14
Oct
2017

ქართულ-ამერიკული ფილმის In Her Image პრემიერა ატლანტაში გაიმართება!

14 Oct 2017

20 ოქტომბერს ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში ქართულ-ამერიკული ფილმის In Her Image პრემიერა გაიმართება. მოკლემეტრაჟიანი სამეცნიერო ფანტასტიკა თბილისშია გადაღებული. რეჟისორი და სცენარისტი ნიკოლოზ ქევხიშვილია, პროდიუსერი – სანდრო გაბილაია. ფილმის „პროდაქშენი” Kinomedia-სა და Metro Production-ს ეკუთვნით. ხმის სრული პოსტ პროდუქცია საქართველოში გაკეთდა, რომელზეც ხმის დიზაინერმა  ბესო კაჭარავამ (Post Red Audio) იმუშავა.

ნიკოლოზ ქევხიშვილი (ნ.ქ.): საქართველოში დავიბადე და  გავიზარდე. საშუალო სკოლის ბოლო 4 კლასი თბილისში, ამერიკულ აკადემიაში ვსწავლობდი. ყოველთვის მინდოდა ამერიკაში  წასვლა, სწავლა  და რეჟისორობა. ჰოლივუდი მზის ამომავალ მხარედ მიმაჩნდა. ახლაც ასე ვფიქრობ, თუმცა, როცა იცი, როგორც მუშაობს ეს ყველაფერი, ის მაგია ნამდვილად აღარ აქვს. შემდეგ ვსწავლობდი Emory-ის უნივერსიტეტში და საბოლოოდ დავრჩი კიდეც ამერიკაში, ჯორჯიის შტატში. იქ კინოს ინდუსტრია ძალიან განვითარებულია. ხშირად, სცენარები ნიუ იორკში, ლოს ანჯელესში, ლონდონში იწერება, გადაღებები კი ატლანტაში მიმდინარეობს. აღმოვჩნდი ისეთ ადგილზე, სადაც ფილმებით ცხოვრობენ, მთელი ქალაქი კინოინდუსტრიითაა გაჟღენთილი. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს ფილმს, ყოველთვის ძალიან მაინტერესებს ასეთი თემები – ხელოვნური ინტელექტი და ვირტუალური რეალობა, საიფაი (Sci-Fi – სამეცნიერო ფანტასტიკა). ჩემი დაკვირვებით, საქართველოში ასეთ ფილმებს იშვიათად იღებენ, ძირითადად, სოციალურ თემებზე, 90-იანი წლების პრობლემატიკაზე მუშაობენ, მომავლის ცხოვრებას ან ფანტასტიკას ნაკლებად ეხებიან. თუმცა, ეს ჟანრი ქართველ მაყურებელს ნამდვილად აინტერესებს. მოკლედ, იდეიდან ნელ-ნელა ჩამოყალიბდა კონკრეტული ისტორია. თავიდან იყო დედა და ხელოვნური ინტელექტი, სცენარი მერე განივრცო.   დაახლოებით, 5 დღე გვქონდა გადაღებები. შემდეგ უკვე სულ პოსტ სამუშაოები გვაქვს. მუსიკა კეთდება ატლანტაში, რაღაც ეფექტები – ნიუ იორკში, რაღაც – საქართველოში. გადაღებების პერიოდში  ვგრძნობდი, რომ მსახიობებსაც აინტერესებდათ ეს თემა, მთლიანად იხარჯებოდნენ და გადაღებების პროცესს რიგით სამუშაო დღეებად არ აღიქვამდნენ.

In Her Image

.. : ფილმის მთავარი გმირი არის მეცნიერი, რომელიც შექმნის ხელოვნურ ინტელექტს. ოღონდ, შექმნის 10 წლის ბავშვად და ძალიან უჭირს განასხვავოს ხელოვნური ინტელექტი საკუთარი შვილის იმიჯისაგან. მოქმედება ხდება მომავალში, თუმცა, არც ისე შორეულ მომავალში. მეცნიერის როლს ასრულებს ია სუხიტაშვილი,  სწორედ მისი გმირი ქმნის ბავშვ ხელოვნურ ინტელექტს. შვილის როლს თამაშობს იას შვილი, ლუკა ახვლედიანი. თითოეული სცენა ძალიან ნატურალური გამოვიდა. მეორე მეცნიერი არის ზაალ ჩიქობავა, რომელიც საკუთარი თავის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებს. ის იას საპირისპირო პერსონაჟი გამოვიდა. მთლიანი ფილმი ამ სამი ადამიანის გარშემო ტრიალებს. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის მუსიკა. სცენარს რომ ვწერდით, მაშინვე ვიცოდით, რომ ფილმში ძალიან დიდი დოზით უნდა ყოფილიყო მუსიკა, რომელიც სურათს კიდევ უფრო ეფექტურს გახდიდა.

