in ,

ილუსტრატორი – სტუდია და კონცეპტუალური მაღაზია, სადაც ორიგინალური ილუსტრაციები იქმნება

Startauperi
Startauperi

გრაფიკული დიზაინერების თათია ნადარეიშვილისა და ეკა ტაბლიაშვილის ისტორია სამხატვრო აკადემიიდან იწყება, სადაც ერთად სწავლობდნენ, შემდეგ კი საბავშვო წიგნებზე დაიწყეს მუშაობა ვირტუალურ გამომცემლობა “ვირგამში” (Virgam) ილუსტრატორებად. შემდეგ იყო თბილისის მწვანე სკოლა, წიგნის ხელოვნების ცენტრი და ბევრი სხვა. ერთად ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, გადაწყვიტეს საკუთარი სახელოვნებო სივრცე “ილუსტრატორი” დაეფუძნებინათ.

BOG
BOG

M: რატომ გადაწყვიტეთ შეგექმნათ ილუსტრატორის სივრცე?

თათია: ილუსტრაციასთან და წიგნებთან შეხება დიდი ხანია გვაქვს, ზოგადად საქართველოში ეს პროფესია ძალიან პოპულარულიც არ არის, რასაც მნიშვნელოვან წილად ის განაპირობებს, რომ წიგნის ბაზარი პატარა და ნაკლებად განვითარებულია, მაგრამ პარალელურად საქართველოში ბევრი ძალიან ნიჭიერი ილუსტრატორი გამოჩნდა ბოლო დროს, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან დაინტერესებას იწვევნ და აღმოჩნდა, რომ ქართულ ილუსტრაციას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. ქვეყნის შიგნითაც ბევრი ადამიანია ვინც ამით არის დაინტერესებული და ასეთი სივრცის არსებობა ძალიან შეუწყობს ხელს ამ პროფესიის განვითარებას და საზოგადოებრივი ინტერესის გაღვივებასაც. ილუსტრატორი არის ღია სივრცე, რომელიც ორ მიმართულებას აერთიანებს: სტუდიას და ე.წ. concept store-ს, ანუ მაღაზიას, რომლიც კონცეპტი არის ილუსტრაცია და სადაც ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანდება ქართველი და არამარტო ქართველი ილუსტრატორების ნამუშევრები, ორიგინალები, ღია ბარათები, აქსესუარები, სტიკერები, პოსტერები, ტანსაცმელი და ა.შ. მეორე ნაწილი სტუდია და პატარა ბიბლიოთეკაა სადაც ჩვენც ვმუშაობთ და ვასწავლით კიდეც.

M: რით არის გამორჩეული თქვენი სახელოსნო?

ეკა: ვფიქრობ, “ილუსტრატორი” მართლაც გამორჩეული სივრცეა, პირველ რიგში თავისი შინაარსით, რაზეც თათიამ უკვე ისაუბრა. დავამატებ იმას რომ, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია ესტუმროს “ილუსტრატორს”, ნახოს როგორ მუშაობენ ილუსტრატორები და დაათვალიეროს ჩვენი პატარა ბიბლიოთეკის წიგნები. ასევე შეეძლებათ შეიძინონ ექსკლუზიური და საინტერესო ნამუშევრები მაღაზიაში, რომელიც ამავე სივრცეში სულ მალე გაიხსნება.

M: მუშაობის პროცესზე  მოგვიყევით…

თათია: მუშაობის პროცესი მართლაც ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია, წიგნზე მუშაობა იწყება იდეით, შემდეგ ხდება ამ იდეის დახვეწა და საბოლოო ფორმის ჩამოყალიბება, შემდეგ ხდება ვიზუალური მხარის დამუშავება, ილუსტრაციების სტილის შერჩევა და მზადდება განშლების ჩანახატები, როდესაც შინაარსი კარგად დამუშავდება მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ილუსტრირება. გუნდური მუშაობა ამ დროს ძალიან კარგია, რადგან ერთმანეთს რჩევებს ვაძლევთ და იდეებს ვაწვდით. გამზადებული ნამუშევრები იფინება საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე და ხდება გამომცემლებისთვის შეთავაზება, დაინტერესების შემთხვევაში კი გამოიცემა.

