in

სამაჯური, რომელიც სახეზე ხელის შეხებას გაგიკონტროლებთ

veon
veon

COVID-19-ის გავრცელების საშიშროების პირობებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან არაერთ რეკომენდაციას ვისმენთ. მათ შორისაა – რაც შეიძლება იშვიათად შევეხოთ ჩვენს სახეს. ამერიკულ სტარტაპს, სახელად Slightly Robo, უკვე შექმნილი აქვს მოწყობილობა, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრაში შეიძლება დაგვეხმაროს.

თავის დროზე, სამაჯური Immutouch ტრიქოტილომანიასთან, ანუ თმის ამოგლეჯის დაუძლეველ სურვილთან საბრძოლველად შეიქმნა, თუმცა, მისი გამოყენება, კორონავირუსის გავრცელების პირობებშიც, შეიძლება ეფექტური იყოს, რადგან გასულ კვირას, კომპანიამ მოწყობილობის რედიზაინი დაასრულა და კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეულ საჭიროებებს მოარგო. კერძოდ, სამაჯური ვიბრირებს, თუ თქვენს სახეს შეეხებით. აქსელერომეტრი (ვიბრაციის ამსახველი), რომელიც სამაჯურშია ინტეგრირებული, წამში 10-ჯერ რეაგირებს ხელის მოძრაობაზე. კალიბრაციის (ანუ მთელი რიგი, თქვენზე მორგებული გაზომვების და სიზუსტის დადგენის) შემდეგ, მოწყობილობას შეუძლია გაიგოს, როდის ეხებით სახეს, ცხვირს, თვალს, პირს და ა.შ. Immutouch-ის აპლიკაციის დახმარებით კი შეგიძლიათ თვალი ადევნოთ თქვენს პროგრესს, „სახის არ შეხების“ საკითხში.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, მოწყობილობის მიზანი შემდეგია – გამოგიმუშავოთ „სახის არ შეხების“ ქცევა. უხეშად რომ ვთქვათ, გაგწვრთნათ. ამის მიღწევა კი ვიბრაციის საშუალებით ხდება. ვიბრაციის, რომელზეც ტვინი ნეგატიურად რეაგირებს და ღიზიანდებით. გაღიზიანების თავიდან ასარიდებლად კი, ეცდებით, აღარ შეეხოთ სახეს.

ერთი ცალი Immutouch-ის ფასი 50 დოლარია და როგორც კომპანია აღნიშნავს, ისინი სწრაფი მიწოდების რეჟიმში არიან. თუმცა, სავარაუდოდ, ერთ ადამიანს ორი სამაჯური დასჭირდება, თუ გამოხატულად ცაცია, ან მემარჯვენე არ არის. კომპანიის დანადამფუძნებელი ჯასტინ ისი, Techcrunch-თან საუბრისას ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული საჭიროებების გათვალისწინებით, ისინი ყიდიან პროდუქტს თვითღირებულების ფასთან მიახლოებულ ფასში, გამოყენებული მასალის, წარმოებისა და სხვა ხარჯების გათვალისწინებით.

თუ დავეყრდნობით კვლევას, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა და ტრიქოტილომანიასთან ბრძოლის კუთხით, მსგავსი, ვიბრაციის გამომცემი მოწყობილობების ეფექტურობას ეხება, Immutouch შეგვიძლია სასარგებლო გაჯეტად ჩავთვალოთ. კვლევის ფარგლებში, მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვიბრაცია მოკლე დროში ამცირებს თმის ამოგლეჯვის შემთხვევებს და ასევე, პოზიტიური მოქმედების ეფექტს ინარჩუნებს გრძელვადიან პერსპექტივაში. დაახლოებით 5 წლის წინ კი Slightly Robo-ს ასეთი პროექტიც ჰქონდა – მოწყობილობა, სახელად Pavlok, რომელიც სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებებაში, ან ფეისბუკის გახსნისგან თავის შეკავებაში დახმარებას გვთავაზობდა.

სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, სოციალური მედიები, თუ სხვა წყაროები მუდმივად ცდილობენ გვასწავლონ, ან შეგვახსენონ ხელის დაბანის მნიშვნელობა და ზუსტი ინსტრუქცია, რომლის დაცვაც კორონავირუსის და სხვა მსგავსი საშიში ინფექციის გავრცელებისგან თავის არიდებისთვის ეფექტური გზაა. ჩვენ ვიბანთ ხელებს, თუმცა, საჭირო სიხშირით არ ვწმენდთ (სადეზინფექციო ხსნარებით) ტელეფონებსა თუ ლეპტოპებს, რომლებთანაც ხელის დაბანამდე და დაბანის შემდეგაც გვაქვს შეხება. შესაბამისად, (და არამხოლოდ ამ არგუმენტის გამო), ინფექციის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, სახის, თვალების, პირის და ცხვირის შეხებისგან თავის შეკავება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

თიბისი დაზღვევა კორონავირუსის პრევენციისთვის – დამატებითი პირობები დაზღვეულებს

კორონავირუსით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური შედეგების შესამცირებლად კრისტალი მომხმარებლებს 3 თვიან საშეღავათო პერიოდს აუმოქმედებს