in

როგორ შეიქმნა მინიონების შემქმნელი კომპანია

Illumination – ამ სიტყვაზე ალბათ მინიონების ცნობილი ხმაც ჩაგესმათ, მაგრამ დღეს მათ შესახებ არ ვისაუბრებთ. გვინდა, მოგიყვეთ იმ კომპანიის შესახებ, რომელმაც ეს და სხვა მრავალი მხიარული, საოჯახო და ფერადი ანიმაცია შექმნა. დისნეისა და სხვა ცნობილი კინოწარმოების სტუდიებისგან განსხვავებით, Illumination ბევრად ახალგაზრდა ბრენდია, თუმცა, ამის მიუხედავად, უკვე საკმაოდ საინტერესო ისტორია და ანიმაციები დააგროვა.

istoriebi
istoriebi

კომპანიის შესახებ

Illumination არის ამერიკული ანიმაციური სტუდია, რომელიც დააარსა კრის მელედანდრიმ 2007 წელს. თავად ეს ადამიანი მანამდე 20th Century Fox Animation-ის პრეზიდენტი იყო და სურდა ისეთი კომპანიის დაფუძნება, რომელიც კონკურენციას გაუწევდა Pixar-სა და DreamWorks Animation-ს. 

დღეს სტუდია ცნობილია ფილმებით: Despicable Me, The Secret Life of Pets, The Lorax და How the Grinch Stole Christmas! მიუხედავად ბევრი წარმატებული პროექტისა, ამ სტუდიის თილისმაა მინიონები – პერსონაჟები, რომლებიც მაყურებელმა Despicable Me-დან გაიცნო.

ცოტა რამ დამფუძნებლის შესახებ

კრის მელედანდრი 20th Century Fox Animation-თან ერთად Blue Sky Studios-ს პრეზიდენტიც იყო. ამ კომპანიებში მუშაობისას ის მეთვალყურეობდა ან აწარმოებდა ფილმებს, რომლებიც ყველამ ვიცით: Ice Age, Robots, Dr. Seuss’ Horton Hears a Who! და Ice Age: The Meltdown. სტუდიიდან წასვლის შემდეგ მან დააარსა Illumination Entertainment და გამოაცხადა ის Universal-ის გასართობი მიმართულების ჯგუფად. 

მნიშვნელოვანია ის, რომ 2016 წელს NBCUniversal-მა შეიძინა კონკურენტი სტუდია DreamWorks Animation, რის მერეც ვარაუდობდნენ, რომ მელედანდრი ამ სტუდიასაც ჩაუდგებოდა სათავეში, თუმცა მან განაცხადა, რომ ფილმების გადაღება, მხატვრებთან ურთიერთობა და წარმოების პროცესში ჩართვა ურჩევნია, ვიდრე კომპანიების მართვა.

პირველი მულტფილმი და გაფართოება

პირველი ანიმაცია, რომელზეც Illumination-მა იმუშავა, იყო 2010 წელს გამოსული „საზიზღარი მე”. პირველივე ნამუშევარმა საკმაოდ დიდი წარმატება მოუტანა – $543 მილიონზე მეტი. ფილმის რეჟისორები იყვნენ კრის რენო და პიერ კოფინი. 

ამ ფილმის წარმატების შემდეგ Illumination-მა განაგრძო თავისი პორტფოლიოს გაფართოება ისეთი ანიმაციებით, როგორებიცაა: “The Lorax” (2012), “Despicable Me 2” (2013) და “Minions” (2015). ეს ნამუშევრები დაეხმარა Illumination-ს, ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის რეპუტაცია მიეღო.

ამის პარალელურად, 2011 წლის ზაფხულში კომპანიამ შეიძინა ფრანგული ანიმაციისა და ვიზუალური ეფექტების სტუდია Mac Guff, რათა ჩამოეყალიბებინა Illumination Mac Guff.

პარტნიორობა Universal Pictures-თან

Illumination-ის წარმატებაში დიდი როლი უჭირავს Universal Pictures-თან პარტნიორობას. მისი ფილმების მაქსიმალურად გავრცელებას დიდწილად შეუწყო ხელი ამ კომპანიასთან თანამშრომლობამ. 

Pixar-ისგან განსხვავებით, პირველ დღეებში Illumination დამოკიდებული იყო რეჟისორებისა და მწერლების ჯგუფზე და იმაზე, თუ როგორ სცენარს შექმნიდნენ ისინი. ამ ბრენდის წარმატება Universal-თან თანამშრომლობამდე სწორედ პროდუქტმა განსაზღვრა, რომელსაც ის უშვებდა. ცნობილი ფაქტია, რომ პატარა გუნდმა, რომელიც სტუდიაში თავდაპირველად მუშაობდა, დაწერა საოცარი ისტორიები, რომლებიც ხალხმა შეიყვარა.

მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, Illumination გასართობი და ოჯახური ანიმაციური ფილმების შექმნას აპრიორიტეტებდა, რომლებიც ყველა ასაკის მაყურებელს აერთიანებდა. აღსანიშნავია მისი უნიკალური ვიზუალური სტილი, რომელიც ბრენდის ანიმაციებს ყველა სხვა ანიმაციისგან განასხვავებს. დასამახსოვრებელმა პერსონაჟებმა და საინტერესო თხრობამ აქცია იგი საყვარელ ბრენდად ანიმაციის სამყაროში.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

მენტალური შვებულების 1 წელი თიბისი დაზღვევაში

შესაძლოა, ოთხშაბათი კვირის ყველაზე სტრესული დღე იყოს