ილუსტრატორები AI-ის გამოჩენამ საკმაოდ შეაშინა და ეს არც უსაფუძვლოა, ისეთი ბრენდებიც კი იყენებენ კამპანიებში, როგორებიცაა კოკა-კოლა, ადიდასი და BMW. ამიტომაც, ახლა ინდუსტრიის ექსპერტები გვიზიარებენ, როგორ დავრჩეთ სასურველ ილუსტრატორებად ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში:
ისწავლეთ ენა
უნდა იცოდეთ, როგორ მუშაობს AI სურათების გენერირების ხელსაწყოები — ასე ტექნოლოგია ნაკლებად საშიში გახდება თქვენთვის. მისი ნაკლოვანებებისა თუ შეზღუდვების გააზრება კი იმ სფეროების პოვნაში დაგეხმარებათ, რომელთა ამოცანების შესრულებას მხოლოდ გამოცდილი ილუსტრატორი შეძლებს.
დააკვირდით დეტალებს
მართალია, AI მოდელები საოცარ შედეგებს გვაწვდის, მაგრამ ლოგიკა და დეტალები ნამდვილად არაა მისი ძლიერი მხარე. რაღაც ახალი და აბსტრაქტული კონცეფციების შექმნაც უჭირს. შესაბამისად, იდეალურია იმ ილუსტრაციებისთვის, რომლებშიც დეტალები არ გვჭირდება, დანარჩენი კი თქვენი საქმეა…
დაამატეთ ადამიანური შტრიხი
ნამუშევარს თქვენთვის უნიკალური სტილი შესძინეთ, რომელსაც AI ვერ გაიმეორებს. პერსონალური პროექტები თქვენს გულთან უფრო ახლოს არის ხოლმე, შესაბამისად, ასე საკუთარი სტილის უკეთ გაანალიზებასაც შეძლებთ. ახალი იდეები, ინიციატივები და პერსონალიზმი სწორედ ის არის, რაც ილუსტრატორებს ხელოვნური ინტელექტისგან განგასხვავებთ.
გამოიყენეთ AI ხელსაწყოები
სურათის ფონის გაფართოებით დაწყებული და დამთავრებული 3D მოდელების შექმნით, AI იდეალური ხელსაწყოა ილუსტრატორების ნაკრების გასაუმჯობესებლად. უნდა ისწავლოთ, როგორ შეგიძლიათ პროცესის ხელოვნური ინტელექტით დაჩქარება, მისი შეზღუდვებიც უნდა გაიაზროთ, რათა ერთი ნაბიჯით გაუსწროთ ინდუსტრიაში.
მოგვწონს თუ არა, ფაქტია, AI ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა და შეგვიძლია ბუღალტერიასა თუ მარკეტინგშიც დავიხმაროთ. ასე კი მნიშვნელოვანი ხელსაწყო ხდება მცირე ბიზნესის მფლობელთათვის…
არ დაკარგოთ რეალობის შეგრძნება
თუ მომხმარებლის პრიორიტეტი სისწრაფე და სიიაფეა, მათთვის AI ილუსტრაციებიც გამოდგება, თუმცა, ისინი თქვენს სამიზნე სეგმენტს არ წარმოადგენენ. ეძებეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც ილუსტრაციის ხარისხს აფასებენ და მასში AI დეტალების ამოცნობაც შეუძლიათ. ისეთ სივრცეებში წარმოჩინდით, სადაც ხელოვნური ინტელექტი არ გვხვდება, იქნება ეს რეალური ღონისძიებები თუ გამოფენები. ის ფიზიკური უნარები წარმოაჩინეთ, რომელშიც AI კონკურენციას ვერ გაგიწევთ.
არ ჩავარდეთ პანიკაში
თუ კვლავ გაწუხებთ ის ფაქტი, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა, შესაძლოა, მალე ჩაგანაცვლოთ, არ იდარდოთ და გახსოვდეთ, რომ AI-ს მხოლოდ არსებული კონცეფციების დამახსოვრება შეუძლია — ამ ტექნოლოგიას არც უნიკალურობა ახასიათებს, არც პერსონალიზმი აქვს და არც გრძნობებს გამოხატავს, ჯერჯერობით მაინც…