13
Feb
2020

4 გზა, როგორ გავიუმჯობესოთ სტრატეგიულად აზროვნების უნარი

13 Feb 2020

თუკი ოდესმე თქვენთვის უთქვამთ, რომ მეტი სტრატეგიული ფიქრი გმართებთ, გეცოდინებათ, რამდენად დამაბნეველია ასეთი შეფასება. ასეთ უკუკავშირს იშვიათად ახლავს დეტალიზაცია, რაც კიდევ უფრო ამწვავებს ჭრილობას და არ გაძლევთ გამოსავლის საპოვნელ მინიშნებას. რას გულისხმობენ ან რას ელიან ჩვენგან, როცა ამას გვეუბნებიან? რა სპეციფიკური ნაბიჯები გვჭირდება, რომ უფრო სტრატეგიულად ვიაზროვნოთ ჩვენს ამჟამინდელ პოზიციაზე?

pasha-statiebi
pasha-statiebi

პირველ რიგში, საკუთარი აზროვნება უნდა შევცვალოთ. თუკი მიგაჩნიათ, რომ სტრატეგიული აზროვნება მხოლოდ მაღალი რანგის თანამშრომლებს ეხებათ, ცდებით. ის ყოველ ნაბიჯზეა საჭირო, იმის მიუხედავად, რა პოზიციაზე იმყოფებით და ესაა ყველა ვაკანსიის დაუწერელი კანონი. თუკი ამ ფაქტორს უგულვებელჰყოფთ, დიდი ალბათობით, დაწინაურებისთვის კარგა ხანს მოგიწევთ ცდა, ან, სულაც, შეიძლება თქვენი დეპარტამენტის ბიუჯეტის შემცირებას გამოკრათ ხელი. როდესაც აღიარებთ, რომ სტრატეგია აუცილებელია თქვენთვის, იმის მიუხედავად, რა პოზიციაზე იმყოფებით, კონცენტრირდით იმ უნარებზე, რაც ამ მიმართულებით დაგჭირდებათ.

ეძებეთ ტრენდები და თვალი ადევნეთ მათ

დიდი სურათის დანახვა ნიშნავს, ეცადოთ მთლიანი პანორამა დაინახოთ გარემოების. ეცადეთ, განსაზღვროთ, ესა თუ ის ქმედება გრძელვადიან პერსპექტივაში რა ცვლილებებს მოიტანს. ამგვარად, გაგიმარტივდებათ გაფილტროთ ქმედებები, რომლებიც ახლა ეფექტურად გეჩვენებათ, მაგრამ ერთიან მიზანს ნაკლებად ემსახურება. აქტიურად ჩაერთეთ თქვენს ინდუსტრიაში, ეძეიეთ ამა თუ იმ მოვლენის, ქმედების კონტექსტი, ტრენდები და ბიზნესის გამწევი ძალის საიდუმლო.

დანერგეთ რუტინული სავარჯიშოები, ტენდენციების შესასწავლად, თქვენს ყოველდღიურ საქმეში. მაგალითად, ყურადღება მიაქციეთ პრობლემებს, რომლებიც დროდადრო თავს იჩენს ხოლმე თქვენს ორგანიზაციაში და განსაზღვრეთ დაბრკოლებები, რომლებსაც თქვენი კოლეგები აწყდებიან ხოლმე.

იყავით პროაქტიული კოლეგებთან მიმართებაში, როგორც გუნდს შიგნით, ისე მის გარეთ, ინდუსტრიაში.

გაიაზრეთ უნიკალური ინფორმაცია და პერსპექტივები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ და საკუთარი წვლილი შეიტანოთ კორპორაციული დონის სტრატეგიაში.

