ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ბოლო დროს რეკლამაში, შეფუთვასა და ბრენდინგში სულ უფრო მეტი ილუსტრირებული ნამუშევარი ჩნდება. რაღაც პერიოდი თითქოს ის ძალიან გაბანალურდა, თუმცა 2025 წლის მეორე ნახევარში ისევ აღზევდა. ბრენდები აღნიშნავენ, რომ ილუსტრაცია ისეთ რამეს გვთავაზობს, რასაც ფოტოგრაფია ვერ ახერხებს. კერძოდ, ახალი, ინდივიდუალური სამყაროების შექმნის შესაძლებლობას, რომლებიც ადამიანების ფანტაზიას უფრო გამოხატავს და ღირებულებებს უპრეცედენტო სიცხადით გადმოსცემს.
შეფუთვით დაწყებული, ფესტივალების ინსტალაციებით დამთავრებული, 2025 წელს ბრენდებმა ნიჭიერ ილუსტრატორებთან თანამშრომლობისას შესაძლებლობების საზღვრები გააფართოვეს. ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს, რომლებიც გვიჩვენებს, რომელი ილუსტრაციები გამოდგა ამბის თხრობის საუკეთესო ვერსიებად წელს.
კინემატოგრაფიული სიუჟეტი Nissan-ისგან

იაპონური ავტომობილების მწარმოებელი Nissan მთელ მსოფლიოში კარგად არის ცნობილი. თუმცა, ელექტრო ტექნოლოგიების ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი ინდუსტრიის გათვალისწინებით, არავის მომავალი არ არის გარკვეული და ტრადიციულ რეკლამაზე დაყრდნობა აღარ შეიძლება. სწორედ ამიტომ, Nissan-მა ახალი მიმართულება აირჩია და ილუსტრატორ მეტ სანდერსთან ითანამშრომლა. მათ ერთად შექმნეს სანახაობრივი 30-წამიანი ანიმაცია რომელმაც მაყურებელი ფუტურისტულ სამყაროებში იმოგზაურა: სარბოლო ტრასებიდან კიბერპანკური ტოკიოს ღამეებამდე.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტი თავდაპირველად ონლაინ გამოსაყენებლად შეიქმნა, შედეგები იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ Nissan-მა ევროპის უდიდესი სარეკლამო ჩვენება – 783.5 მ² Piccadilly Lights ეკრანი – დაჯავშნა, რათა ის მსოფლიოსთვის ეჩვენებინა.
ფესტივალის კულტურა: Costa Coffee-ს ექსპერიმენტული ილუსტრაცია

„Boardmasters“ ყოველწლიური ხუთდღიანი ფესტივალია, რომელიც მუსიკას, სკეიდბორდსა და სერფინგს აერთიანებს. ის შესანიშნავად გამოიყენა კაფეების ქსელმა Costa Coffee, თავისი ბრენდის ახალგაზრდა და ტრენდული აუდიტორიის გასაცნობად. ბრენდს არ სურდა მხოლოდ ლოგოს განთავსება რაიმე პროდუქტზე,მას სურდა შეექმნა ხელშესახები გამოცდილება, რომლითაც ადამიანებში ჩართულობას გამოიწვევდა.
ბრენდმა ილუსტრატორ ლუკ მაკკონკის დაუკვეთა ნამუშევრების სერიის შექმნა, რომლებიც ფესტივალის განუყოფელი ნაწილი გახდებოდა. ღონისძიების ატმოსფეროსთან შესაბამისობაში, ლუკის მიდგომა და ხედვა საკმაოდ ორგანული გამოდგა.
როდესაც ილუსტრაცია ხვდება მოდას

ესპანურმა სპორტული ფეხსაცმლის ბრენდმა HOFF სწრაფად მოიპოვა პოპულარობა თავისი ფერადი და უნიკალური სპორტული ფეხსაცმლით. თითოეული ფეხსაცმლის დიზაინი კონკრეტული ქალაქის, უბნის ან დანიშნულების ადგილისადმი მიძღვნილი ოდაა. უახლესი კოლექციისთვის HOFF-ს სჭირდებოდა ილუსტრატორი, რომლის ნამუშევრებიც შეესაბამებოდა მათ თამამ ესთეტიკას და ამავდროულად, სიახლეს შესძენდა მათი ლოკაციაზე დაფუძნებული კონცეფციისთვის. მალიკა ფავრი იდეალური არჩევანი აღმოჩნდა. მალიკას ნიჭი, რომელიც ცნობილია თავისი მყისიერად ამოსაცნობი მინიმალისტური სტილით, მდგომარეობს იმაში, რომ გამოსახულებებს არსებით ელემენტებამდე ამარტივებს და ამავდროულად, სინათლისა და ჩრდილის ოსტატურად გამოყენებით გამოკვეთს.
საცალო ვაჭრობის ნარატივი

Tesco-ს აქვს შეფუთვები, რომლებიც დანიშნულების ადგილის მიხედვით მზადდება. ამ ტენდენციის კიდევ უფრო წინ წამოსაწევად მან შეუკვეთა 5 ილუსტრაცია. დიზაინერმა შექმნა ნათელი და რომანტიკული ვიზუალები,რომლებმაც მომხმარებლები მსოფლიოს სხვადასხვა ჩაის მწარმოებელ რეგიონში გადაიყვანა.
თითოეული ილუსტრაცია მოითხოვდა როგორც კომპოზიციურ სიძლიერეს, ასევე, ელემენტებს, რომლებიც დანიშნულების ადგილის მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავებული უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ, დახვეწილი ნამუშევრები გამოვიდა, რომლებსაც ხელნაკეთი ეფექტი ჰქონდა.
TfL-ის საზოგადოებაზე ორიენტირებული კამპანია

„ლონდონის ტრანსპორტი“ (TfL) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა, რომელიც პასუხისმგებელია ლონდონის სატრანსპორტო ქსელის უმეტესი ნაწილის მართვასა და ექსპლუატაციაზე. მათი 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კამპანია კიდევ ერთხელ გამოხატავს, თუ როგორ შეუძლია ილუსტრაციას დაეხმაროს საჯარო სამსახურებს ემოციურად დაუკავშირდნენ თავიანთ მომხმარებლებს.
ეს საქმე დიზაინერ ჩარლი დევისს დაევალა და მან შექმნა არა უბრალოდ ილუსტრაციები, არამედ ხელოვნების ნიმუშები.
Opihr Gin-ის გზა ქაღალდის ფორმატამდე

პრემიუმკლასის ჯინის ბრენდს Opihr სურდა თავისი თავგადასავლები ერთ სურათში აესახა. მხატვარმა, ჰელენ მასელვაითმა გადაწყვიტა შეექმნა მთავარი ვიზუალი, რომელიც Opihr-ის არომატების სამყაროში „პორტალის“ ფუნქციას შეასრულებდა. მთლიანად ქაღალდისგან დამზადებული მისი ნამუშევარი აერთიანებდა თაღებს, ეგზოტიკურ ფლორასა და ფაუნას და თავად ჯინის ბოთლს ცენტრში.
მთავარი დასკვნა: როდესაც ბრენდის ისტორია მემკვიდრეობაზეა დაფუძნებული, ისეთი ტაქტილური საშუალება, როგორიცაა ილუსტრაციები, მის ღირებულებებს ავთენტურსა და დაუვიწყარს ხდის.