M: რის შესწავლის შესაძლებლობა აქვთ ბავშვებს თქვენთან?

თათია: დიახ, ჩვენ გვაქვს პროგრამა ბავშვებისთვის და არა მარტო. ერთი ნაწილია ვორკშოპები სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაწერა და დასწრება და მეორე: კურსი, სადაც გარკვეული პერიოდულობით დადიან და ესწრებიან ხელოვნების გაკვეთილებს. ხშირად გვსტუმრობენ სკოლის კლასები ვორკშოპებზე, სადაც ბავშვები ერთად ქმნიან ერთ წიგნს, რომელიც შემდგომ კლასში მიაქვთ და ფენენ. ამას გარდა სწორედ ახლა ვადგენთ ჯგუფს, რომელიც იმუშავებს კონკრეტულად წიგნებზე და ილუსტრაციაზე, იქნება ეს ისტორიების მოფიქრება თუ ილუსტრაციის ტექნიკების დაუფლება.

M: ფესტივალებზე და თქვენს წარმატებებზე მოგვიყევით…

თათია: წიგნის საერთაშორისო ფესტივალებზე და კონკურსებზე მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია ილუსტრატორისთვის და იმისთვის რომ ის საერთაშორისო ბაზარზე გავიდეს. მაგალითად, ჩემ წიგნს “ძილინებისა” გამოსცემს შვეიცარული გამომცემლობა “ბაობაბი”, და ის 2017 წლის პირველ ნახევარში გერმანულენოვან ბაზარზე გამოვა. ეს წიგნი ასევე გამოიცემა ჩინეთში. რაც შეეხება კონკურსებს, ილუსტრაციები ეკას წიგნიდან “დაბნეული” მოხვდა Golden Pinwheel Young Illustrators Competition-ის ფინალურ ეტაპზე, ჟიურიმ ის 1200 განაცხადიდან გამოარჩია, საუკეთესო 50 ილუსტრატორთა შორის დაასახელა. ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ქართველი ილუსტრატორის ნამუშევრები შანხაის საერთაშორისო საბავშვო წიგნის ბაზრობის ფარგლებში გამოიფინა და კატალოგში შევიდა. ნოემბერში ჩემ წიგნთან ერთად მიწვეული ვიყავი ბერლინში ფესტივალ ,,viva literatura’’-ზე, სადაც არმოსავლეთ ევროპის 5 ქვეყნიდან თითო ილუსტრატორი მიგვიწვიეს, იქ ჩავატარე 4 ვორკშოპი სკოლის კლასებისთვის სხვადასხვა სივრცეში, ასევე მოეწყო გამოფენა, წიგნის პრეზენტაციები და საჯარო კითხვები. ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალი იყო იმ მხრივაც, რომ ყველა ქვეყნის წარმომადგენელი იყო ძლიერი და წარმატებული ილუსტრატორი და მათი გაცნობა და უშუალო ურთიერთობა იყო კარგი საშუალება გამეგო რა ხდება ამათუიმ ქვეყანაში ჩვენ სფეროში.

M: რა მიმართულებით გეგმავთ განვითარებას?

თათია: ჩვენი ყველა გეგმა ილუსტრაციას და წიგნებს უკავშირდება, გვყავს საერთაშორისო პარტნიორები, რომელთა დახმარებითაც ვაპირებთ ისევ გავაგრძელოთ წიგნის ბაზრობებზე და გამოფენებზე მონაწილეობა და იქ ჩვენი ნამუშევრები წარვადინოთ. ჩვენი მიზანია ,,ილუსტრატორის’’ საქმიანობის განვითარება. გვინდა რომ ჩვენი მაღაზია გახდეს ბრენდი რომლის ნაწილად ყოფნა პატივი იქნება ნებისმიერი ილუსტრატორისთვის და მისცემს მათ მათთვითრეალიზაციის საშუალებას. 2018 წელს საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსდგება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა და მნიშვნელოვანია ამ დროისთვის ქართულმა ილუსტრაციამ კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიწიოს.

მუშაობენ იმისთვის, რომ იცხოვრონ – აფრიკული ბანკის სპეციალური შეთავაზებები

ახალშობილის საწოლი მოძრავი ავტომობილის ეფექტით – Ford–ის საჩუქარი მშობლებს