in

„იმერეთის მარგალიტის“ მარნის ღვინო და მასპინძლობა – სტუმრად ნანა სხულუხიასთან

მეღვინე ქალების მარშრუტს თუ მიჰყვებით, თქვენ იმოგზაურებთ იმ მეურნეობებსა და მარნებში, რომლებიც მათ თავად მოაწყვეს. ქალები ვიზიტორებს თავიანთი რეგიონების ტრადიციებსა და კულტურულ ფასეულობებზე უამბობენ, უყვებიან იმ მრავალსაუკუნოვან ქართულ სტუმარმასპინძლობაზე, რომლითაც დღემდე თავს იწონებდნენ.

მეღვინე ქალებს ღვინის ინდუსტრიაში ღირსეული ადგილი უჭირავთ. გავრცელებული სტერეოტიპების საპირისპიროდ, ისინი წარმატებული და ძლიერი მეურნეები არიან. უმრავლესობა ახალ პროფესიას დაეუფლა, უვლის ვენახს, აწარმოებს ღვინოს დარგის სპეციალისტებთან ერთად ღვინოს აწარმოებს საკუთარ ღვინის საწარმოში. მეღვინე ქალები სამაგალითო მეწარმეები არიან და წარმატებით ოპერირებენ ქართულ და მსოფლიო ბაზარზე.

დანიშნულების შემდეგი წერტილი ზესტაფონის სოფელი კვალითია. აბრის დახმარებით, გზას ადვილად გაიგნებთ და ქალაქიდან ოთხნახევარ კილომეტრში „იმერეთის მარგალიტს“ ეწვევით. აქ ნანა სხულუხია გიმასპინძლებთ. პროფესიით ექიმი, მამისა და ბაბუისგან გადმოცემულ მეღვინეობის ოჯახურ ტრადიციას მეუღლესთან ერთად უძღვება.

მეღვინე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ღვინის დავარგების ინოვაციურ მიდგომას. ტრადიციული ქვევრების გვერდით, აქ ნახავთ უჟანგავი ფოლადისგან დამზადებულ ქვევრის ფორმის ჭურჭელს, რომელიც ასევე მიწაშია ჩაფლული. ეს ნანასა და მისი მეუღლის მიერ შემუშავებული დიზაინია. ქვევრების ასეთი თანამედროვე დიზაინი დიდ ინტერესს აღძრავს როგორც ტურისტებში, ისე ღვინის ენთუზიასტებში, რომლებიც ტრადიციისა და ინოვაციის ჰარმონიულ შერწყმას აფასებენ.

„იმერეთის მარგალიტში“ დეგუსტაციის სამ ვარიანტს შემოგთავაზებენ. ორი ღვინის დეგუსტაცია ხემსით საინტერესოა მათთვის, ვინც პირველად ეცნობა ამ ოჯახის ღვინოებს. მეორე და მესამე ვარიანტები კი მოიცავს დეგუსტაციას სადილით ან ვახშმით. სტუმრებს საშუალება ეძლევათ იმერული სამზარეულოს გამორჩეული გემოვნური თვისებებიც აღმოაჩინონ. ღვინოებს ნანა თავად გაგაცნობთ და არჩევანის გაკეთებაშიც დაგეხმარებათ.

მარანში ოთხ განსხვავებულ ღვინოს გაეცნობით. ერთ-ერთი მათგანია ოცხანური საფერე – იშვიათი ჯიში, რომლის დამუშავება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. „იმერეთის მარგალიტში“ ამ ჯიშის ღვინის ორ განსხვავებულ ვარიანტს ამზადებენ. ამას გარდა, დააგემოვნებთ „გაზაფხულის ღვინოს“ – რქაწითლისა და ციცქას კუპაჟს, სადაც ვაზის იმერული და კახური ჯიშების კულტურა ერთმანეთს ხვდება. მეოთხე სახეობის ღვინო კი მშრალი ციცქაა, რომელიც სუფთად გადმოსცემს ამ ჯიშის უნიკალურ ხასიათს.

შეგიძლიათ ჩაერთოთ კეცის მჭადის მასტერკლასში, ასევე, დეტალურად გაეცნოთ ღვინის დაწურვისა და დავარგების პროცესებს და რთველის დროს, ყურძნის კრეფაშიც მიიღოთ მონაწილეობა.

მსურველებისთვის მასპინძელი თავად უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას და მარნის გარშემო არსებული ღირსშესანიშნაობებისკენ თავად გაუძღვება, მათ შორის: ქუთაისში, პრომეთეს მღვიმეში, სათაფლიაში, მარტვილის კანიონში, დადიანების საზაფხულო რეზიდენციისკენ. ღამით დარჩენის მსურველებს მეგობარ სასტუმროებსა თუ გესთჰაუსებში განთავსებაში დაგეხმარებათ.

„იმერეთის მარგალიტის“ ტერიტორიაზე ორი სახლი დგას. ერთი საუკუნოვანი ძველი ნაგებობაა, რომელიც ღვინის მუზეუმად არის ჩაფიქრებული. ამ ისტორიულ შენობაში განთავსდება იმერული ღვინის კულტურის არტეფაქტები, ტრადიციული ჭურჭელი და ღვინის დამზადებასთან დაკავშირებული ნივთები, რაც სტუმრებს საშუალებას მისცემს უკეთ გაიცნონ იმერული მეღვინეობის მდიდარი ისტორია. მეორე, ახალ შენობაში კი სასტუმრო ოთახები მზადდება, მარნით და რამდენიმე თვეში სტუმრები დარჩენასაც შეძლებენ.

აქ, წელიწადში, 12,000-ზე მეტი ბოთლი ღვინო იწარმოება. ნანა სხულუხიას ღვინოების შეძენა შეგიძლიათ როგორც ადგილზე, ასევე, თბილისის ღვინის მაღაზიებში. ამას გარდაა, „იმერეთის მარგალიტის“ ღვინო წარმატებით იყიდება ჩეხეთში, პრაღაში და ამერიკის ბაზარზეც.

2 ჩანაფიქრი ერთ მოქმედებაში – მიწის ნაკვეთი საჩუქრად!

თიბისი მობაილბანკით მოსწავლეებიც ისარგებლებენ