ყველამ კარგად ვიცით, რომ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ცხოვრებაში, ჯანმრთელობაზე ზრუნვა მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. ყოველკვირეულად ჩვენი რუბრიკა უამრავ საინტერესო რჩევასა თუ ინფორმაციას გიზიარებთ კონკრეტული მიმართულებების შესახებ, თუმცა დღეს გადავწყვიტეთ, ზოგადი რეკომენდაციები მოგვეცა, როგორ ვიზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, როგორ გავზარდოთ იმუნიტეტი, როგორ შევუწყოთ ორგანიზმს ხელი, მუდამ მხნედ გამოიყურებოდეს და ნაკლებად აწუხებდეს ჩივილები.
ვარჯიში
ბევრს ჰგონია, რომ ვარჯიში აუცილებლად დამღლელი, რუტინული უნდა იყოს, ძალას გვაცლიდეს და კალორიებს წვავდეს, თუმცა, ეს რა თქმა უნდა, ტყუილია. მსუბუქი, ტონუსში მომყვანი ვარჯიში, რომელმაც დღეში სულ რამდენიმე წუთი შეიძლება წაგართვათ, არც ზედმეტ ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს და არც რამე კონკრეტული მიზეზი სჭირდება. მცდარია წარმოდგენა, რომ ვარჯიშით მხოლოდ ისინი კავდებიან, ვისაც წონაში დაკლება ან კუნთების დაყენება სურს, ფიზიკური აქტივობა ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. ის ეხმარება ორგანიზმს იმუნური უჯრედების რეგენერაციაში. მსუბუქ ვარჯიშად შეიძლება ჩაითვალოს ცურვა, ფეხით სიარული, ველოსიპედის ტარება ან სხვადასხვა, ნაკლებად დატვირთული ვარჯიშის ფორმები, რომლებიც მრავლადაა მოცემული ინტერნეტში.
ძილი
ნებისმიერი კვლევა, სანდო წყარო თუ ექიმთან გასაუბრება ერთხმად გვარწმუნებს იმაში, რომ ჯანსაღი ძილი პირდაპირ კავშირშია ადამიანის იმუნურ სისტემასთან. არსებობს ცდები, რომლებიც გვიჩვენებს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც დღე-ღამეში 6 საათზე ნაკლები სძინავთ, უფრო ადვილად ცივდებიან, ვიდრე ისინი, ვისაც სრულფასოვანი ძილის რეჟიმი გააჩნია.
თანამედროვე სამყარომ ინსომნია ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად აქცია. თუ თქვენც ამ კატეგორიაში ხართ, იცოდეთ, რომ არ უნდა შეეგუოთ. აუცილებლად იზრუნეთ ძილის რეგულირებაზე, თუ გსურთ, რომ დაცული იყოთ დაავადებებისგან და თქვენმა იმუნურმა სისტემამ გამართულად იმუშაოს.
მცენარეული საკვები
ხილი, ბოსტნეული თხილეული, პარკოსნები – მდიდარია ნუტრიენტებითა და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც გეხმარებათ მავნე პათოგენების წინააღმდეგ ბრძოლაში. ისინი ამცირებს ანთებით პროცესებს, ეხმარება კუჭ-ნაწლავს სწორ ფუნქციონირებაში და მდიდარია C ვიტამინით, რომელიც გვიცავს გაციებისა და ვირუსებისგან.
ჯანსაღი ცხიმები
ჯანსაღი ცხიმების მიღება, რომლებიც მოიპოვება ზეითუნის ზეთსა და ომეგა-3-ის შემცველ პროდუქტებში, იმუნიტეტის გაძლიერების კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა. ზუსტად მცენარეული საკვების მსგავსად, ისიც პათოგენებს ებრძვის და აჩერებს ანთებით პროცესებს. ზეითუნის ზეთის სასარგებლო თვისებებად კიდევ გულის დაავადებების შემცირებასა და მეორე ტიპის დიაბეტის შემცირებასაც მიაწერენ.
ხელოვნური შაქარი
ხელოვნური შაქარი და რაფინირებული ნახშირწყლები ჭარბი წონის გამომწვევი ერთ-ერთი პირველი მიზეზებია, სიმსუქნე კი თავის მხრივ სხვადასხვა პრობლემასთან გვაკავშირებს. სამედიცინო წყაროები გვამცნობს, რომ ჭარბწონიან ადამიანებზე ჩატარებული დაკვირვების მიხედვით, გრიპის ვაქცინა მათზე უფრო ნაკლებ ეფექტური გამოდგა, ვიდრე ნორმალური წონის მქონე ადამიანებზე.
