9
Sep
2019

„ბაღის პირველი დღიდან, ყველაფერი ერთად გადავლახეთ!“ – #ჩელენჯერები: ქეთი ებანოიძე და ელენე ჟვანია

9 Sep 2019

ამბის კარგად თხრობა ყველას გვჭირდება, მნიშვნელობა არ აქვს, რას აკეთებ, ყველა შემთხვევაში უნდა შეძლო, შენი სათქმელი სწორად გადმოსცეო, მითხრა ერთხელ ერთმა რესპონდენტმა. მერე დავფიქრდი და კი მაგრამ, რა იგულისხმება სწორად გადმოცემაში-მეთქი? – პირად გამოცდილებას დავეყრდენი და ალბათ, გულწრფელობა, იუმორი და მარტივი ენით საუბარი, ჩამოვყალიბდი.

ხოდა ასე, ჩემი წესებით თუ დავიწყებ ამ ამბის თხრობასაც, პირველ რიგში, გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ ზუსტად არ ვიცი, სად ჯობს, ვახსენო, რომ ამბავს რუბრიკა „ჩელენჯერის“ ფარგლებში გიყვებით, თუმცა კი, უკვე ვახსენე და მაშინ, ბარემ იმასაც მოვაყოლებ, რომ რუბრიკის სპონსორი შოტლანდიური ვისკის ბრენდი „გლენფიდიჰია“…

მემგონი, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გადალახულია და ახლა უკვე მთავარ ამბავზე გადავალ. იმ ადამიანების გაცნობაზე, რომლებიც არამხოლოდ ჩემი აზრით, საზოგადოებაში ჩელენჯერებად ირიცხებიან…

ტექსტის შექმნას გაათმაგებული პასუხისმგებლობით ვეკიდები, რადგან ამჯერად, ჩელენჯერები ქეთი ებანოიძე და ელენე ჟვანიაბაღის პირველი დღიდან, ყველაფერი ერთად რომ გადალახეს – „ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალის“ ავტორები არიან. სულ ცოტა ხნის წინ, მსოფლიოდან სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები შეკრიბეს და სთხოვეს, გაეზიარებინათ ის, თავ-თავიანთ სფეროში ამბავს როგორ ჰყვებიან.

ფესტივალი მხოლოდ და მხოლოდ ერთი-ერთი პროექტია იმ დიდი და მრავალფეროვანი საქმიდან, რომელსაც ისინი Impact Hub Tbilisi-ს ფარგლებში ემსახურებიან. Impact Hub სამუშაო სივრცის საერთაშორისო ბრენდია, რომელიც საქართველოში გიორგი ახალკაცის ინიციატივით, ქეთისა და ელენესთან ერთად დაფუძნდა.

იმის გათვალისწინებით, რომ თავად ქეთი და ელენე ნაკლებად იზიარებენ მათთვის მინიჭებულ „ჩელენჯერის“ სტატუსს და ასევე, ძნელად აღიარებენ, რომ საქართველოში საერთო სამუშაო სივრცის კულტურის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვით, ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, თავადვე მოეძებნათ „ჩელენჯერის“ ქართული შესატყვისი და იქნებ, იმაზე აზრიც შეეცვალათ, რომ გულწრფელად იმსახურებენ ასეთ შეფასებას:

ქეთი: „ჩელენჯერი“ მეამბოხე ადამიანია, რომელიც საკუთარ თავს სულ ახალ-ახალ გამოწვევებს უსახავს და ცდილობს, დასახულ მიზანს მიაღწიოს.

ელენე: კომფორტის ზონის დატოვება არის ჩელენჯერობა.

როგორც უკვე გაკვრით ვახსენე, ქეთისა და ელენეს მეგობრობა ბაღიდან იწყება. მერე მე-4 კლასამდე სკოლაშიც ერთად იარეს. ელენე გერმანიაში რომ წავიდა, ქეთი იქაც ახერხებდა ხოლმე ჩასვლას, შემდეგ იყო, ერთდროულად, 19 წლის ასაკში, ორი კვირის ინტერვალით, ოჯახების შექმნა, შვილები… მათთან ერთად, სამსახურისთვის ღამეების თენება და სხვა. Google-შიც რომ ჩაწეროთ „ქეთი ებანოიძე და ელენე ჟვანია“, რამდენიმე წამში ამოგიყრით საერთო ფოტოებს, ინტერვიუებს, ინიციატივებს… მოკლედ, ყველაფერს ერთად.Impact Hub Tbilisi-ს დაფუძნების ამბავი კი, ასე იყო:

ოცნება რომ გაქვს და ერთ დღესაც რომ აიხდენ, ეგრე მოგვივიდა… სულ სხვადასხვა სფეროში ვიყავით ჩართულები და ყოველთვის გვინდოდა, რომ საერთო საქმე გვქონოდა. მერე უცებ აღმოვჩნდით ერთად. გიორგი ლონდონში ცხოვრობდა და თავისი სახლის კუთხეში აღმოაჩინა Impact Hub-ის სამუშაო სივრცე. ძალიან მოეწონა და გვითხრა, რომ საქართველოში რაიმე ასეთი უნდა გაგვეკეთებინა, – ქეთი ებანოიძე.