სანდრო გაბილაია (ს.გ.): Metro Production უზრუნველყოფს სრულ წარმოების პროცესს საქართველოში და სერვისს უცხოური კომპანიებისთვის პროდაქშენებისთვის, სააგენტოებისთვის და კინო კომპანიებისთვის. იშვიათად შევხვედრივარ ისეთ ადამიანებს, ვინც იდეით მოდიან და პროექტი ბოლომდე ბეჯითად მიჰყავთ. ძალიან საინტერესო ფილმი გამოვიდა. ნიკას მუშაობის დასავლური მიდგომა და სტილი აქვს. დაგეგმილ „თაიმლაინს” გავყევით  და ბოლომდე შევასრულეთ დასახული მიზანი. გადაღებები მთლიანად საქართველოში მიმდინარეობდა. პოსტ პროდუქცია კი ამერიკაში გაკეთდა.

თანამშრომლობა

ს.გ.: ჩვენს კომპანიაში ბევრი იდეა და პროექტი შემოდის. მოგვმართავენ რეჟისორები, პროდიუსერები, კომპანიები, რომ ჩავერთოთ მათ პროექტებში. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს კინო, კომერციული თვალსაზრისით, არც ისე ძლიერია, იშვიათად შემოდის გამართული და სწორად აწყობილი პროექტი, ხელის მოკიდება და ბოლომდე მიყვანა რომ ღირდეს. ნიკას სცენარი ერთ-ერთი გამონაკლისი იყო. იდეა, რომ პროექტი ორ ქვეყანაში ერთდროულად ხორციელდება, ძალიან საინტერესოა. გარდა ამისა, არის აბსოლუტურად ახლებური სცენარი, აქვს ინტეგრირებული გრაფიკა. ზოგადად, მოკლემეტრაჟიან ფილმებს ნაკლებად იღებენ საიფაის ჟანრში. ეს კი ზუსტად ასეთი კინოა. ვფიქრობ, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომ სრულმეტრაჟიანად გადაკეთდეს.

.. : გვინდოდა, საქართველოში გადაგვეღო კინო, არასტანდარტულ ანუ ვირტუალურ რეალობაზე, ხელოვნური ინტელექტის თემატიკაზე. შესაბამისად, სცენარი დაიწერა ქართულ ენაზე. ჩემი აზრით, თბილისი ვიზუალურად ძალიან ლამაზი, განსაკუთრებული და არასტანდარტულია. აქაური არქიტექტურა – ძველი და თანამედროვე შენობები გვერდიგვერდ – ქმნის რეალისტურ-ნატურალურ გარემოს. ანუ ზუსტად იმას, რაც ფილმისთვის გვჭირდებოდა. ეს ფილმი არის მომავალზე და არ გვინდოდა, გაჟღენთილი ყოფილიყო ეფექტებით. ფილმი ხომ ვირტუალურ სამყაროზეა, თბილისის ქუჩები და უბნები თითქოს ლაბირინთივითაა, ძველი და ახალი შენობები ერთმანეთში იკლაკნება და საინტერესო ვიზუალს ქმნის. იმავე სცენარით სურათი ამერიკაში რომ გადაგვეღო, ჩემი აზრით, მთავარ ხიბლს დაკარგავდა. რაც შეეხება მსახიობებს, გუნდი დაკომპლექტებულია ქართველ-ამერიკელი წევრებით.

ფილმის შემდეგი ცხოვრება

ნ.ქ. : პირველი ეტაპი არის პრემიერა 20 ოქტომბერს ჯორჯიის შტატ ატლანტაში. იქაური ორკესტრი გააფორმებს ფილმს. ყველა სცენისთვის ცალკე ორიგინალური მუსიკა იქნება. ერთ-ერთ დიდ საკონცერტო დარბაზში მოვაწყობთ პრემიერას – ორკესტრი დაუკრავს მუსიკას, ეკრანზე კი გავა ფილმი. იგივე ფორმატში ვგეგმავთ პრემიერას  საქართველოშიც. შემდეგ კი ჩვენი ფილმი დაიწყებს საფესტივალო ცხოვრებას. პირველი ერთი წლის მანძილზე, გვინდა, რაც შეიძლება მეტ შესაბამის ფესტივალზე მოხვდეს და ბევრმა ადამიანმა ნახოს. მომდევნო ეტაპზე კი ვფიქრობ,  ჩემი იდეა სისრულეში მოვიყვანო – ანუ, ეს სურათი სრულმეტრაჟიან ფილმად გადავიღო. შევხედავთ, როგორ მიიღებენ  პირველ ვერსიას, მისი თემატიკით თუ დაინტერესდებიან მაყურებლები და ინვესტორები.