ჯანჯაფილი
კიდევ ერთი ბუნებრივი საშუალება არის ჯანჯაფილი, რომელიც ძირითადად საკონდიტრო დანიშნულებით გამოიყენება ჩვენთან, საქართველოში, თუმცა მისი უფრო სასარგებლოდ გამოყენებაც შეიძლება და ჩვეულებრივ მოხმარებაში შემოტანა. ის ბ ჯგუფის ვიტამინებთან ერთად, რკინას, თუთიასა და სხვა მინერალებსაც შეიცავს და ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
ის არის ეფექტური საშუალება გულისრევის დროს, მათ შორის ორსულებსაც შეუძლიათ მისი მოხმარება. გარდა ამისა, მას აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

თუ გსურთ, რომ ძლიერი იმუნური სისტემა გქონდეთ, ორგანიზმი ხშირად უნდა წაახალისოთ პროტეინებით. ისინი ეხმარება ანტისხეულებს და გადამწყვეტ როლს თამაშობს მათ სწორად ფუნქციონირებაში. პროტეინის წყარო შეიძლება როგორც ცხოველური საკვები იყოს, ისე მცენარეულიც. თევზი, ხორცი, ლობიო, ოსპი – ეს ის პროდუქტებია, რომლებიც დიდი რაოდენობით პროტეინებს შეიცავს.
წყალი
საკმარისი ჰიდრატაცია იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. იმუნიტეტის გასაძლიერებელი ყველაზე მარტივი და იაფი საშუალებაა, სხვათ ბევრი წყალი დღის განმავლობაში. ის ტოქსინებს გამოყოფს ორგანიზმიდან და გვეხმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების სწორ მუშაობაში.
არ დააიგნოროთ სტრესი
სამწუხაროდ, ფსიქიკურ ჯანმრთელობას ჯერ კიდევ არ ექცევა ისეთი ყურადღება, როგორც ფიზიკურს. ადამიანს თუ ხშირად აწუხებს თავის ტკივილი, ექიმთან მიდის, მაგრამ თუ დეპრესიის შეტევები აქვს, შეიძლება ეს მიიღოს როგორც მისი ხასიათი და ჩვეულებრივი მდგომარეობა, რაც მცდარი შეხედულებაა. სტრესი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფაქტორი, რომელიც იმუნურ სისტემას ანგრევს, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უგულებელყოთ იგი. მიმართეთ შესაბამის სპეციალისტს და ან გაეცანით ჩვენს რჩევებს.
ჯანსაღი სექსუალური ცხოვრება
როდესაც ჯანსაღ ცხოვრებასა და იმუნიტეტის გაძლიერებაზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით იმ საკითხს, რასაც ჯანმრთელი სექსუალური ურთიერთობა ჰქვია. როგორც მეცნიერები გვეუბნებიან, ის ეხმარება ორგანიზმს ანტისხეულების გამომუშავებაში და დადებითად მოქმედებს როგორც სისხლის მიმოქცევის, ისე გულის დაავადებათა რისკების რეგულირებაში. ამასთან, ის ეხმარება ორგანიზმს ბედნიერების ჰორმონის, ენდორფინის გამომუშავებაში, რაც იმუნიტეტზე ასევე პოზიტიურად აისახება.
მოერიდეთ ნიკოტინს
ნიკოტინი იმუნოსუპრესიული საშუალებაა, რომელიც სიგარეტსა და ელექტროსიგარეტებში გვხვდება. გარდა სხვა ბევრი უკუჩვენებისა, რომელიც მოწევას აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ის იმუნიტეტის ერთ-ერთი მთავარი მტერიცაა და ხელს უშლის მას ვირუსებთან და ინფექციებთან ბრძოლაში.
როგორც ხედავთ, იმუნიტეტის გაძლიერებაზე ზრუნვა და მუშაობა არც ისე რთულია. მთავარია, ცოტა მეტი დრო დავუთმოთ ამაზე ფიქრს და განხორციელებაც არ იქნება პრობლემა. ბუნებრივი მეთოდები საკმაოდ მრავლადაა საიმისოდ, რომ ვიყოთ ჯანმრთელნი და ადვილად დავუდგეთ წინ გრიპებს, ვირუსებს, ინფექციებსა და სხვა დაავადებებს.
რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი