in ,

იმუნური აღმოჩენა – შანსი „განვკურნოთ სიმსივნით დაავადებული ყველა პაციენტი“

იმუნური სისტემის ახლადაღმოჩენილ უჯრედს შეუძლია ნებისმიერი ტიპის სიმსივნე განკურნოს – ამის შესახებ კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერები იტყობინებიან. ლაბორატორიულ ცდებში უჯრედმა პროსტატის, მკერდის და ფილტვის კიბოსთან გამკლავება შეძლო. Nature Immunology-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ჯერჯერობით, ეს მეთოდი ადამიანებზე არ გამოუცდიათ, თუმცა მას „არანორმალურად დიდი პოტენციალი“ აქვს. ხოლო ექსპერტები ამბობენ, რომ ის, რაც ამ ეტაპზე, ანუ კვლევის ადრეულ სტადიაზეა ცნობილი, ძალიან ამაღელვებელია. BBC-ზე დაყრდნობით, გთავაზობთ უფრო მეტ დეტალს, რომელიც ამ აღმოჩენის მნიშვნელობასა თუ სანდოობას ეხება.

რა აღმოაჩინეს?
ჩვენი იმუნური სისტემა ორგანიზმის თავდაცვის მექანიზმია, რომელიც ბუნებრივად გვაქვს და რომლის დახმარებითაც სხვადასხვა ინფექციასთან, მათ შორის, ძალიან მარტივ და ყველასთვის ნაცნობ გაციებასთან ბრძოლა შეგვიძლია. აღსანიშნავია, რომ ადამიანის იმუნურ სისტემას სიმსივნურ უჯრედებთან ბრძოლაც შეუძლია, თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩვენში არსებული ეს ბუნებრივი თავდაცვის მექანიზმი არც ისე ეფექტიანია.

T-უჯრედები ჩვენს სისხლში არსებული უჯრედები არიან, რომლებიც მუდმივად ცდილობენ ორგანიზმის ფუნქციონირების წინაშე არსებული საფრთხეები ამოიცნონ და მათ გაუმკლავდნენ. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი ტიპის T-უჯრედი, რომელსაც, მათი თქმით, აქვს უნარი სხვადასხვა ტიპის სიმსივნურ უჯრედს შეუტიოს. „ეს არის შანსი განვკურნოთ სიმსივნით დაავადებული ყველა პაციენტი… აქამდე, არავის სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო“, – ამბობს პროფესორი ენდრიუ სეველი BBC-სთან საუბრისას.

როგორ მუშაობს?
ახლადაღმოჩენილ T-უჯრედებს ზედაპირზე აქვთ „რეცეპტორები“, რომლითაც მათი გარემოს ქიმიური აღქმა შეუძლიათ. ასე, T-უჯრედი ამგვარი რეცეპტორის საშუალებით ახერხებს ამოიცნოს სიმსივნური უჯრედი და ებრძოლოს მას. უფრო კონკრეტულად, T-უჯრედი აღიქვამს მოლეკულა MR1-ს, რომელიც ადამიანის ორგანიზმში არსებული უჯრედების ზედაპირზე ხვდება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ჯანსაღი და კიბოს უჯრედების ერთმანეთისგან გარჩევას, მოლეკულის აღქმისას, უჯრედი მეტაბოლური (ნივთიერებათაა ცვლის) ცვლილებების დაფიქსირების ხარჯზე ახერხებს. შესაძლოა, სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც უჯრედი ხელუხლებლად ტოვებს ჯანსაღ უჯრედებს და თავს ესხმის/ანადგურებს სიმსივნურებს.

მართალია, ლაბორატორიაში უჯრედმა კანის, ფილტვების, სისხლის, სწორი ნაწლავის, მკერდის, ძვლის, პროსტატის, საკვერცხეების, საშვილოსნოს და თირკმლის კიბოს უჯრედები წარმატებით გაანადგურა, მაგრამ, ჯერ კიდევ შესწავლის საგანია, ზუსტად როგორ მოახერხა ეს.

T-უჯრედებს აქამდეც იყენებდნენ?
აღსანიშნავია, რომ T-უჯრედებს სიმსივნის წინააღმდეგ უკვე იყენებენ, თუმცა, ახლადაღმოჩენილი T-უჯრედი სხვა სპეციფიკისაა. იმუნოთერაპია კიბოსთან ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდადაა ცნობილი. აქამდე, ყველაზე ცნობილი მეთოდი CAR-T-ია, რომლის ფარგლებშიც გენმოდიფიცირებულ T-უჯრედებს იყენებენ, თუმცა ეს მეთოდი კონკრეტული ტიპის სიმსივნის შემთხვევაში გამოიყენება. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ეს მეთოდი ეფექტური, ძირითადად, მხოლოდ ლეიკემიის შემთხვევაშია. ახლადაღმოჩენილ T-უჯრედს კი, როგორც მეცნიერები ამბობენ, ყველა ტიპის სიმსივნესთან გამკლავება შეუძლია.

როგორია წარმოდგენები სიმსივნის მკურნალობის ახალ მეთოდზე, რომელიც ახლადაღმოჩენილი T-უჯრედის გამოყენებით შეიძლება შეიმუშავონ?
იდეის თანახმად, სიმსივნით დაავადებული პაციენტისგან აიღებენ სისხლის ნიმუშს, საიდანაც T-უჯრედებს გამოაცალკევებენ, იმუშავებენ მის გენეტიკურ მოდიფიკაციაზე და „გადააპროგრამებენ“ ისე, რომ სიმსივნის უჯრედების პოვნა და განადგურება შეძლოს. უფრო კონკრეტულად, მისცემენ ამ ახლადაღმოჩენილი უჯრედის რეცეპტორებს. გადაპროგრამირებულ უჯრედებს მეცნიერები ლაბორატორიაში გაამრავლებენ, შემდეგ კი პაციენტში შეიყვანენ. თუმცა, ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს ის ფაქტორი, რომ ეს მეთოდი, ჯერჯერობით, ადამიანებზე არ გამოუცდიათ.

Infographic explaining how CAR-t works

კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ უსაფრთხოების ცდების შემდეგ, სიმსივნით დაავადებულ პაციენტებზე ახალი მეთოდის გამოცდას 2020 წლის ბოლოსთვის მაინც შეძლებენ.

თიბისიმ უზბეკეთში წინასწარი საბანკო ლიცენზია მიიღო

როგორ მოვასწროთ მეტი, ნაკლებ დროში