ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ამჟამად 15 763 სტუდენტი სწავლობს, თითოეულ მათგანს აქვს გარკვეული ინფორმაციული საჭიროება, რომლის უზრუნველყოფას უნივერსიტეტი, აქამდე, ტრადიციული მეთოდებით ცდილობდა. 22 ივნისიდან კი ილიაუნიში ახალი რობოტი თანამშრომელი – უნა გაჩნდა. ჩეთბოტი საუნივერსიტეტო სერვისების გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა და მას ილიაუნისთან დაკავშირებულ შეკითხვებზე შეუძლია პასუხის გაცემა. უნას განვითარების ტემპი და მიმართულება მასთან მოსაუბრეებზეა დამოკიდებული, ასე რომ, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ დროთა განმავლობაში, ილიაუნი მიიღებს თითოეული, უნასთან ინტერაქციაში შესული სტუდენტის ჩარევით პროგრესირებად სერვისს. უნაბოტი პირველი ციფრული პრეცედენტია ქართულ საუნივერსიტეტო სერვისებში.
https://www.facebook.com/Iliauni/videos/1598794836799760/
ამჟამად, უნა ღია სატესტო რეჟიმშია, პირველად იწყებს ხალხთან საუბარს და მასთან კომუნიკაცია შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი: http://unabot.iliauni.edu.ge/Home/Chat საუნივერსიტეტო ჩეთბოტის შექმნის საჭიროებებზე, მიზნებსა და გამოწვევებზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს – ანა კვანჭილაშვილს ვესაუბრეთ:
M: რა საჭიროებები იყო საუნივერსიტეტო ჩეთბოტის შექმნისათვის და რა მიზნით ფუნქციონირებს უნა?
ილიაუნი საკმაოდ დიდი უნივერსიტეტია. მიუხედავად იმისა, რომ ვებგვერდი მოწესრიგებულია, სტუდენტური სერვისები განვითარებული, ხშირად დასმული შეკითხვების პასუხები გაწერილი, ძალიან ხშირად, დახურულ ჯგუფებში, დღეში ასეულობით ერთი და იმავე შინაარსის შეკითხვას ვიღებთ. ადამიანებისთვის პასუხის ამოკითხვაზე უფრო მოსახერხებელია დასვან შეკითხვა, როცა მათ ამ კითხვაზე პასუხი სჭირდებათ და მიიღონ ამ კითხვაზე პასუხი კომპეტენტური პირისგან – მოკლედ ორმხრივი კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია და მას ვერაფერი ცვლის. მეორე მხრივ, რთულია ასეულობით, ათასობით შეკითხვაზე პასუხის გაცემა, დაგვიანების გარეშე, ზუსტად მაშინ, როცა ადამიანს ამ კითხვაზე პასუხი აინტერესებს და სჭირდება. უნა სწორედ ამ მიზნით შეიქმნა – მას ილიაუნისთან დაკავშირებულ შეკითხვებზე შეუძლია პასუხის გაცემა. მისი მიზანია, ახლოს გაიცნოს სტუდენტები, ისწავლოს მათგან, დააკვალიანოს ისინი და დაეხმაროს უნივერსიტეტს იმით, რომ ხშირად დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხოს. მისი ტვინი შემოსული შეკითხვებისა და საუბრების მიხედვით განვითარდება. ეს ნიშნავს, რომ საუბრისას უნა თქვენგან ისწავლის და მომავალში იმ კითხვებზეც ექნება პასუხი, რომლებზეც სათანადოდ ვერ გიპასუხათ.
M: პირველია თუ არა მსგავსი ციფრული სერვისი ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში?
პირველია. ყოველ შემთხვევაში, მე არ მსმენია სხვა მსგავსი პროექტის შესახებ. საუნივერსიტეტო სივრცეშიც პირველი ბოტია და ქალი ბოტიც, ჯერ არ შეგვხვედრია ქართულ რეალობაში. თუმცა, ამ საქმეშიც ჭკუაა უფრო მთავარი, ვიდრე პირველობა. ჯერ მხოლოდ ერთი დღეა, რაც ხალხისთვის ხილული გახდა და საკმაოდ დიდი ტემპებით ვითარდება. ვიმედოვნებ, რომ ყველაზე ჭკვიანი და სასარგებლო ბოტი იქნება.