იმპოსტერის სინდრომი საკმაოდ გავრცელებულია და მას ზოგჯერ ვერც ამჩნევენ, ადამიანის ხასიათის ნაწილი ჰგონიათ. ის ხშირად ემართებათ წარმატებულ ადამიანებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ყველაფერი, რასაც მიაღწიეს, შემთხვევითობის ბრალია და არა მათი მონდომებისა და ჭკუის.
თუ ეს შეგრძნება გეცნობათ, მარტო არ ხართ. იმპოსტერის სინდრომი აწუხებთ გამოცდილ კრეატიულ და აღმასრულებელ დირექტორებსაც კი, თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ მისი მართვა შესაძლებელია.
სტატიაში გაგიზიარებთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომლებიც ამ სინდრომის დამარცხებაში თუ არა, მორჯულებაში მაინც დაგეხმარებათ.
პრაქტიკული სტრატეგია, რომელიც მუშაობს
იმპოსტერის სინდრომი ხშირად საკუთარი თავის სხვასთან შედარებას გულისხმობს. ეს სინამდვილეში იმიტომ ხდება, რომ სხვებს არც ისე კარგად იცნობთ და მათი მიღწევები ყოველთვის თქვენსაზე უკეთესი გგონიათ.
გამოცდილი კრეატორები გვირჩევენ, ჩამოვწეროთ ჩვენი, თუნდაც, პატარ-პატარა წარმატებები, რომლებსაც პერიოდულად გადავხედავთ და გავიხსენებთ. ეს დაგვეხმარება, რომ საკუთარი შრომა დავაფასოთ.
ანალიტიკური მიდგომა
თუ გსურთ, რომ თავდაჯერება უფრო მოგემატოთ, პროექტს ანალიტიკურად მიუდექით. არ მოგერიდოთ ბევრი კითხვის დასმა, დეტალების განხილვა; თუ დრო გაქვთ, პატარა პროტოტიპიც შეგიძლიათ, გააკეთოთ და გატესტოთ მცირე ჯგუფზე, უკუკავშირის მიღების შემდეგ კი გააგრძელოთ უფრო დარწმუნებით მუშაობა.
საზოგადოების როლი
ბევრი შემოქმედი უსვამს ხაზს საზოგადოების მხარდაჭერის როლს ამ ყველაფერში, რადგან ეს ჰიპერკრიტიკული ინდუსტრიაა, სადაც ადამიანებს უკიდურეს დონეზე შეუძლიათ ერთმანეთის განსჯა. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის მხარდაჭერა. გადადგით ნაბიჯი და თუ ხედავთ, რომ ვინმემ გააზიარა თავისი კარგი ნამუშევარი, არ დაიზაროთ მისთვის საქებარი სიტყვები.
სხვების მიმართ სიკეთე დაგეხმარებათ, რომ საკუთარი თავის მიმართაც იყოთ კეთილი. საუკეთესო გზაა საკუთარი ნამუშევრის გვერდიდან შეხედვა, თითქოს ის სხვისი გაკეთებული იყოს. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: „ეს რომ სხვისი ნამუშევარი იყოს, როგორ შევაფასებდი?” ეს მიდგომა დაგეხმარებათ, რომ საკუთარი თავის მიმართაც ნაკლებად იყოთ კრიტიკული.
იყოლიეთ მრჩეველი
თუკი უკვე ფიქრობთ, რომ იმპოსტერის სინდრომი გაქვთ, გარშემომყოფთაგან აირჩიეთ ადამიანი, რომელსაც პატივს სცემთ, თქვენს ცხოვრებაში მრჩევლის ან მენტორის როლი აქვს და თქვენთვის სამაგალითოა. ამ ადამიანთან ურთიერთობა და მისგან თუნდაც რჩევის მიღება დაგეხმარებათ თავდაჯერების მომატებაში, რადგან ხშირად ამ სინდრომის მქონე ადამიანებს სხვისი ვალიდაცია სჭირდებათ საიმისოდ, რომ საკუთარი თავი და მიღწევა მეტად დააფასონ.
დაბოლოს, იმპოსტერის სინდრომის მთავარი გამომწვევი ეჭვია – ეჭვი იმის შესახებ, თუ რამდენად სრულყოფილი ხართ, რამდენად იყო შესაძლებელი, ის, რაც შექმენით კიდევ უკეთ გაგეკეთებინათ ან ხომ არ არსებობს ვინმე, ვინც ამას თქვენზე კარგად გააკეთებდა.
ამ ეჭვის გადალახვის მრავალი გზა არსებობს და ზემოთ უკვე გაგიზიარეთ რამდენიმე ძირითადი. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საკუთარ თავთან გულწრფელად საუბარია. საკუთარი თავის შექება, მოსმენა და სტრატეგიების დასახვა ამცირებს იმპოსტერის სინდრომს.













