in

სიყვარულით დაწყებული მეღვინეობა და თბილისიდან რაჭაში გადასული ილია მენაბდე

Startauperi
Startauperi

ხშირად დიდი ისტორიები თამამი ნაბიჯებით და ისეთი იდეებით იწყება, რომლისაც ძირითადად მხოლოდ თავად გვჯერა. „მენაბდეს“ ამბავიც სწორედ ასე დაიწყო ჯერ კიდევ 2016 წელს, როდესაც ილია მენაბდემ გადაწყვიტა, სოფელ სადმელში ძველი ვენახი ეყიდა, ტერიტორიის ნაწილზე კი თავად გაეშენებინა ახალი. მართალია, პირველი ორი წელი მოსავალი არ აუღია და თითქოს, ყველაფერი წარუმატებლობისკენ მიდიოდა, თუმცა მალევე ყველაფერი შეიცვალა და დღეისათვის ილია მენაბდის ღვინოები 5 უცხოურ ბაზარზე გადის.

მთელ ისტორიას კი სწორედ ილიასთან ერთად გიამბობთ.

M: ილია, როგორი იყო მეღვინეობის საწყისი ეტაპი? — რა იყო ყველაზე დიდი დაბრკოლება ან იმედგაცრუება, რომელსაც წააწყდი?

თავიდან ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე… ძალიან მონდომებით რომ გაქვს გეგმები დალაგებული: აი, დავწურავ, გავყიდი, შემოსავალს გავზრდი. სანამ ასეთი დამოკიდებულებით ვიყავი, მოსავალი ან საერთოდ ვერ ავიღე, ან მხოლოდ ძალიან ცოტა.  შესაბამისად, პირველი 2 წელი ამ მხრივ რთული იყო. მიზეზი ხან რა იყო და ხან რა — ზოგჯერ ჩიტები მიჭამდნენ ყურძენს, ზოგჯერ ნაცარი მიფუჭებდა და ასე. ახალი ვენახის გაშენების პარალელურად ძველი ვენახიც გამიხმა, რაც ძალიან სამწუხარო იყო. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ფონზე სხვებს არც სჯეროდათ, რომ რამე გამოვიდოდა და საქმე კარგად აეწყობოდა. არავინ ხვდებოდა იდეას აღფრთოვანებით და „აუ, რა მაგარიას“ ძახილით. თუმცა ძალიან ჯიუტი გამოვდექი, სხვა მიდგომა შევიმუშავე და ყველაფერი დალაგდა.

M: რას გულისხმობ სხვა მიდგომაში, რისი კეთება დაიწყე განსხვავებულად ან რა ისწავლე დაგროვილი გამოცდილებით?

რეალურად, ვაზთან ურთიერთობამ ძალიან შემცვალა და ბევრი რამ მასწავლა, თითქოს ერთად გავიზარდეთ. პირველი ორი წლის განმავლობაში მას ისე ვუყურებდი, როგორც მოხმარების პროდუქტს. დროთა განმავლობაში კი ვაზისადმი სიყვარული გამიჩნდა. აღმოვაჩინე, რომ როცა ვაზზე ვზრუნავ და ცოცხალი არსების მსგავსად ვეპყრობი, ისიც საპასუხო მოსავალს მიბრუნებს. მაგალითად, ზედმეტ ბალახს მხოლოდ იმიტომ კი არ ვაცლიდი, რომ ეს მოსავლისთვის იქნებოდა კარგი, არამედ წარმოვიდგენდი, რამდენად აწუხებდა ის. ამ ყველაფერმა მიმახვედრა, რომ ზრუნვის გამოვლინება ჩვენი პასუხისმგებლობაა.

ეს ვაზისგან მოცემული ცოდნა იმდენად გამიჯდა გონებაში, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ უკვე ურთიერთობებთან ვავლებდი პარალელს. საწყის ეტაპზე ყველაფერი ზედაპირულია და არ ჩანს, ქვემოთ რა დინებებია. შემდეგ კი სიყვარულიც უფრო ღრმავდება და ნებისმიერი პრობლემის მოგვარება გაცილებით მარტივი ხდება.

M: და როდის დაიწყო „ვენახმა შენზე ზრუნვა“ თავისი მოსავლიანობის თვალსაზრისით? და რა ჯიშის ღვინოებს აწარმოებ?

2017 წლისთვის 30 ბოთლი ღვინო ჩამოვასხი, რაც ძალიან ცოტაა ამ გადმოსახედიდან. შემდეგი მოსავალი უკვე 2018 წელს ავიღე და ბოთლების რაოდენობა 120-მდე გაიზარდა. ამ წელსვე შედგა პირველი ექსპორტი, კერძოდ, ავსტრალიაში გავიტანე „მენაბდეს“ ღვინოები, რაც დიდ სტიმულად იქცა. უკვე მომდევნო წელს ამერიკაში გავედით, 2020-ში კი უკვე მე მომიწია ბევრი  ღვინის დალევა, რადგან კორონავირუსის პანდემია დაგვემთხვა. თუმცა ესეც დიდი გამოცდილება იყო. მოკლედ, ყოველწლიურად რაღაც ახალი ხდება და ამ დროისთვის უკვე საფრანგეთსა და დანიაში ვოპერირებთ, მალე კი ჩინეთის ბაზარზეც შევალთ.

რაც შეეხება ყურძენს, ვენახში ალექსანდროული, მუჯურეთული, წულუკიძის თეთრა, რაჭული მწვანე, შავი კაბისტონი და რცხილი მომყავს. ასევე, სოფელ ბარეულში ვყიდულობ ცოლიკაურს, რადგან სწორედ იქ გავიზარდე და სამწუხროდ, იქაური ვენახი დაგვიბერდა და გაგვიხმა. ახლა კი ვცდილობ, ეს დანაკლისი ავინაზღაურო. ახლო მომავალში ჩვენც ვგეგმავთ ამ ჯიშის გაშენებას.

