ბრისტოლის ჰოსპიტალი მსოფლიოში პირველია, რომელმაც პაციენტი ტვინის პატარა იმპლანტით პარკინსონის დაავადების სიმპტომებისგან განკურნა.
Southmead Hospital-ის ქირურგებმა ტვინის ღრმა სტიმულაციის (DBS) მოწყობილობა გამოიყენეს, პარკინსონის დაავადებით გამოწვეული ტვინის უჯრედების იმპულსების აღმოსაფხვრელად.
ტონი ჰოუელსმა, პირველმა ადამიანმა, რომელმაც მიიღო მკურნალობა, თქვა, რომ ეფექტი გასაოცარია. მომავალი წლისთვის კვლევის გასაგრძელებლად უკვე 25 პაციენტი შეირჩა. როგორც ჰოუელსი იხსენებს, 2019 წელს, ოპერაციის დაწყებამდე, მეუღლესთან ერთად ისვენებდა, მაგრამ მცირე მანძილის გავლაც კი უჭირდა. ხოლო ოპერაციიდან ერთი წლის შემდეგ მან 4 კილომეტრი უპრობლემოდ გაიარა.

საგულისხმოა, რომ ამჟამად არ არსებობს პარკინსონის დაავადების განკურნების მეთოდი. დაავადება ტვინის ნაწილებს თანდათანობით აზიანებს. მისი სიმპტომები მოიცავს სხეულის ნაწილების უნებლიე, უკონტროლო კანკალს, ნელ მოძრაობას, დაჭიმულობას და მოუქნელ კუნთებს. ადამიანთ უმეტესობას აღნიშნული სიმპტომებო 50 წლის შემდეგ უვითარდება, მაგრამ პაციენტების დაახლოებით 5% 40 წელზე მცირე ასაკზე მოდის.
პარკინსონის მკურნალობის ტრადიციული ოპერაციები გულისხმობს საკმაოდ დიდი ბატარეის ჩანერგვას მკერდში, მავთულებით, რომლებიც კანის ქვეშ გადის თავის ზედა ნაწილამდე. ახალი DBS სისტემა კი ყველაზე პატარაა, რაც კი ოდესმე შექმნილა და მოიცავს პატარა ბატარეის სისტემას, რომლის იმპლანტაციაც თავის ქალაში ხდება. შედეგად, ელექტრული იმპულსები პირდაპირ ტვინის საჭირო უბნებს გადაეცემა.

ახალი მეთოდით ოპერაციას მხოლოდ სამი საათი სჭირდება. ეს ორჯერ ნაკლები დროა, აქამდე არსებული უფრო დიდი მოწყობილობის იმპლანტაციის პროცესთან შედარებით.
„ვერ გაიგებთ, რამდენად საშინელია ეს დაავადება, თუ თავად არ განიცდით მას. აქამდე ფეხსაცმლის ჩაცმაც კი მიჭირდა, ახლა კი გოლფის თამაშიც შემიძლია“, — ამბობს ჰოუელსი.
ნევროლოგი დოქტორი ალან ვონი აღნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთში პარკინსონით დაახლოებით 140 000 ადამიანია დაავადებული და თუ კვლევები წარმატებით დასრულდება მათგან ბევრი განიკურნება. „თუმცა, თუ უფრო ხანდაზმული ხართ, ან გაქვთ მეხსიერების პრობლემებით გამოხატული პარკინსონის დაავადება, შეიძლება, ამ მეთოდმა შესაბამისი შედეგი ვერ მოგცეთ. ხოლო, თუ თქვენ შედარებით ახალგაზრდა ხართ და თქვენზე თავის ტვინის ოპერაციის ჩატარება შესაძლებელია, შედეგები გასაოცარი იქნება“.
იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს საკმარისი რესურსი ექნება ოპერაციების ჩასატარებლად, ათასობით პაციენტის ცხოვრების შეცვლა იქნება შესაძლებელი.











