„სუსტი იმუნიტეტი მაქვს”, „იმუნიტეტი უნდა გამოიმუშავო”, „იმუნურ სისტემას აძლიერებს” – ეს ფრაზები ყველას გვსმენია და დაახლოებითი წარმოდგენა თითოეულ ჩვენგანს აქვს, თუ რა არის იმუნური სისტემა. ვიცით, რომ მისი დასუსტების შემთხვევაში შეიძლება უფრო ადვილად გავცივდეთ ან სხვისგან გადაგვედოს ვირუსი. თუმცა, როგორ მუშაობს კონკრეტულად მთელი ეს სისტემა და რა უნდა გავაკეთოთ მისი გაძლიერებისათვის, ამაზე ხშირად არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია.
დღევანდელ ჯანმრთელობის რუბრიკაში სწორედ ჩვენს იმუნურ სისტემაზე ვისაუბრებთ. ვეცდებით, მისი აგებულება, მუშაობის პროცესი უფრო ნაცნობი გავხადოთ და ბუნდოვან კითხვებს გავცეთ პასუხი.
მაშ ასე, ჩვენი იმუნური სისტემა ერთგვარი სტრუქტურიზებული კომპლექსია, რომელიც უჯრედების, ორგანოებისა და ქსოვილებისგან შედგება. მათი ერთობლივი გამართული ფუნქციონირება კი პირდაპირ აისახება ჩვენს კეთილდღეობაზე, რადგან თავდაცვით უნარს სწორედ სისტემაში შემავალი ყველა ელემენტის სწორი ფუნქციონირება გამოიმუშავებს.

სისტემის შემადგენელი ნაწილები და მათი როლი
იმუნური სისტემის ძირითადი ნაწილებია:
- სისხლის თეთრი უჯრედები;
- ანტისხეულები;
- ლიმფური სისტემა;
- ელენთა;
- ძვლის ტვინი.
სისხლის თეთრი უჯრედები ჩვენი იმუნური სისტემის მთავარი ნაწილია. ის ლიმფოციტებს მოიცავს. ეს უჯრედები სისხლსა და ქსოვილში მოძრაობს და მიკრობებს ეძებს. თუკი ორგანიზმში ბაქტერიას, პარაზიტებს ან სოკოს იპოვის, მომენტალურად იწყებს მასზე შეტევას.
ანტისხეულებიც, თავის მხრივ, ორგანიზმს მიკრობებთან და წარმოქმნილ ტოქსინებთან ბრძოლაში ეხმარება. თუკი ანტისხეული მიკრობის ზედაპირზე რაიმე ,,საეჭვოს” შენიშნავს, მის განადგურებაზე ზრუნავს და ამაში მრავალი ცილა, ქიმიკატი და უჯრედი მონაწილეობს.
ლიმფური სისტემა არაერთ როლს აერთიანებს. მის განკარგულებაში ჩვენი ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი შრეებია. მაგალითად: ორგანიზმში სითხის დონის მართვა, ბაქტერიებზე რეაგირება, კიბოს უჯრედებთან გამკლავება და სხვა.
რაც შეეხება ელენთას, იგი სისხლის გამფილტრავი ორგანოა, შლის მიკრობებს და ანადგურებს ძველ ან დაზიანებულ სისხლის წითელ უჯრედებს. ის, ასევე, ქმნის იმუნური სისტემის დაავადებებთან მებრძოლ კომპონენტებს (ანტისხეულების და ლიმფოციტების ჩათვლით).
ძვლის ტვინი არის ქსოვილი, რომელიც სისხლის წითელ უჯრედებს აწარმოებს. ეს წითელი უჯრედები ჩვენ ჟანგბადის გადატანაში გვეხმარება.
როგორ მუშაობს იმუნური სისტემა
მნიშვნელოვანია ერთი საკითხი, რომ სანამ ჩვენი იმუნური სისტემა გამართულად მუშაობს, მის არსებობას ხშირად ვერც კი ვამჩნევთ, მაგრამ როგორც კი ავად გავხდებით, პირველი ეგრევე იმუნიტეტი გვახსენდება, რადგან ვხვდებით, რომ ის დაგვისუსტდა და ვეღარ ერევა მიკრობებს. არსებობს ისეთი მიკრობებიც, რომლებთან შეხებაც შეიძლება ბევრჯერ გვქონდეს, მაგრამ არ დაგვაავადოს, თუმცა ზოგიერთი მათგანი ისეთია, რომ პირველივე შეხებისას შეგვეყრება ხოლმე. ასეთი, ხშირ შემთხვევაში, ბავშვთა ინფექციებია, მაგალითად, ჩუტყვავილა.