„უცებ აღმოვჩნდით“ არ ნიშნავს, რომ ამ იდეის განხორციელება მარტივი იყო… დიდ კომპანიაში კარგი პოზიციების დათმობა, მით უფრო მაშინ, როცა ქეთი ფეხმძიმედ იყო და ისეთი საქმიანობის დაწყება, წარმოდგენა რომ არ ჰქონდათ, საქართველოში გაამართლებდა, თუ არა.

ქეთი: არ ვიცოდით, საერთო სამუშაო სივრცე ვისთვის იქნებოდა საინტერესო… ჩვენთან ძალიან უყვართ პირადი სივრცის ქონა, ნაჭუჭში ყოფნა და ვეჭვობდით, რამდენად მოერგებოდა ეს ინიციატივა ქართველებს.

ელენე: ორმაგი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით – ჯერ სამუშაო კულტურის შესახებ უნდა გველაპარაკა და შეგვეცვალა დამოკიდებულება: „მოვდივარ, ვმუშაობ და ფული კიდევ მე უნდა ვიხადო?“ მაგრამ სამუშაო კულტურის ცნობადობის გაზრდამ ისე იმუშავა, რომ დღეს, უკვე ვეღარ ვეტევით.

M: მეგობრების ერთ საქმეში ყოფნა რამდენად კარგად მუშაობს? სწორად  მიღებული გადაწყვეტილებაა?
ქეთი:
სულ მაგას გვეკითხებიან, „საქმე არ ფუჭდება?“ – მე მგონია, რომ იმ ადამიანთან თანამშრომლობა, რომელსაც რაიმე საქმის კეთების მოტივაცია და ამასთან, პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, პირიქით, რაც უფრო ახლობელია, მიზნამდე მიღწევაც მით უფრო სასიამოვნო ხდება. ჩვენს შემთხვევაში, საერთო ენაზე ვსაუბრობთ, ღირებულებები გვაერთიანებს და სამუშაო პროცესში ეს ძალიან კომფორტულია.

M: როგორც ვხვდები, მოგწონთ თქვენი ყოველდღიურობა, საქმიანობის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე… რას გულისხმობთ, როცა ამბობთ „მრავალფეროვანს“?
ელენე:
გარდა იმისა, რომ Impact Hub-ის კონცეფცია საშუალებას გვაძლევს, ერთ სივრცეში თავი სხვადასხვა პროფესიის ადამიანს მოვუყაროთ და ისინი არა მხოლოდ ჩვენთან, ერთმანეთთანაც დავაკავშიროთ და აზრები გავცვალოთ, ასევე, ვფიქრობთ და ვახორციელებთ, ჩვენი აზრით, საჭირო პროექტებს… ძირითადად, ორიენტირებულები ვართ, ნებისმიერი თაობის წარმომადგენელს თავში ჩავუნერგოთ: „დექი და თავად გააკეთე“.

ქეთი: „სტარტაპ ანბანი“ გვაქვს ბავშვებისთვის, ასევე, „რესტარტი“ სამოცი წლის ქალებისთვის, რაც დიასახლისებისთვის სამეწარმეო უნარების განვითარებას გულისხმობს, Social Impact Award სტუდენტებისთვის და სხვა. ახლა, მაგალითად, ახალ კურსს ვგეგმავთ იმიტომ, რომ რაღაც პრობლემამ შეგვაწუხა და გვინდა, ჩვენ მოვაგვაროთ, რადგან შენზე გულით არავინ იზამს იმას, რაც შენ გეხება.

ელენე: რაღაცის შესაქმნელად არაა საჭირო, სტივ ჯობსი იყო. რომ ხედავ, გარემოს რაღაც აკლია, რაღაც სჭირდება და მოტივაცია გაქვს: „მოდი, ჩვენ გავაკეთოთ“ და რაც მთავარია, გჯერა, რომ გამოვა, ძალიან კარგი გრძნობაა.

