in

„პანდემიის დროს, ჩვენს დაზღვეულებს უწყვეტი მომსახურება, თანამშრომლებს კი უსაფრთხო სამუშაო გარემო შევთავაზეთ“ – „იმედი L“

COVID-19-ის გამო ახალ რეალობასთან ადაპტირება, თითქმის, ყველა ბიზნესს დასჭირდა. სადაზღვევო კომპანია „იმედი L“-მა, მომხმარებელს, უწყვეტი სერვისები პანდემიის საწყის ეტაპზევე მიაწოდა – კომპანიაში ამბობენ, რომ თითოეულ დაზღვეულს ოპერატიული მომსახურება შესთავაზეს, თანამშრომლებს კი, სამუშაოდ, მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შეუქმნეს.

„აღსანიშნავია, რომ „იმედი L” ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ჯანმრთელობის დაზღვევაზე არის ფოკუსირებული.  დაზღვეული გვყავს 1400-ზე მეტი ორგანიზაციის 175 000 თანამშრომელი და მათი ოჯახის წევრები. ვპარტნიორობთ 1500-მდე სამედიცინო სერვისების მომწოდებელ დაწესებულებასთან. პანდემიის დროს, მოულოდნელად აღმოვჩნდით სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე – პირველი ის, რომ ჩვენი ექიმებისთვის შეგვექმნა უსაფრთხო სამუშაო გარემო, მეორე კი – დაზღვეულებისთვის მიგვეწოდებინა უწყვეტი სამედიცინო მომსახურება.

„იმედი L“-ის თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ძალიან ოპერატიულად, გადავიყვანეთ ისინი დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე და ფაქტობრივად, ერთ კვირაში, მათი 95% სახლიდან აგრძელებდა საქმიანობას.

რაც შეეხება დაზღვეულებს, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მათ მომსახურება უწყვეტად, ოპერატიულად და უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით მიეღოთ“, – ამბობს დავით ქარცივაძე, „იმედი L“-ის ბიზნესის განვითარების და სტრატეგიული მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი.

დისტანციურ რეჟიმში, კონსულტაციების სერვისი, „იმედი L“-ის 180 პერსონალურ (ოჯახის) ექიმთან იყო ხელმისაწვდომი. ეს მომსახურება 3-4 დღე-ღამეში ააწყვეს. როგორც დავით ქარცივაძე ამბობს, სერვისის გამოყენებით მიღებულმა შედეგებმა მათ ოპტიმალურ მოლოდინსაც კი გადააჭარბა – იმდენად მოთხოვნადი აღმოჩნდა, რომ დღესაც, როცა გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა, დისტანციური კონსულტაციების ჯამური რაოდენობა 35%-40%-ია.

„როცა კარანტინით გათვალისწინებული მოთხოვნების არეალი გაიზარდა და ყველანაირი ტრანსპორტით გადაადგილება აიკრძალა, იმ დაზღვეულებზეც დავიწყეთ ფიქრი, ვისაც სახლიდან გამოსვლის უფლება არ ჰქონდათ, მაგრამ მკურნალობის გაგრძელება და მედიკამენტები აუცილებლად ესაჭიროებოდათ. ასე გაჩნდა ქრონიკული დაავადებების მქონე, 60+ პაციენტებისთვის მედიკამენტების სახლში მიწოდების იდეაც. ჩვენთან, რისკის ჯგუფში მყოფი დაზღვეულების რაოდენობა 12 000-ს აჭარბებს. მაშინვე გავიაზრეთ ამ სერვისის საჭიროება და პრინციპში, აუცილებლობა. ნამდვილად არ შევმცდარვართ – ამ შესაძლებლობამ ჩვენს დაზღვეულებში ძალიან კარგი გამოხმაურება ჰპოვა. დადებითი გამოხმაურება მოჰყვა რისკის ჯგუფში მყოფი ყველა დაზღვეულისთვის დარეკვას და უბრალოდ მოკითხვას – სამედიცინო განათლების მქონე ჩვენმა თანამშრომლებმა, 12 000-ზე მეტ ქრონიკული დაავადებების მქონე, 60+ დაზღვუელს გამოჰკითხეს საჭიროებები და შესაძლებლობის ფარგლებში, გაუწიეს სასურველი დახმარება. დაზღვეულების მხრიდან დადებითმა უკუკავშირმა ჩვენს თანამშრომლებში ძალიან დიდი მოტივაცია გააჩინა“, – ამბობს დავით ქარცივაძე.

