29
Aug
2019

ტელემაუწყებლობის მომავალი – როგორ იყენებენ გაფართოებულ რეალობას პირდაპირ ეთერში

29 Aug 2019

Alta
Alta


თანამედროვე ტექნოლოგიები ინფორმაციის გადმოცემის ახლებური მეთოდების მოსინჯვის საშუალებას გვაძლევს. მით უფრო იძენს აქტუალობას ეს საკითხი, როცა შეგვიძლია ვივარაუდოთ – მრავალფეროვან გარემოში, თანამედროვე მომხმარებლისთვის, შესაძლოა, ინფორმაციის მიღების ტრადიციული გზა დამაკმაყოფილებელი აღარ იყოს.

თანამედროვე სამყაროში, როცა ტელევიზორთან ერთად ოთახში უამრავი ეკრანია – სმარტფონი, ნოუთბუქი თუ სხვა, რთულია დიდი ხნით ტელევიზორის ეკრანზე მაყურებლის მზერის გაჩერება. ერთი სიტყვით, რთულია მაყურებლის ყურადღების მოპოვება და შენარჩუნება. ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვის ზრდასთან ერთად კი, სულ უფრო სუსტდება ტელევიზიის აქტუალურობა. ვირტუალური, გაფართოებული რეალობის ტექნოლოგია, როგორც მაყურებლისთვის უცხო და ჯერ კიდევ ახალი ხილი, ტელევიზიებისთვის მათი შენარჩუნების იმედს იძლევა. ვიზუალური ინფორმაცია კი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რისი დახმარებითაც თანამედროვე მაყურებელთან ხარისხიანი და დასამახსოვრებელი კონტაქტის დამყარებაა შესაძლებელი.

ამ მხრივ პირველი ნაბიჯების გადადგმა ჯერ კიდევ 2008 წელს, CNN-მა დაიწყო, როცა ჰოლოგრამული ტექნოლოგიის გამოყენებით, ჯესიკა იელინი სტუდიაში ჩიკაგოდან ჩაერთო. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით ჩაერთო პირდაპირ ეთერში ფეხბურთელი ედენ აზარი, 2018 წელს. მაშინ, როცა ბელგია-ბრაზილიის მატჩზე, ბელგიის გამარჯვების შემდეგ, მედიების დიდი ნაწილი ფეხბურთელისგან კომენტარის მოპოვებას ცდილობდა, ის იჯდა გასახდელში და ამავდროულად ბელგიური ტელევიზია La Une-ს სტუდიაში, პირდაპირ ეთერში აძლევდა ინტერვიუს.

დღეისათვის, გარდა სიუჟეტებისა, დიდი ეკრანებისა თუ ინფოგრაფიკებისა, ტელევიზიების სტუდიებში ჩნდება სივრცე ახალი ტექნოლოგიისთვის – გაფართოებული რეალობისთვის. ამ მიმართულებით ნაბიჯებს უკვე დგამენ ტელევიზიები, მათ შორის ერთ-ერთი პირველია ახალზელანდიური TVNZ. ტელევიზიამ ამ კუთხით მუშაობა ტექნოლოგიურ კომპანია Vizrt-თან თანამშრომლობით დაიწყო. ვიზუალური არტისტების, ვირტუალური სტუდიისა და ვიზუალური ინჟინრების დახმარებით, მათ მიაღწიეს მაღალი ხარისხის, რეალისტურ გამოსახულებებს, რომლებიც თემატურად, პირდაპირ ეთერში, ამა თუ იმ ამბავზე საუბარს ერთვის თან. გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიისა და ვიდეოკედლის გაერთიანებით იქმნება ეფექტები და ობიექტები, რომლებიც ამა თუ იმ ამბავს, წამყვანთან ერთად, ვიზუალურად გვიყვებიან.

ჩვენ ვხედავთ გაფართოებულ რეალობას, როგორც რევოლუციურ ტექნოლოგიას, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი და მაყურებლების კომუნიკაციის პოზიტიურ ცვლილებებში. გარდა ამისა, ჩვენი მიზანი იყო გაგვეზარდა საღამოს გადაცემის მაყურებელთა რიცხვი, ასევე, გაგვევრცელებინა AR ვიდეოები სოციალურ მედიაში და შესაბამისად, მოგვეძიებინა ახალი სპონსორები სხვადასხვა ტიპის კონტენტისთვის. ამ მიზნებს მივაღწიეთ. გასული წლების განმავლობაში, ჩვენ ვართ რეგიონში ერთადერთი მედია, რომელიც პირდაპირი ეთერებისას AR ტექნოლოგიას იყენებს“, – ყვება ოფიციალურ ბლოგში ლინდა ჩალმერსი, TVNZ-ის ოპერაციების გენერალური მენეჯერი.

პროექტის ფარგლებში, TVNZ-მა ერთ-ერთ სტუდიაში 17 მეტრის სიგრძის LED ვიდეოკედელი დაამონტაჟა, როგორც ფონი გარკვეული სცენარისთვის, რომელიც გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიის გამოყენებით, სტუდიაში ვითარდება. მაგალითად, Apollo XI-ის მისიის გაშუქებისას, ინტერაქტიული აპოლოს რაკეტა პირდაპირ ეთერში, „სტუდიიდან გაუშვეს“.

TVNZ ამბების გადმოცემისთვის ახალ გზებს ხვეწს და ამკვიდრებს პირდაპირ ეთერში გაფართოებული რეალობის (AR) ტექნოლოგიის გამოყენების პრაქტიკას. განსხვავებული ტელეეთერები მათ რეიტინგზე დადებითად აისახება. ისინი იყენებენ გაფართოებბულ რეალობას, იმისათვის, რომ პირდაპირ ეთერში, ინფორმაციის გადმოცემა მეტად ეფექტური და დასამახსოვრებელი გახდეს. იმისათვის, რომ ტელევიზიამ „დაიბრუნოს“ მაყურებელი, იპოვოს ახალი მიმართულება, რომელშიც, ჯერჯერობით, კონკურენციას ვერ გაუწევს ონლაინ მედია. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სტუდიებში გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიის დანერგვა დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული.

განხილვა