in

„ილიაუნისა“ და „ჯეპრას“ ერთობლივი ჰაკათონის „ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად“ გამარჯვებულები ცნობილია

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა“ და საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ ერთობლივი ჰაკათონი „ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად“ დასრულდა. ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა. ასევე დაასახელეს „ილიაუნის“ რჩეული გუნდი.

ჰაკათონი 19 თებერვალს დაიწყო. 48 საათის განმავლობაში სტუდენტებისა და მოსწავლეების გუნდები, მთელი საქართველოდან, XIX-XX საუკუნის უდიდესი ნოვატორისა და ინტელექტუალის ნიკო ნიკოლაძის ენობრივი ასლის – ჩეთბოტის შექმნის იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ.

მათ, მუშაობის პროცესში, მენტორობას „ილიაუნის“ კიბერლაბორატორია „უნილაბისა“ და ჰაკათონის პარტნიორი ორგანიზაცია „ანიმა ჩეთბოტიქსის” თანამშრომლები უწევდნენ.

22 თებერვალს კონკურსის ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ნინო დობორჯგინიძე, „ილიაუნის“ კიბერლაბორატორია „უნილაბის“ დირექტორი სანდრო ასათიანი, „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი და ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი ფარეშიშვილი შედიოდნენ, მონაწილეების მიერ შექმნილი ჩეთბოტები შეაფასეს და გამარჯვებულები გამოავლინეს.

პირველ ადგილზე გავიდა ქუთაისის სკოლა პროგრესის მე-11 კლასის მოსწავლეების გუნდი UნიკოRNI. გუნდის წევრებმა იონა იობიძემ და ლაშა გულუაშვილმა ნიკო ნიკოლაძის სახელობის 2500 ლარის ოდენობის საპრემიო თანხა მოიპოვა საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრაში“ სტაჟირებისთვის.

„ეს ჰაკათონი იყო ძალიან შრომატევადი და რაც მთავარია, გამოწვევებით დატვირთული. ჰაკათონის ყოველი წუთი და წამი მიმართული იყო ნიკოს პიროვნების შესწავლასა და ჩეთბოტში გაწერაზე. ერთი სიტყვით, სასიამოვნო და პროდუქტიული დღეები გვქონდა. გარდა ნიკო ნიკოლაძის პიროვნების უკეთ შესწავლისა, ჰაკათონმა სტრესულ სიტუაციაში მუშაობა და პრობლემებზე ეფექტურად რეაგირება მასწავლა. ნიკოს უამრავი ჩეთბოტი ვიხილეთ და ყველა საკმაოდ სერიოზულ დონეზე იყო შესრულებული. ალბათ,ჩვენი გუნდი მუშაობისა და ჩეთბოტის შემუშავების მხრივ არის გამორჩეული. „პითონზე“ დაფუძნებული პროგრამა კი ამის ნათელი მაგალითია“, – ამბობს UნიკოRNI-ს წევრი, ლაშა გულუაშვილი.

მეორე ადგილზე გავიდა ფოთის მე-3 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეების გუნდი Nik.co. გუნდის წევრებმა თეკლა დუნდუამ, დავით ჩიქობავამ და გიორგი ალანიამ ნიკო ნიკოლაძის სახელობის 1500 ლარის ოდენობის საპრემიო თანხა მოიპოვეს საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრაში“ სტაჟირებისთვის.

„სიტყვა ჰაკათონი ჩემთვის უკვე დიდ, თბილ სახლთან ასოცირდება. საოცრად მოტივირებული და მიზანდასახული გუნდის წყალობით, ჰაკათონი ძალიან ორგანიზებულად და წარმატებულად  მიმდინარეობდა. მიუხედავად მღელვარებისა, მენტორის და საორგანიზაციო გუნდის დახმარებით, არ მიგრძვნია დაძაბულობა. პირიქით, სამდღიანი სამუშაო პროცესი ძალიან ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი იყო. მადლობა ასეთი თბილი გარემოს შექმნისთვის. ჰაკათონში მონაწილეობამ მაჩუქა სამი განსაკუთრებული დღე. საორგანიზაციო გუნდისა და მენტორებისგან ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა მივიღე ჩეთბოტის შექმნასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მიღებული გამოცდილება დამეხმარება ჩემი მომავალი მიზნების მიღწევაში. ცოდნასთან ერთად, მათ გვაჩუქეს განსაკუთრებული მოგონებები და ურთიერთობები. მაქსიმალურად ვეცადეთ, ჩვენი ჩეთბოტი კრეატიული და ორიგინალური ყოფილიყო. იმისთვის, რომ მომხმარებელსა და ჩეთბოტს შორის დიალოგი მონოლოგში არ გადაზრდილიყო, უხვი ინფორმაციის გამო თემის შესახებ, გამოვიყენეთ კითხვარები, ქვიზები, ფოტო და სხვა თვალსაჩინო მასალები. ჩვენს ბოტთან კომუნიკაცია მოითხოვს მომხმარებლის მაქსიმალურ ინტერაქციასა და ჩართვას, რაც დიალოგს უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის. გარდა ამისა, მომხმარებელს თავად შეუძლია, აირჩიოს თემა, საკითხი, რომლის შესახებაც ნიკო ქვიზებით, კითხვარებით, ფოტოებით მოუყვება საინტერესო ამბებს, მისცემს რჩევებს და გაუზიარებს გამოცდილებას,” – ამბობს Nik.co-ს წევრი, თეკლა დუნდუა.

