„შეუძლებელიც შესაძლებელია, მთავარია გჯეროდეს” – თიბისის ახალ გზავნილს უკვე ყველა კარგად ვიცნობთ. ის რამდენიმე თვეა, რაც სხვადასხვა ფორმით ტრიალებს საკომუნიკაციო კამპანიებში და თითოეულ ადამიანს გვახსენებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თვითრწმენაა, მაშინაც კი, როდესაც რაღაცები შეუძლებლად ან რთულად გვეჩვენება.
ახალი ამბავიც, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაცხადდა, ამ გზავნილის გაგრძელებაა – UFC-ს ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია თიბისის ბრენდამბასადორი გახდა. ეს ორი წარმატებული მხარის – ილიასა და თიბისის, როგორც ძლიერი ბრენდების გაერთიანებაა და ამ თანამშრომლობის ფარგლებში ისინი ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ.
ამ სიახლის ოფიციალური პრეზენტაცია 16 ოქტომბერს თიბისი კონცეპტში გაიმართა, სადაც ილია თოფურიამ თიბისისთან ერთად კონფერენცია ჩაატარა და როგორც დამსწრეების, ისე მედიის კითხვებს უპასუხა.
საპრეზენტაციო საღამო დახურული სახის იყო მხოლოდ თიბისელებისა და მედიისთვის. გახსნის ცერემონიალი მაკუნა თავბერიძემ, თიბისის მარკეტინგისა და ბრენდის გამოცდილების ლიდერმა და ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისის გენერალური დირექტორმა ჩაატარეს. მათ გაიხსენეს ის გამოწვევებითა და ბარიერებით სავსე გზა, რომელიც თიბისიმ გაიარა 90-იანი წლებიდან დღემდე, ანუ იმ ეტაპამდე, როცა თიბისი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი ბრენდის სახელით პოზიციონირებს. წარმატების მთავარი ფორმულა კი სწორედ თვითრწმენასა და შეუძლებელის დაძლევაში იყო.
ილია თოფურიას წარმატებაც დაიწყო რწმენით – საკუთარი ძალის, ოცნებების, მიზნებისა თუ იმ გასავლელი გზის რწმენით, რომელსაც სხვა ადამიანები შეიძლება სკეპტიკურად უყურებდნენ. მისი კარიერა მხოლოდ სპორტული გამარჯვებების ჯაჭვი არ არის, არამედ ესაა თვითრწმენის, გამბედაობისა და სიმტკიცის გამოსახულება. პრეზენტაციაზე საუბრისას ილიამ მოკლედ გაიხსენა და შეაჯამა თავისი გზა UFC-მდე, გაგვიზიარა, რომ კარიერის საწყის ეტაპზე ბევრი დამარცხებაც უგემია, თუმცა დაუღალავი ბრძოლით, მიზანდასახულობითა და საკუთარი თავის რწმენით, ყველაფერი გამოვიდა.
„ყველაზე მთავარი, რაც თიბისის ღირებულებებთან მაახლოებს, არის ხასიათის სიმტკიცე და რწმენა, რომ ყოველთვის შემიძლია გამარჯვება და წინსვლა. თუკი ცხოვრებაში რაიმე შანსი მომცემია, მუდამ დიდ ძალას ვგრძნობდი და ვიცოდი, რომ ჩემს მაქსიმუმს ჩავდებდი. მიუხედავად იმისა, მივაღწევდი თუ არა დასახულ მიზანს, მაინც მშვიდად დავიძინებდი, რადგან მეცოდინებოდა, რომ ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო”, – აღნიშნა საუბრისას ილიამ და თიბისის როლზეც ისაუბრა სპორტის განვითარებაში – თიბისის, როგორც ბრენდის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარებაში, რადგან ეს არის ბრენდი, სადაც ნდობისა და ინოვაციის ერთად შეწყმა ხდება და ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეიდან უკვე მეც ამ ოჯახის წევრად ჩავითვლები. იმ მომენტიდან, როცა პირველად მივიღე შემოთავაზება, არცერთი წამით არ შემპარვია ეჭვი, რომ უარი მეთქვა, რადგან თიბისიმ თავისი არსებობის მანძილზე, თავისივე განვლილი გზით დაამტკიცა, რომ მას აქვს ის ძალა და მუხტი, რომლითაც კიდევ უფრო წინ და წინ შეუძლია წასვლა”.
ილიასთან შეხვედრის დასასრულს, შემაჯამებელი კომენტარები მედიასთან ვახტანგ ბუცხრიკიძემ და მაკუნა თავბერიძემაც გააკეთეს:
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა თიბისისთვის, რადგან დიდხანს ვფიქრობდით, ვინ შეიძლება გამხდარიყო ჩვენი ახალი გზავნილის „მთავარია გჯეროდეს” ახალი ბრენდამბასადორი. ვფიქრობდით ისეთ ადამიანზე, რომელმაც თავისი მოღვაწეობით ბოლო წლების განმავლობაში დაგვანახა ამ გზავნილის რეალურობა და სწორედ ამ ფიქრით მივედი ილია თოფურიამდე, რომელმაც, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია და დაუმარცხებელ მებრძოლად იქცა.
ილიას და თიბისის განვლილი გზა მსგავსია – ბევრი სირთულე გადავლახეთ იმისათვის, რომ წარმატებისთვის მიგვეღწია და ეს ყველაფერი, ილიას მსგავსად, მოვახერხეთ საკუთარი თავის რწმენის დამსახურებით, ამიტომ ჩვენი გზები ნამდვილად იკვეთება და ეს თანამშრომლობაც ამითაა საინტერესო”, – გვითხრა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
მაკუნა თავბერიძე:
„თიბისისა და ილია თოფურიას თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომლის ფარგლებშიც, მჯერა, რომ თიბისის ბრენდპლატფორმა – „შეუძლებელიც შესაძლებელია”, კიდევ უფრო გაძლიერდება. ილია ის ადამიანია, რომელმაც ბევრჯერ დაამტკიცა, რამხელა მნიშვნელობა აქვს თვითრწმენას მის საქმეში და ჩვენ ვეცდებით, მისი მაგალითითა და ისტორიით ჩვენს მომხმარებლებს, ასევე, ახალ თაობას, მივცეთ მოტივაცია, შთაგონება და ვუთხრათ, რომ ის, რაც შეუძლია ილიას, მათაც გამოუვათ, რადგან მთავარია, გჯეროდეს!”
ილია თოფურია უკვე მეორე წარმატებული ქართველი სპორტსმენია, რომელთანაც თიბისი ახალი ბრენდპლატფორმის ფარგლებში თანამშრომლობს. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ნახევარი წლის წინ თიბისი გიორგი მამარდაშვილს დაუპარტნიორდა, რომელთან ერთადაც უკვე წარმატებით ახორციელებს მომავალი თაობისთვის მოტივაციასა და სწორ ღირებულებებზე აგებულ პროექტებს. აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციაზე გიორგი მამარდაშვილმაც გამოუგზავნა ვიდეომიმართვა ილია თოფურიას, სადაც მიულოცა თიბისის დიდ ოჯახთან შემოერთება და გაუზიარა, რომ ამ გუნდთან ერთად ბევრი კარგი საქმე ელოდება წინ, მთავარია გჯეროდეს.
[R]













