19
Nov
2019

ამერიკული “მოხევის ქალო თინაოს” ავტორი და სხვა ქართული სიმღერების იმპროვიზატორი – ილუშა ცინაძე #თაობა

19 Nov 2019

9 წლის წინ ამერიკული “მოხევის ქალო თინაო” სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. არ მოგატყუებთ, თავდაპირველად მეგონა, რომ ვიდეოს ყველა მონაწილე უცხოელი იყო და უბრალოდ გადაწყვიტეს, რომ ქართული სიმღერა თავისებურად ემღერათ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მათში ერთი ქართველი იყო და სწორედ ამ ქართველის იდეით შესრულდა ძველი, მხიარული ქართული სიმღერა. ილუშა ცინაძე – ასე ჰქვია ბიჭს, რომელიც 8 წლიდან ამერიკაში ცხოვრობს და წლებია, მუსიკალურ საქმიანობას ეწევა.

 

რამდენიმე თვის წინ კი მისი YouTube Channel აღმოვაჩინე, სადაც სხვა მრავალი ქართული სიმღერის ტრანსფორმაცია ვიხილე/მოვისმინე. სათქმელად არაფერი, ეს აუცილებლად უნდა მოისმინოთ, თუმცა მანამდე, #თაობა ილუშასთან ინტერვიუს გთავაზობთ:

M: პირველ რიგში, გაგვაცანი შენი თავი.. 

მე ილუშა ცინაძე ვარ, 1983 წელს თბილისში  დავიბადე. 8 წლის ვიყავი, როცა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში გადავედი. გავიზარდე ნიუ იორკის მახლობლად, საბჭოთა ქვეყნების სხვა ემიგრანტებთან ერთად.

M: როგორ დაიწყო შენი და მუსიკის ურთიერთობა? 

როდესაც 12 წლის ვიყავი, ჩემმა უფროსმა ძმამ სახლში გიტარა მოიტანა და მან იმ წამიდანვე შემიპყრო. სწორედ აქედან იწყება ჩემი და მუსიკის ურთიერთობა.

M: ოჯახში თუ მღეროდა ან უკრავდა ვინმე? რამ გამოიწვია შენი და მუსიკის დაახლოება?

ჩემი მშობლებიდან მუსიკოსი არც ერთია. თუმცა, ისინი, რასაკვირველია, ძალიან აფასებენ ამ სფეროს და ამიტომაც ყოველთვის მხარს მიჭერდნენ მუსიკალურ საქმიანობაში. როდესაც მუსიკალური კუთხით პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, დედას მეზობელ ქალაქში გიტარის გაკვეთილებზე დავყავდი, სადაც ასევე ბენდშიც ვუკრავდი.

M: შემდეგ როგორ განვითარდა – რა ჟანრი გიზიდავდა, რას საქმიანობდი ბავშვობაში ამ კუთხით?

თავდაპირველად, როკ მუსიკით ვიყავი დაინტერესებული. ვუსმენდი ჯიმი ჰენდრიქსს, The Misfit-სა და Metallica-ს. მიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილი ბენდები ერთმანეთისგან განსხვავებულია, ჩემში დიდ ინტერესს აღძრავდა მათი მუსიკა, რადგანაც აქ გიტარა მთავარი ინსტრუმენტი იყო. შემდეგ, იმპროვიზირებულმა მუსიკამ მიიპყრო ჩემი ყურადღება. ვიგრძენი, რამხელა ბედნიერება შეუძლია, მოგანიჭოს მუსიკამ, როცა ის სპონტანურად ვითარდება.

M: 8 წლის ასაკში საცხოვრებლად ამერიკაში გადახვედი – განათლებაც ალბათ აქ მიიღე… 

დიახ, ჩემი მუსიკალური განათლება დაიწყო 13 წლის ასაკში, როდესაც გიტარის ყოველკვირეულ გაკვეთილებზე დავდიოდი გიტარისტთან, სახელად ტონი ბერგამო. ის იყო საოცარი მასწავლებელი, რომელიც ყოველთვის მაქსიმალურად მტვირთავდა და შთამაგონებდა, რომ ჩემთვის ყველა სტილის მუსიკა მისაღები ყოფილიყო. წლების შემდეგ, ვსწავლობდი ჯაზის დეპარტამენტში William Paterson University-ში. სწორედ აქ გავიცანი ახალგაზრდა მუსიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან – ისინი ძალიან მოტივირებუელები იყვნენ, ყოფილიყვნენ საუკეთესოები თავიანთ სფეროებში. საინტერესოა, რომ უნივერსიტეტის დამთავრებამდე ქართული მუსიკის შესწავლის შესაძლებლობა არ მქონია.

M: 8 წლის წინ შენი „მოხევის ქალო თინაო“ გაჰიტდა – ამ დროს უკვე გქონდა ქართული სიმღერების მიმართულებით მუშაობა დაწყებული? ან საიდან გაგიჩნდა იდეა, სხვა ეროვნების ადამიანებისთვის ქართული სიმღერა გესწავლებინა? 

“მოხევის ქალო” ჩემი პირველი ქართული რელიზი იყო. ის ჩემს მეგობრებთან ერთად ნიუ-იორკში ჩავწერე. ვიდეოში მონაწილე მუსიკოსები იყვნენ ის ხალხი, ვისთან ერთადაც მანამდეც ვუკრავდი. როდესაც მათ შევთავაზე, მიეღოთ მონაწილეობა სიმღერის ჩაწერაში, კმაყოფილები დამთანხმდნენ.

