბრძოლა, რომელიც ილიას სხეულისთვის ნასროლი 10 ტყვიით არ დამთავრებულა. ეს იყო ძალიან თანმიმდევრული, დამაჯერებელი და ნაყოფიერი ბრძოლა ქართველი ხალხის ცნობიერების ამაღლებისთვის. ამისათვის ილია მრავალ ინსტრუმენტს იყენებდა, პირველ რიგში კი, გონებას, რომელშიც ქვეყნის განვითარების იდეები ყოველდღიურად იბადებოდა და დღემდე, ჩვენთვის მხატვრული, პუბლიცისტური თუ სამეცნიერო ტექსტების სახითაა ხელმისაწვდომი. უფრო შთამბეჭდავად კი ფაქტები მეტყველებენ და აქვთ ილია ჭავჭავაძის ბრძოლის სუნი. ილია ჭავჭავაძის აზროვნება, როგორც მოძრაობა, რომელიც სიკეთისგან, ადამიანების დახმარებისა და ქვეყნის კეთილდღეობის სურვილისგან მომდინარეობს, გრძელდება. ილია ჭავჭავაძე გვესაუბრება, დღემდე აქტუალურ საკითხებზე, საჭირო სიტყვებით და სხვა, მნიშვნელოვან ფრაზებთან ერთად, გვეუბნება – „გულგრილად ვუცქერით საქმესა და თან კიდევაც ვკვირობთ, რატომ ჩვენში არაფერი საქმე არ ხერხდებაო“.
გამოყენებული ლიტერატურა:
ილია ჭავჭავაძის ავტობიოგრაფია (დაწერილი ბროკჰაუზ-ეფრონის რუსული ენციკლოპედიური ლექსიკონისათვის (1902-1903)
ასათიანი ი., ილია ჭავჭავაძე და თბილისის ქართული სათავადაზნაურო ბანკი, თბ., 1994.
ილია ჭავჭავაძე, ტომი V, პუბლიცისტური წერილები, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო
ილია ჭავჭავაძე, ტომი IV, პუბლიცისტური წერილები, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, 1987, თბილისი
ილია ჭავჭაავაძე – თხზულებანი
ილია ჭავჭავაძე, საიუბილეო კრებული, თბილისი, 1977
ილია ჭავჭავაძე – წერილები სახალხო მეურნეობის საკითხებზე, ტომი IV, თბილისი, 1955
ქეთი დობაძიშვილი – სტატია: „ბანკირი ილია ჭავჭავაძე“, „ტაბულა“
ეკა ლომიძე – სტატია: „ილია ვარ, არ მესროლოთ”, „კვირის პალიტრა“, 2010
ილია ჭავჭავაძე – Wikipedia
გოგი ლორთქიფანიძე – სტატია: „ილია ჭავჭავაძე – პირველი ქართველი ბანკირი“, fact2.ge
ივერია – Wikipedia