M: ჩვენ მხოლოდ წარმატებულ ადამიანებს ვხედავთ და ძალიან ცოტა ვიცით ხოლმე შედეგების მიღმა არსებულ შეცდომებზე, წარუმატებლობაზე… რას გვეტყვით იმისთვის, რომ მარცხმა ფარ-ხმალი არ დაგვაყრევინოს?
ქეთი:
შეცდომას მხოლოდ ის არ უშვებს, ვინც არაფერს აკეთებს და პირიქით, თუ რამეს აკეთებ, გამორიცხულია, რომ შეცდომების დაშვების გარეშე აკეთო ის.

სხვათა შორის, მარცხთან დაკავშირებითაც გვაქვს პროექტი: FuckUp Nights, სადაც წარმატებული ადამიანები, სხვადასხვა სფეროდან, თავიანთი შეცდომების შესახებ გვიყვებიან.

M: და როგორ ფიქრობთ, რა უნარები გვჭირდება იმისთვის, რომ  პირველ რიგში, შეცდომების დაშვების არ შეგვეშინდეს და თამამი ნაბიჯები გადავდგათ?
ქეთი: ამ შემთხვევაში, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება მინდა, გამოვყო – ადაპტაციის უნარი. არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებ და როგორი გენიალური იდეა გაქვს, თუ ვერ შეძლებ შენი გეგმების, ინიციატივებისა თუ იდეების რეალობასთან ადაპტაციასა და მიმდინარე მოვლენებთან ფეხის აწყობას, შეძლებს სხვა და ბევრად უკეთეს შედეგსაც მიიღებს. 

ელენე: ჩემი აზრით, მიმღებლობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

M: ელენე, დღეს ხშირად, ახალგაზრდებს არჩევანის გაკეთება უწევთ, დარჩნენ საქართველოში და აქ იპოვონ საკუთარი საქმე, თუ წავიდნენ საზღვარგარეთ? შეგეძლო, გერმანიაში დარჩენილიყავი და იქ გესწავლა, რატომ დაბრუნდი?
დაბრუნება სულ მინდოდა და ამის გამო, ჩხუბი და სკანდალი გვქონდა ხოლმე ოჯახში. როგორც იყო, დავამთავრე სკოლა და იმის მაგივრად, რომ სწავლა იქ გამეგრძელებინა, დედა, მამა, ძმა, ყველაფერი დავტოვე, ავდექი და აქ მარტო ჩამოვედი. მაგრამ საერთოდ არ ვნანობ. მომწონს აქ ცხოვრება. იქ, მუდმივად საქმეზე ორიენტირების გამო, სულიერება ნულზეა დაყვანილი… მოკლედ, მინდა, სტუმრად ვისაც როდის უნდა, მაშინ მოვიდეს. ასეთი წვრილმანების გამო ვარ აქ.

ქეთი ებანოიძე 35 წლისაა, პროფესიით ჟურნალისტი, ელენე ჟვანიაც, რომელსაც სამართლისა და ეკონომიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, როგორც ამბობს, ამასობაში, უკვე 35 წლისა შეიქნა. 

საუბრის  პროცესში, კიდევ არაერთი დამთხვევის საინტერესო აღმოჩენები გავაკეთეთ და დასასრულ, ამასაც გაგიზიარებთ. აღმოჩენაში კი, ეს კითხვა დაგვეხმარა: „დაკარგული ძვირფასი ნივთის პოვნა რომ შეგეძლოთ, რა იქნებოდა ის?“

ქეთი: ჩემი ბავშვობის დღიური.

ელენე: მეც ზუსტად იგივე. 9 წლის ვიყავი, ოჯახთან ერთად გერმანიაში რომ წავედი. მესიჯები, მეილები არ არსებობდა და ვინც კი მოდიოდა ხოლმე, ყველას წერილი მოჰქონდა ჩემთან. იმდენი დავაგროვე, რომ მთელს ოთახში კედელზე გავაკარი. ყველაზე დიდი განძი იყო… მერე საქართველოში ჩამოვიტანე და ერთიდან მეორე სახლში გადაბარგებისას დავკარგე. 9 წლის განმავლობაში დაგროვებული წერილები…

დასასრულის დასასრული: დასაწყისში, ერთი წესი გამომრჩა. ამბავი აუცილებლად უნდა შეიკრას ისე, რომ თავში დასმულ კითხვის ნიშნებს ბოლოს გაეცეს პასუხი. ხოდა ასე, ის „ერთი რესპონდენტი“ ქეთი ებანოიძე იყო.

ავტორი: თიკა გეგენავა

განხილვა