M: ნელ-ნელა საკუთარი სტილი ჩამოაყალიბე – როგორ ფიქრობ, რის შედეგად მოხდა ეს? (ვგულისხმობ ქართული ფოლკისა და თანამედროვე ხმების შერწყმას) რამ მიგიყვანა აქამდე?

ძალიან დიდი დრო დამჭირდა, დამეკრა ქართული მუსიკა იმგვარად, როგორც ამას დღეს ვაკეთებ. დასაწყისში არანაირი შესაძლებლობა მქონია, მესწავლა ის ტრადიციული გზებით. მე არ ვიცნობდი ნიუ-იორკში ქართველ შემსრულებლებს. რეალურად კი, რომც მოინდომო, ვერ შეძლებ ერთი კაცისგან გუნდი შეკრა. თანაც, არასდროს მქონია ქართულ სიმღერებთან მანამდე შეხება და უბრალოდ არ ვიცოდი, როგორ უნდა მემღერა. სამაგიეროდ, სხვადასხვა სტილის მუსიკაზე მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება მქონდა დაგროვილი და როდესაც გადავწყვიტე, ქართულ მუსიკაზე მემუშავა, ეს გამოცდილება ჩემებურად გამოვიყენე.

M: როგორ ფიქრობ, რა არის ის ინსპირაცია, რომელიც ამ სიმღერებს გაქმნევინებს? 

ნებისმიერი სიმღერა სხვადასხვა შთაგონების შედეგია. ხანდახან ზოგიერთ სიმღერაზე მუშაობა იმიტომ მომწონს, რომ ის ვიღაცისგან მოვისმინე – ეს კავშირი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგ სიმღერას კი საკმაოდ საინტერესო მელოდია, ჰარმონია, ტექსტი და ისტორია აქვს.

M: როგორ იქმნება შენი სიმღერები? ვგულისხმობ, ტექნოლოგიურ მხარესაც და იდეურადაც – რა კრიტერიუმებით არჩევ სიმღერებს?

როდესაც რაიმე სიმღერაზე გადავწყვეტ მუშაობას, მანამდე მის ყველანაირ ვერსიას ვუსმენ ხოლმე. ვცდილობ, მაქსიმალურად ნატურალური გამომივიდეს. თავდაპირველად, სიმღერას ჩემს გიტარას ვარგებ ხოლმე. შემდეგ, ამ სიმღერას კვირების განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ვმღერი. ხანდახან ეს პროცესი თვეებიც გრძელდება, მანამ, სანამ ტვინში არ გამიჯდება. სწორედ ამ პროცესში სიმღერა ნელ-ნელა ჩემი ხდება. ვცდილობ, მას სხვადასხვა აკორდი მოვარგო და ტემპი შევძინო. შემდეგ უკვე ჩემს ბენდთან ერთად (ბასისტთან და დრამერთან ერთად) ვუკრავ მას და ვაკვირდები, რას ვგრძნობ ამ დროს. ძალიან ბევრჯერ ვუკრავთ მას და ძალიან ბევრ ვერსიას განვიხილავთ მანამ, სანამ ის არ იქნება, რაც გვინდა, რომ იყოს.

M: რამდენად პოპულარულია დღეს შენი ქართული სიმღერები ამერიკაში? როგორი ემოციებით ხვდებიან და უსმენენ ისინი ამ განსხვავებულ ჟანრს?

საოცარია ის ამბავი, რომ მე შემიძლია დღეს ნიუ-იორკში ვიმუშაო, როგორც მუსიკოსმა და ჩემი სპეციალობა ქართული მუსიკა იყოს. ვფიქრობ, რომ აქ რაღაც განსხვავებული შემოვიტანე. აქაური ხალხი დაინტერესებულია, გაეცნოს სხვა ქვეყნების კულტურებს და ამიტომაც ჩემს შემოქმედებას დიდ პატივს სცემენ. თანაც ვფიქრობ, რომ ჩვენი სიმღერები საკმაოდ მგრძნობიარე ელფერს იძენს გადათარგმნისას და აქაურებს ეს მოსწონთ.

M: ამჟამად რას საქმიანობ კარიერული კუთხით?

გარდა იმისა, რომ ვუკრავ ბენდთან ერთად ქართულ მუსიკას, ასევე – ვასწავლი. ძალიან მომწონს ეს პროცესი – სწავლება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც მომავალში პროფესიონალი მუსიკოსები გახდებიან. ასევე, ჩემი ბენდის გარდა, ნიუ-იორკში სხვა ბენდებთან ერთადაც ვუკრავ.

M: სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

ვიმედოვნებ, რომ ზრდას არ შევწყვეტ. მე ყოველთვის ვმუშაობ იმისთვის, რომ უკეთესი მუსიკოსი, არტისტი და მასწავლებელი ვიყო. ჩემი ოცნებაა, ჩემი ბენდი საქართველოში ჩამოვიყვანო და თბილისსა და საქართველოს კუთხეებში ჩვენი მუსიკა დავუკრა. დავუკრა ჩემს საყვარელ ნიუ-იორკელ მუსიკოსებთან ერთად..

 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე



განხილვა