25
Nov
2019

ვეშაპები, როგორც კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის საუკეთესო გზა

25 Nov 2019

Alta
Alta


თუ გვინდა, შევაჩეროთ გლობალური დათბობის პროცესი, გვჭირდება ვიპოვოთ საშუალება, იმისათვის, რომ მოვაშოროთ ნახშირორჟანგის ჭარბი რაოდენობა ჩვენს პლანეტას. ამისათვის კი, შესაძლოა, ოკეანეებში ვეშაპების რაოდენობის ზრდა საუკეთესო გზა იყოს. როგორც International Monetary Fund-ის ანგარიშში ვკითხულობთ, ერთი ვეშაპი, სიცოცხლის მანძილზე, 33 ტონა ნახშირორჟანგს შთანთქავს, შესაბამისად, აშორებს მას დედამიწის ატმოსფეროს და ჩააქვს ის ოკეანის სიღრმეში.

თებერვალში, ეკოლოგმა თომას ქროუზერმა თქვა, რომ „ჩვენი ყველაზე შედეგიანი იარაღი კლიმატურ ცვლილებასთან საბრძოლველად ხეებია“. თუმცა, მკვლევარები ამბობენ, რომ ნახშირორჟანგთან ბრძოლის პოტენციალი ვეშაპებს უფრო დიდი აქვთ, ვიდრე ხეებს. უფრო კონკრეტულად, ერთი წლის განმავლობაში, დიდი ხე 22 კილოგრამამდე ნახშირორჟანგს შთანთქავს და თუ მივიღებთ, რომ საშუალოდ, ხის სიცოცხლისუნარიანობა 100 წელიწადია, ის სიცოცხლის მანძილზე 2.4 ტონა ნახშირორჟანგს გადაამუშავებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვეშაპები სიცოცხლის განმავლობაში 33 ტონა ნახშირორჟანგს შთანთქავენ. ამ შედარებაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გლობალურად (და არა კონკრეტული ქვეყნებისა თუ კონტინენტებისთვის), კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად ვეშაპების გამრავლება უფრო კარგი გზაა, ვიდრე ხეების დარგვა.

ვეშაპები უფრო მეტს აკეთებენ, ვიდრე ეს ნახშირორჟანგის შთანთქმაა. ისინი აგრეთვე წარმოქმნიან ნარჩენებს, რომლებიც ფიტოპლანქტონის წარმოსაქმნელადაა საჭირო. შეგახსენებთ, რომ ოკეანის ფოტოპლანქტონი, მიკროსკოპული ორგანიზმების ერთობლიობაა, რომელიც მზის ენერგიას ფოტოსინთეზისთვის იყენებს და ჟანგბადს გამოყოფს.

სწორედ ამიტომ, IMF-ს მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ვეშაპების გადარჩენა და გამრავლება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გეგმის სათავეში უნდა ეწეროს.

„როდესაც ვსაუბრობთ პლანეტის გადარჩენაზე, ერთი ვეშაპი უდრის ათასობით ხეს“ – ამბობენ IMF-ს მეცნიერები. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ხეების დარგვა საჭირო აღარაა, პირიქით – შესაძლოა ხეები და ვეშაპები ერთად, კომპლექსურად, უფრო ეფექტურად გაუმკლავდნენ პლანეტაზე მიმდინარე კლიმატის ცვლილებებს.

განხილვა