მესამე ადგილზე გავიდა „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სტუდენტების გუნდი ტვი’ნიკო. გუნდის წევრებმა  ნინო ჯინჯიხაძემ, ბარბარე ჭილაშვილმა და ანა ფიცხელაურმა ნიკო ნიკოლაძის სახელობის 1000 ლარის ოდენობის საპრემიო თანხა მოიპოვეს საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრაში“ სტაჟირებისთვის. საკონკურსო ადგილის მოპოვებისთვის „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ გუნდის წევრები დამატებით 1000-ლარიანი დაფინანსებით დააჯილდოვა.

„ჰაკათონი იყოს უაღრესად საინტერესო. ასეთი პროდუქტიული ორი დღე ჯერ არ მქონია. ჰაკათინის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ შევძელი ნარატივ დიზაინისთვის საჭირო უნარების დახვეწა, ვისწავლე თუ რას ნიშნავს რეალური გუნდური მუშაობა და ამასთან გავიცანი ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი. ვფიქრობ, ჩვენი ბოტის განსაკუთრებულობა მის პერსონალობაშია, ის არის უშუალო, მხიარული და საინტერესო მოსაუბრე”, – ამბობს ტვი’ნიკო-ს წევრი, ანა ფიცხელაური.

„ილიაუნის“ რჩეული სასკოლო გუნდის სტატუსი მოიპოვა ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეების გუნდმა „ფენიქს ნიკო”. გუნდის თითოეულმა წევრი – მარიამ ხარაბაძე, თამუნა ფცქიალაძე, ანა წითელიშვილი და ქეთი მაღლაკელიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან 500-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით დაჯილდოვდნენ, რომლითაც უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში ისარგებლებენ.

სოსო გალუმაშვილი

„ჰაკათონის შედეგები ძალიან საინტერესო და ყურადსაღები იყო და ნამდვილად გადააჭარბა ჩემს მოლოდინს. შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრები ვიხილეთ, რასაკვირველია, გამარჯვებულების ნამუშევრები გამოირჩეოდა როგორც ტექნიკური შესრულებით, ისე შინაარსობრივი მხარით და მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ სულ მალე ჩვენ გვექნება ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტი, რომელიც თავის უცხოურ ანალოგებს არაფრით ჩამოუვარდება და ნიკო ნიკოლაძეს მთელი საქართველო გაიცნობს უკვე მისი ციფრული ასლის სახითაც”, – ამბობს სოსო გალუმაშვილი, „ჯეპრას“ მმართველი პარტნიორი, უფროსი კონსულტანტი.

ანა კვანჭილაშვილი

„გასულ წელს შევუერთდით „ჯეპრას“ ინიციატივას, ერთობლივად შევქმენით ნიკო ნიკოლაძის ვებგვერდი. წელს, ახალგაზრდებისთვის კონკურსის ჩატარების იდეაზე შევჯერდით. გამიჩნდა აზრი, რომ არამხოლოდ პრემია ყოფილიყო მისი სახელობის კონკურსში, არამედ თავად კონკურსი ყოფილიყო ნიკოს შესახებ – მონაწილეები შეჯიბრებოდნენ ნიკოს შესახებ ცოდნაში და ისეთი ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნაში, რომელიც მის შესახებ ინფორმაციის ინტერაქციულ რეჟიმში მიმოცვლას შეუწყობდა ხელს. ასეთ შესაძლებლობას ჩეთბოტები იძლევა, ეს გამოცდილება ილიაუნის 2017 წლიდან აქვს. ჰაკათონი წარმატებული გამოგვივიდა – მონაწილეებმა ახალი ცოდნა შეიძინეს ნარატივდიზაინის მიმართულებით და შესანიშნავი პროექტები წარმოადგინეს”, – ამბობს ანა კვანჭილაშვილი, „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

 

 

ის, ვისაც სულ ეჩქარება – სალომე იმედაშვილის ამბავი

მეცნიერებმა შექმნეს მზის პანელი, რომელიც კოსმოსში მოპოვებულ ენერგიას დედამიწას გადასცემს