დასვით რთული კითხვები

მას შემდეგ, რაც ტენდენციებსა და პრობლემების შეცნობის პროცესში შეხვალთ, კითხვები გაგიჩნდებათ. მოგინდებათ გაიგოთ, როგორ გააცნობიეროთ უფრო მეტი? როგორ გამოიყენოთ ეს ცოდნა პრაქტიკულად? შეკითხვები სტრატეგიის ენაა. გამოავლინეთ ცნობისმოყვარეობა და ერთსა და იმავე საკითხს სხვადასხვა რაკურსით შეხედეთ, ეს დაგეხმარებათ ახალი შესაძლებლობების, მიდგომებისა და პოტენციალის მიგნებაში.

მაგალითად, დასვათ კითხვები “როგორი წარმოგიდგენიათ წარმატება ერთ წელიწადში?”, “რამ შეიძლება მოახდინოს შედეგზე უარყოფითი გავლენა?”, “როგორ ამოვიცნოთ მარცხი წინდაწინ?”, “როგორ უნდა მოიქცნენ ბიზნეს პარტნიორები, რომ წარმატებას მიაღწიონ?”, “ეს შედეგები რამდენად შესაბამისობაშია ორგანიზაციის მიზნებთან?”…

ისაუბრეთ სტრატეგიულად

სტრატეგიული მოაზროვნეები ფლობენ სტრატეგიულად საუბრის ენას. მათ იციან, როგორ დაალაგონ პრიორიტეტები. ისინი თავიანთ ვერბალურ და წერით კომუნიკაციას იმგვარად ალაგებენ, რომ აუდიტორიას თავიანთი სათქმელის გააზრებაში ამით ეხმარებიან კიდეც. ისინი ეხმარებიან ადამიანებს თავად მიაგნონ პრობლემის სათავეს, პრობლემის საერთო გააზრებას აღწევენ და სამომავლო ნაბიჯების გონივრულ გადააზრებას ახერხებენ.

რთულად ჟღერს, არა? ეს უნარები გამოგადგებათ:

სათქმელი სტრუქტურირებულად თქვით და დაწერეთ. დააჯგუფეთ ერთი ტიპის ინფორმაცია და დაყავით ისინი ძირითად პუნქტებად.

განაწყვეთ აუდიტორია, ამცნეთ, რომ მათი ჩართულობა საკითხის განხილვასა და გამოსავლის პოვნაში ძალიან მნიშვნელოვანია. ესაუბრეთ ფართო ხედვაზე და არა ტაქტიკურ დეტალებზე.

გაივარჯიშეთ, რომ პასუხები მაშინვე გასცეთ კითხვებს და არ დაელოდოთ “საჭირო მომენტს”.

გამონახეთ დრო ფიქრისთვის და შეეგებეთ გამოწვევებს

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სიჩქარეში აღარ გვრჩება დრო სტრატეგიულად ფიქრისთვის. ზოგჯერ, სასწრაფო საქმეებში ჩავიკარგებით ხოლმე. თავს ვანებებთ ისეთ შეხვედრებზე სიარულს, რაც იმ მომენტში არ გვჭირდება. ამან შეიძლება გაგვიჩინოს კითხვა – ნამდვილად ვემსახურებით იმ საქმეს, რისთვისაც ვუზივართ სამუშაო მაგიდას? ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია სხვა ღირებული უნარების გამოსამუშავებლად. როცა გეჩქარებათ, კონცენტრირებას იწყებთ საქმეზე, უშუალოდ პრობლემებზე და არა ადამიანებზე. გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმების გამომუშავებას ცდილობთ, ეს კი მიღებული ინფორმაციის უკეთ გადამუშავებაში გეხმარებათ.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სტრატეგიული უნარების გამომუშავება არც ისე კომფორტულია. პირველ ეტაპზე, ეს თითქოს ზღვაში წვეთია მხოლოდ. მაგრამ შედეგი გრძელ ვადაში მოდის. რაღაც პერიოდში კი დაინახავთ, სადამდე მიგიყვანათ ცნობისმოყვარეობამ, როგორ გაგზარდათ და რამდენად ღირდა ასეთი რისკი.

 

წყარო: HBR



განხილვა