დღესდღეობით ტყის საფარი დედამიწაზე არსებული ხმელეთის მესამედს შეადგენს და იგი პლანეტისთვის ყველაზე უფრო ორგანულ ადგილს წარმოადგენს, რომლის მიღმაც უამრავი ცოცხალი არსება ბინადრობს. ყოველწლიურად ადამიანები მილიონობით ჰექტარ მიწას ითვისებენ, რაც საბოლოო ჯამში, ტყის საფარის მნიშვნელოვნად შემცირებაში გამოიხატება. ნადგურდება ეკოსისტემები, რის შედეგადაც სიცოცხლეს წყვეტს უამრავი ცოცხალი ორგანიზმი.
ტყეები ადამიანებს სრულიად უსასყიდლოდ მოგვეცა. თუმცა, კაცობრიობამ რატომღაც ისე გაიგო, რომ მისი რესურსის გამოყენება უსასრულოდ, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეიძლება. გარდა იმისა, რომ ტყეს ადამიანის საქმიანობა დიდ ზიანს აყენებს, ხშირად ეს ადგილები დიდი ტრაგედიების მსხვერპლი ხდება, რისი მაგალითებიც ამაზონის და ავსტრალიის ხანძრებია. ძალიან ბევრი მიზეზის გამო ტყეს გაფრთხილება სჭირდება. ამ მიზეზთაგან რამდენიმეს კი ჩვენ ჩამოგითვლით:
ტყეები გვეხმარება სუნთქვაში
ტყეები გამოყოფენ ჟანგბადს, რომელსაც ვსუნთქავთ და შთანთქავენ ნახშირორჟანგს, რომელსაც ჩვენ ამოვისუნთქავთ. ერთი ხე დღის განმავლობაში იმდენ ჟანგბადს აწარმოებს, რამდენიც დღიურად მინიმუმ ორი, მაქსიმუმ კი ათი ადამიანისთვისაა საჭირო.
ტყე მხოლოდ ხეები არ არის
დედამიწაზე არსებული ცოცხალი ორგანიზმების გამორჩეული სახეობების უმეტესობა სწორედ ტყეში ცხოვრობს – უფრო კონკრეტულად კი, ბიომრავალფეროვნების 80%. ყველაზე უფრო მრავალფეროვანი სახეობებით კი ტროპიკული ტყეები გამოირჩევიან. თუკი ტყეებს საფრთხე დაემუქრებათ, ავტომატურად დაემუქრებათ საფრთხე აქ არსებულ ცოცხალ ორგანიზმებსაც.
ტყეში ადამიანებიც ცხოვრობენ
მსოფლიო მასშტაბით ტყეში დაახლოებით 300 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, უფრო მეტი კი – ტყეებთან ახლოს. ამიტომაც, ტყის მოფრთხილება საჭიროა არა მხოლოდ აქ არსებული ხეებისა და სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმის გამო, არამედ მოსახლეობის გამოც, რადგან ისინი სწორედ აქ არსებულ პირობებთან არიან ადაპტირებულნი.
ტყე ინარჩუნებს სიგრილეს
ტყე მნიშვნელოვან როლს თამაშობს კლიმატის დარეგულირებაშიც. ტყის საფარი აკავებს მზიდან წამოსულ ულტრაიისფერ სხივებს და ინარჩუნებს სიგრილეს, რაც ხელს უწყობს გლობალური დათბობის შეჩერებას. რაც უფრო შემცირდება ტყის საფარი, მით მეტი შანსი იქნება, კლიმატის ცვლილების მწვავე შედეგები ვიწვნიოთ.
ტყეები ხელს უშლიან წყალდიდობას
ხეთა ფესვებს აქვთ უნარი, შეიწოვონ მაქსიმალურად შეიწოვონ წყალი, რაც წყალდიდობის თავიდან არიდებას შესაძლებელს ხდის. ხეები აკავებს დიდი რაოდენობით წყალს, რის შედეგადაც არ ხდება ნიადაგის გადარეცხვა და არ ზიანდება გარემო.
ტყეები ბლოკავს ქარს
ხშირად ფერმერები თავიანთი საქმიანობისთვის სწორედ ტყისპირა ადგილებს ირჩევენ, რადგანაც აქაურობა საკმაოდ ნაყოფიერი, დიდი რესურსის მქონეა. გარდა ტყის ამგვარი სარგებლისა, აქ არსებული ხეები ბლოკავენ ქარს, რაც ფერმერული საქმიანობისთვის ნამდვილად ხელშემწყობი პირობაა.
ტყე ჭუჭყს იგროვებს
როდესაც ჭუჭყი ტყეში ხვდება, ტყეს აქვს უნარი, გაწმინდოს ნიადაგი. ტყის საფარის შემცირება გამოიწვევს ჭუჭყის მასშტაბურ ნიადაგზე მოხვედრას, რაც ნიადაგს დააზიანებს. ამიტომაც, ტყე ხელს უწყობს მიწას ნაყოფიერების შენარჩუნებაში.
ტყე ხელს უშლის ხმაურით დაბინძურებას
ტყეში ხეები ხმაურის საუკეთესო ბარიერები არიან. ისინი ახშობენ გარე ხმებს და ნატურალური ხმების გარემოცვას ქმნიან.
ტყე გვკვებავს
სწორედ ტყეში მოიპოვება ყველაზე მეტი საკვები რესურსი, რაც ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ ტყე აუცილებლად გვჭირდება.
ტყეში უამრავი განსაკურნებელი საშუალება მოიპოვება
გარდა იმისა, რომ ტყეში ძალიან ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსი მოიპოვება, იგი უამრავ ბუნებრივ მედიკამენტს გვაძლევს, რომლებიც სერიოზულ დაავადებებს კურნავენ. მაგალითად, ასთმის პრეპარატ თეოფილინს კაკაოს ხეებიდან მოიპოვებენ. ასევე, კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტების 70% მოიპოვება ტყეში.
ყველა ამ მიზეზის და კიდევ მრავალი ფაქტორის გამო, აუცილებელია ტყეს გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ იგი იმგვარი სახით, როგორითაც მოგვეცა.
სტატია მომზადებულია CENN-თან პარტნიორობის ფარგლებში
ავტორი: თინათინ უგრეხელიძე