მაღალი რისკ-ჯგუფის დაზღვეულების მოკითხვამ, დახმარების შეთავაზებამ და სურვილის შემთხვევაში, საჭირო დისტანციური მომსახურებით უზრუნველყოფამ თანამშრომლების  კმაყოფილება გამოიწვია – კომპანიაში ამბობენ, რომ დაზღვეულების დადებითი ემოციები გახდა წყარო თანამშრომლებისთვის ყოველი ახალი ზარი უფრო დიდი ენთუზიაზმით და მუხტით განეხორციელებინათ.

„სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა კომპანიის მიერ კრიტიკულ პერიოდში ასეთი სახით გამოხატული ზრუნვა. მივიღეთ ბევრი მადლიერების გამომხატველი სიტყვა, სითბო კომპანიის და ჩვენი თანამშრომლების მიმართ“, – ამბობს ქეთი მანველიძე, „იმედი L“-ის ზარალების მართვის სატელეფონო ცენტრის ჯგუფის უფროსი.

კვალიფიციური სამედიცინო სერვისების მიწოდებისთვის, აუცილებელი გახდა ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტებთან კონსულტაციების და ლაბორატორიული მომსახურების გადისტანციურება და ხელმისაწვდომობის გაზრდა. ამიტომ, ყველა დაზღვეულს, სრულად, 100%-ით დაუფინანსეს კონსულტაციები ვიწრო პროფილის სპეციალისტებთან  „ევექსისა“ და დავით ტატიშვილის კლინიკების ქსელში 31 მაისამდე – სანამ ტრანსპორტის მოძრაობა აღდგებოდა.

„ამასთან, „ჯპს ლაბორატორიასთან“ პარტნიორობით შევეცადეთ, ლაბორატორიული კვლევების ხელმისაწვდომობა გაგვეზარდა და „ჯპს აფთიაქის“ 5 ქალაქის 10 ლოკაციაზე 200-მდე ლაბორატორიული ანალიზის ჩაბარება გავხადეთ შესაძლებელი“.

როგორც აღმოჩნდა, კომპანიაში, ამ პანდემიის დროს ბევრი რამ ისწავლეს. ყველაზე მნიშვნელოვნად, თავად მაინც ის მიაჩნიათ, რომ დაზღვეულებისთვის უწყვეტი მომსახურებისთვის, სახელდახელოდ, დღეების ჭრილში მოახერხეს სერვისების გადისტანციურება – ამას პანდემიამდე ნამდვილად ვერ წარმოიდგენდნენ.

„უფრო ის გაგვიხარდა, რომ „ჩაკეტილობის“ მოხსნის შემდეგაც დისტანციური სერვისებით სარგებლობის რაოდენობა იზრდება. სწორედ ამ ინსპირაციით გადავწყვიტეთ, სატელეფონო კონსულტაციების პარალელურად, აგვეწყო ვიდეო კონსულტაციები, MS TEAMS-ის მეშვეობით – 1-ლი ივნისიდან, ჩვენს დაზღვეულებს შესაძლებლობა აქვთ, სურვილისამებრ, ისარგებლონ პერსონალურ ექიმებთან ვიდეო კონსულტაციის სერვისით. ფაქტია, ათასობით დაზღვეულმა ისარგებლა აღნიშნული მომსახურებით და ვფიქრობთ, რომ ასეც გაგრძელდება. ჩვენი გუნდი, თითოეული თანამშრომელი მთელი ენთუზიაზმით და მონდომებით ვცდილობდით, დაზღვეულების მხარდაჭერას და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება.

 

[R]

ისინი ჩვენი ნაწილი იყვნენ! – McDonald’s-ის ანტირასისტული კამპანია

გაზრდილი საპრიზო ფონდი, „დაზღვეული ხელი“… Europebet-ის სამაგიდო თამაშების პლატფორმის ივნისის აქციები