ხოლო რცხილთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ ის მივიწყებული ჯიში იყო და უბრალოდ წიგნში წავიკითხე მისი სიკარგისა და მაღალი დონის შესახებ. თავად არც კი მქონდა ის გასინჯული, უბრალოდ ავტორს ბრმად ვენდე და გაამართლა კიდეც.

თავიდან უფრო კახური ტექნოლოგიით დავიწყე, მაგრამ ნელ-ნელა მივხვდი, რომ რაჭისთვის ეს ყველაფერი ცოტა უცხო იყო. მეც ვგრძნობდი, რომ ჩემი არ იყო ეს ყველაფერი. ამიტომაც, თეთრი ღვინოების დაყენება ჭაჭის გარეშე გადვწყვიტე, სიმსუბუქისა და არომატების შესანარჩუნებლად.

M: თბილისიდან რაჭაში გადასვლაზე რას გვეტყვი? საერთოდ რამ გიბიძგა ამ ყველაფრისკენ?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, რაჭაში ჩემს ოჯახს ადრეც ჰქონდა ვენახი და ბავშვობის ეს მოგონება ძალიან ტკბილად ჩამრჩა. ამ ემოციებმა დიდი როლი ითამაშა მეღვინეობის წამოწყებაში და შემდგომში უკვე ბიზნესის გაფართოებაში. რაც შეეხება რაჭაში გადასვლას, სახლი უკვე ავაშენეთ და გადასვლის პროცესში ვართ. ასევე, სახლის დასრულების შემდეგ საოჯახო სასტუმრო მოეწყობა, სადაც ღვინის ადგილზე დეგუსტაცია იქნება შესაძლებელი. რეალურად, სახლის აშენების იდეაც იქიდან წამომივიდა, რომ ადამიანები ძალიან დაიღალნენ ნაცრისფერ ქალაქებში ცხოვრებით და ბუნების სიმწვანე აკლიათ — რაჭაში გაშენებულ ვენახებში დასვენება კი ერთგვარი იდილიაა.

იმასაც დავამატებ, რომ უკვე შემოდგომისთვის კი მარნის გაფართოებას და ახალი ვენახების გაშენებასაც ვგეგმავთ.

M: ილია, როგორც ვიცით, „წულუკიძის თეთრას“ განსაკუთრებული ისტორია და სიმბოლური დატვირთვა აქვს თქვენთვის… 

ასეა, როცა ეს ჯიში გავაშენე, მეუღლე ჯერ კიდევ არ მყავდა. მისი ცოლად მოყვანის შემდეგ კი გავიგე, რომ დიდი ბებია წულუკიძე ჰყავდა, რომლის ოჯახიც ისეთი ძლიერი თავადები იყვნენ, რომ მთელი ნაქერალას მთა ეკუთვნოდათ. მართალია, ნიკოლოზ II-მ ეს მთა წაართვა, მაგრამ მათ სასამართლოში უჩივლეს და მაინც უკან დაიბრუნეს… თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ თამარ წულუკიძე, ჩემი მეუღლის დიდი ბებია, 19 წლით გადაასახლეს. უმეტესი დრო კი სწორედ ციმბირში გაატარა, სადაც დაოჯახდა და შვილი შეეძინა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი წამება გამოუვლია — როგორც თავის ოჯახს შემდგომ უყვებოდა, ძალიან ბევრ რაღაცაზე აძალებდნენ ხელის მოწერას, მაგრამ არასდროს გაუკეთებია ეს, რის სანაცვლოდაც წარმოუდგენელი სისასტიკით აწამებდნენ.

ამ დეტალებს აღარ გავაგრძელებ… უბრალოდ, როცა ეს ისტორიები მოვისმინე, მის სახელზე დავარქვით ღვინოს „თამარას თეთრა“. 

M: დაბოლოს, შენი გადმოსახედიდან, რამდენად შესაძლებელია, რომ მხოლოდ ღვინის ბიზნესით იცხოვროთ? 

თავიდან, რა თქმა უნდა, კარგად უნდა აეწყოს საქმე და მწარმოებელი რამდენიმე ბაზარზე შევიდეს. შემდეგ კი, ჩემი აზრით, აუცილებელია გარკვეული დანაზოგის შენახვა, რადგან გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის მზაობაა საჭირო. თუნდაც პანდემიის პერიოდი რომ გავიხსენოთ, ბევრს ძალიან ცუდად შეეხო ის, ზოგმა კი პირიქით, შემოსავალი გაზარდა. ასეთ დროს არავინ იცის, მწარმოებელთა რომელ მხარეს აღმოჩნდება.

ასევე, ვფიქრობ, ბევრი საკითხი ძალიან ინდივიდუალურია. მაგალითად, როგორც გითხარით, თავიდან არავის სჯეროდა ჩემი მეღვინეობის ასე მასშტაბურად გაზრდის, მაგრამ ნელ-ნელა, როცა ჯერ ავსტრალიაში ექსპორტი შედგა და შემდეგ უკვე სხვა ქვეყნებში, ოჯახის წევრებიც მიხვდნენ, რომ რეალურად რაღაც საინტერესოს ვაკეთებდი. ჩემს შემთხვევაში ფასიც მიწყობს ხელს, რადგან დეფიციტურ ღვინოს ვაწარმოებ და მცირე მოსავალიც საკმაოდ დიდ შემოსავალს უზრუნველყოფს.

ავტორი ქეთია ბელქანია

2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშგარე მდგომარეობებს AI დაადგენს

King David-ის კომპლექსში Snap Fitness Premium-ის საცურაო აუზი გაიხსნა