.. : დიდი იმედი გვაქვს, საქართველოშიც და ამერიკაშიც მოეწონებათ ფილმი. ვფიქრობთ, ძალიან ბევრ ფესტივალზე გავუშვათ, სადაც საიფაი აინტერესებთ. ვთვლით, რომ დიდ წარმატებას მიაღწევს.

In Her Image, როგორც კომერციულად მომგებიანი პროექტი

.. : ვმუშაობთ, რომ ეს ფილმი კომერციულად მომგებიანი გავხადოთ. ზოგადად, რთულია მოკლემეტრაჟიანი სურათი იყოს ძალიან მომგებიანი, მაგრამ მეორეს მხრივ, ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოდის, რადგან განვითარდა ციფრული ბაზარი და აუცილებელი აღარ არის მაინცადამაინც ფირზე გადაღება. ამ პროდუქტის გაყიდვა შესაძლებელია, ვთქვათ, ტელევიზიებში, ფესტივალებზე, შემდეგ კი, შესაძლოა, დისტრიბუციის კონტრაქტი შემოგთავაზონ. ფესტივალებზე „ნეტფლიქსის” მსგავსი კომპანიები ყიდულობენ ფილმებს და მათ შორის, მოკლემეტრაჟიანებსაც. ეს არის კარგი ტენდენცია მათთვის, ვინც ჰოლივუდის ეპიცენტრში არ მოღვაწეობს და 100 000 000 ფილმებს არ იღებს.

ქართული კინო დღეს

.. :  ჩემი აზრით, ქართველები ფილმებს იმიტომ იღებენ, რომ უყვართ კინო. ამერიკისგან განსხვავებით, მილიონებს არ შოულობენ. რა თქმა უნდა, როგორც რეჟისორსა და მწერალს, მინდა უფრო მეტ ფილმს იღებდნენ. ქართული ფილმები გაკეთებულია დიდი გულით და ძირითადად, არ არის წარმოჩენილი როგორც პროდუქტი. ამერიკაში, ნებისმიერი კომერციული პროექტი რომ გააკეთო, ნახევარი პროდაქშენი იმაზე ზრუნავს, როგორ გაყიდონ.

სამომავლო გეგმები

ნ.ქ. : უახლოესი გეგმა ამ ფილმის სრულმეტრაჟიან ფორმატში გადაღებაა. სხვათაშორის, სცენარი თავდაპირველად სრულმეტრაჟიანი სურათისთვის დაიწერა. მერე, რომ შევხედეთ რესურსებს, ვიფიქრეთ, ჯერ  მოკლემეტრაჟიანი გადაგვეღო. ჩემთვის პირველი ფილმია საქართველოში. ვფიქრობ, ასეთი თემები უფრო პოპულარული უნდა გახდეს. იმედი მაქვს, ამ ბაზარზე მეც კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ. ძალიან მინდა აქ  გავაგრძელო ფილმების გადაღება, მაგრამ ყველა ვარიანტში დამჭირდება ამერიკული რესურსი. კარგი იქნება, ჩემი თაობის რეჟისორები უფრო განსხვავებულ ფილმებს ვიღებდეთ. კონცენტრირებულები არ ვიყოთ ძალიან მძიმე სოციალურ თემებზე. ის ხომ აშკარაა, რომ ხელოვნება იჟონება საზოგადოებაში. თუ მუდმივად მძიმე თემებს უყურებ, გასართობად და აღტაცებისთვის კინოში აღარ მიდახარ, რადგან იცი, რომ ძალიან მძიმე სურათს უნდა უყურო. არ ვამბობ, რომ ფილმებში სოციალური თემატიკა საჭირო არ არის, ისტორია არ უნდა დავივიწყოთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ კინოში სხვა ემოციის შესაძენადაც წავალთ.

განხილვა