იმუნურ სისტემას საკმაოდ მნიშვნელოვანი და რთული ამოცანა აქვს – იგი არა მხოლოდ ებრძვის პათოგენებს, არამედ უნდა შეძლოს მისი ამოცნობა და განეიტრალება. ამ ყველაფრის სტრუქტურა დაახლოებით შემდეგია, რომ როდესაც ორგანიზმი პირველად ხვდება დაავადების გამომწვევ ჩანასახს, ის ინახავს ინფორმაციას ამ დაავადების შესახებ და ხვდება, როგორ ებრძოლოს მას. შემდეგ, თუ ის კვლავ მოხვდება ჩანასახთან, მაშინვე ამოიცნობს მას და შეუძლია, უფრო სწრაფად დაიწყოს მასთან ბრძოლა.
აღსანიშნავია ისიც, რომ იმუნური სისტემა ზოგჯერ შეცდომაში შედის. სხეულს საკუთარი უჯრედების ზედაპირზე აქვს სხვადასხვა ცილა, რომელთაც ჩვენი იმუნური სისტემა ხანდახან უცხო სხეულებად აღიქვამს და თავს ესხმის მათ, რაც ე.წ. ავტოიმუნურ პასუხად მოიხსენიება მედიცინაში.
იმუნიტეტის ტიპები
არსებობს იმუნიტეტის თანდაყოლილი და შეძენილი ტიპები. პირველი ადამიანს გენეტიკურად გადაეცემა, ხოლო მეორე რომელიმე ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ გამომუშავდება ორგანიზმში და დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფს მის დაცვას. ეს არის ერთგვარი მეხსიერების გამომუშავება, რომლითაც ორგანიზმი სპეციფიკურად ზემოქმედებს იმ ანტიგენზე, რომელსაც ის ერთხელ უკვე შეხვდა. შეძენილ იმუნიტეტს, განსხვავებით თანდაყოლილისგან, ადაპტაციისა და დასწავლის უნარი აქვს. მას მერე, რაც შეძენილი იმუნიტეტი გამომუშავდება, ის თანდაყოლილზე ბევრად სწრაფად და ეფექტურად პასუხობს ანტიგენებს და ადვილად იგერიებს მათ.
იმუნოდეფიციტი
კიდევ ერთი ტერმინი, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით იმუნურ სისტემაზე საუბრისას, იმუნოდეფიციტია.
თუკი ინფექციებისადმი მიდრეკილება ბევრად უკვე გახშირებული გვაქვს, შეიძლება ეჭვი სწორედ იმუნოდეფიციტზე ავიღოთ. რასაკვირველია, საბოლოო დიაგნოზი ექიმმა უნდა დასვას, თუმცა იმისთვის რომ ექიმთან ამ ჩივილით მივიდეთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ხშირი ავადმყოფობა შეიძლება სწორედ ამ პრობლემიდან მოდის. აქ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ როცა ჩვენი იმუნიტეტი დაქვეითებულია, შეიძლება რამდენიმე დაავადებაც კი შეგვხვდეს ერთდროულად. ეს ჩამოთვლილი მიზეზები პირველადი ნიშანია და თუკი ამას ისიც ემატება, რომ მკურნალობას ვერ ვუქვემდებარებთ, მაშინ აუცილებელია სპეციალისტის დროული დახმარება.

როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი
ბოლოსკენ, ალბათ ისიც აუცილებლად უნდა გითხრათ, როგორ მოვახდინოთ გარკვეულ დაავადებათა პრევენცია და როგორ გავიუმჯობესოთ იმუნიტეტი. ჩვენი ბებიებისგან ალბათ ყველას გვახსოვს, რომ ისინი ხშირად გვთავაზობდნენ ჯანსაღ პროდუქტებს და გვეუბნებოდნენ, რომ ის იმუნიტეტს აძლიერებს. ეს, გარკვეულწილად, მართალიც იყო. ხილისა და ბოსტნეულის რეგულარული მიღება ხელოვნურ ვიტამინებსაც აგვარიდებს და, ამავდროულად, ჩვენს იმუნურ სისტემასაც აამაღლებს.
გარდა კვებისა, აუცილებელია გავითვალისწინოთ ჩვენი ფსიქიკური მდგომარეობაც. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ იმუნური სისტემის ერთ-ერთი მტერი სტრესი და ხშირი ნერვიულობაა. ამ დროს იმუნური სისტემა სუსტდება და ინფექციების მიმართაც ძალადაკარგული იბრძვის, რაც ავადობის რისკს ამაღლებს.
ჰიგიენის დაცვა, ასევე, ერთ-ერთი გამორჩეულად მნიშვნელოვანი ფაქტორია. ხელების ხშირი დაბანითა და სხვა ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვით, თქვენ საკუთარ იმუნურ სისტემას ემეგობრებით და მხარს უბამთ მას უხილავ მტრებთან ბრძოლაში.
სულ ბოლოს კი იმასაც გეტყვით, რომ იმუნურ სისტემას არც თამბაქოს მოხმარება და არც ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება უხდება, ამიტომ თუკი ჯანმრთელობა და ძლიერი იმუნიტეტი გსურთ, ესეც აუცილებლად გაითვალისწინეთ.
რუბრიკას ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ PSP











