საკურას ყვავილობა, დამახასიათებელი არქიტექტურა, ფერადი ბანერებით სავსე ქალაქები ცამდე შენობებით, შინჯუკუსავით უსასრულო და ძალიან დიდი რკინიგზის სადგურები, ზღვის პროდუქტებით სავსე სამზარეულო და, რაც მთავარია, აურა, რომელსაც ათასობით კილომეტრით შორსაც კი აღიქვამ. ეს იაპონიაა, ამომავალი მზის ქვეყანა, უამრავი ინოვაციისა და შთაგონების წყარო. ქვეყანა, რომელსაც ერთხელ თუ ნახე, ვერ ივიწყებ და თუ არ გინახავს, აუცილებლად სანახავ ქვეყანათა სიაში უნდა ჩაამატო.
ახლა, როცა მოგზაურობა ყველასთვის ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს და ქვეყნები ამ მომენტში იმაზე უფრო შორი არიან, ვიდრე გვეჩვენება, ლიტერატურა ერთ-ერთი ძალიან კარგი ხერხია საიმისოდ, რომ სხვა, ჩვენთვის უცნობ ადგილებში ვიმოგზაუროთ.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ იაპონური კულტურის გაცნობას ძალიან კარგად ახერხებენ იაპონელი მწერლები. ისინი დეტალებში გვიყვებიან იმ თავისებურებების შესახებ, რაც იაპონიას ახასიათებს. გვიყვებიან სახლებზე, რომლებშიც თავიანთი პერსონაჟები ცხოვრობენ, ქუჩებზე, რომლებზეც ისინი დადიან, საკვებ ობიექტებსა და თავად საკვებზე, ქალაქებზე, პრეფექტურებზე, სოფლებზე, აქაურების ურთიერთობაზე – მეგობრობაზე, სიყვარულზე და, რაც მთავარია, იაპონელების ყოველდღიურობაზე.
ალბათ რთული იქნება, გავიხსენოთ თუნდაც ჰარუკი მურაკამის ერთი ნაწარმოები მაინც, რომელიც ზემოხსენებულ თემებზე არ საუბრობს და იაპონურ ყოველდღიურობაში არ გვამყოფებს. ამას მშვენივრად ახერხებს თავის ერთ-ერთ ნაწარმოებშიც “მიწისძვრის შემდეგ”, რომელიც ზიზღსა და მიწისძვრას ერთმანეთთან აკავშირებს. ტორუ ვატანაბეს გრძელი, საინტერესო, სიყვარულითა და სხვა ბევრი შეგრძნებით დატვირთული ამბის წაკითხვას კი ნაწარმოებში “ნორვეგიული ტყე” შეძლებთ.
საკმაოდ საინტერესო ამბებს გვიყვება კიდევ ერთი იაპონელი მწერალი იუკიო მიშიმა თავის წიგნებში. ერთ-ერთი მათგანია “სიყვარულის წყურვილი”, რომელშიც მთავარ გმირს, ქვრივ ეცუკოს თავისი ახალგაზრდა მოსამსახურე უყვარდება. ნაწარმოებში “ანგელოზის გახრწნა” კი მიშიმა ხანში შესულ, შეძლებულ ჰონდაზე გვიყვება, რომელიც 16 წლის ობოლ ტორუს მემკვიდრედ იღებს.
იაპონურ ლიტერატურაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ძიუნიტირო ტანიძაკისაც. მის შემოქმედებაში აღსანიშნავია მისი ბოლო რომანი “ავადმყოფი მოხუცის დღიური”, რომელიც ერთგვარ ტრაგიკომედიას წარმოადგენს.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ გენკი კავამურაც და მისი ნაწარმოებიც ”თუ კატები გაქრებიან სამყაროდან”. ესაა ისტორია ერთი კაცის მოგზაურობის შესახებ, რომელსაც სურს, გაარკვიოს, რა არის მნიშვნელოვანი თანამედროვე ცხოვრებაში.
ნაცუო კირინო, იოკო ოგავა, ტოშიკაცუ კავაგუჩი და კიდევ უამრავი იაპონელი მწერალი დაგეხმარებათ იაპონიის აღმოჩენაში. ისინი მოგიყვებიან ისტორიებს, რომლებიც ჯერ არსად გაგიგიათ და რომლებიც მხოლოდ იაპონიაში ხდება.
სულ მალე იაპონიაში საკურა გაყვავილდება და ყველაზე მიმზიდველი სეზონი დადგება. კომპანია “English Book Education-მა” კი გადაწყვიტა, იაპონური კულტურა უფრო მეტად ახლობელი გახადოს ჩვენთვის და მასთან დაკავშირებით კამპანია წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში გამომცემლობა ქართველ აუდიტორიას უკვე ნაცნობი და ჯერ კიდევ უცნობ იაპონელ მწერლებს გააცნობს.
კონკრეტული კვირა კონკრეტულ მწერალს დაეთმობა, გამომცემლობის საიტზე დაიდება წიგნების მიმოხილვები, ბლოგები. ამასთან მთელი თვის განმავლობაში იაპონელ მწერლებზე იქნება 20%-იანი ფასდაკლება როგორც საიტზე, ასევე ფიზიკურ მაღაზიაში. ონლაინ შეძენის შემთხვევაში, შეფუთვა მთლიანად იაპონური სტილით მოხდება, ხოლო ფიზიკურად მაღაზიაში მისულ ადამიანს იაპონური სტილით გაწყობილი მაღაზია დახვდება ჭავჭავაძის 14-ში და ბათუმის მაღაზიაში (ბარათაშვილის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩის კვეთა).
ასე რომ, მომავალი კვირების განმავლობაში შეგიძლიათ, შეიძინოთ იაპონური ლიტერატურა, ეწვიოთ English Book Education-ის იაპონურად მოწყობილ მაღაზიას და ფიზიკურად თუ არა, აბსტრაქტულად მაინც შეიგრძნოთ იაპონიის სურნელი.