in

Artificial Love-იდან Artificial Intelligence-ამდე

ინ-ტექ-ვიუს სტუმარია სერგი გვარჯალაძე, მუსიკოსი, პროდიუსერი, რეჟისორი და Kettari Foundation-ის განვითარების დირექტორი

მუსიკა, კინო, ტელევიზია და ახლა უკვე ტექინდუსტრია. როგორ მოხდა თქვენი გადაკვეთა Web3 სამყაროსთან?

ეს ძალზე ჰომოგენურად მოხდა, რადგან ტექნოლოგიებით ყოველთვის ვინტერესდებოდი. ბოლო დროს განსაკუთრებით ვეძებდი კავშირებს მუსიკალურ სამყაროსა და ტექნოლოგიებს შორის. წარმოუდგენელია, დღეს მუსიკას ქმნიდე და ტექნოლოგიებს არ იყენებდე. Web3-ის შესახებ კრიპტობუმის დროს შევიტყვე. დამაინტერესა, თუ როგორ გამოიყენება ბლოკჩეინტენოლოგია ეკოსისტემების შექმნასა და ინტელექტუალურ საკუთრებაში. ასე მოვედი Web3-ამდე.

თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ რომ გვიამბოთ.

ამჟამად ვარ ვენჩურული კაპიტალის ფონდ Kettari Foundation-ის განვითარების დირექტორი და ჩემი მიზანი ახალი, საინტერესო ბიზნესებისა და სტარტაპების აღმოჩენაა. Kettari სპეციალიზებულია შემოქმედებით სფეროებზე: კინო, IT, თამაშების ინდუსტრია, მოდის სამყარო და მედია, მისი ფართო გაგებით. წლინახევრის განმავლობაში სამასამდე ქართული და რეგიონული სტარტაპი შევისწავლეთ და ნაწილში ინვესტიცია განვახორციელეთ. ჩემი საქმიანობა გულისხმობს ინდუსტრიის მაჯისცემის მუდმივ შეგრძნებას და ცოდნას, რა ხდება ამ სფეროში. ეს ძალიან საინტერესოა და მოხარული ვარ, რომ ამ სფეროში საქმიანობის საშუალება მომეცა.

რა გამოწვევებს აწყდებიან სტარტაპები Web3 სფეროში?

Web3 მრავლისმომცველი სამყაროა და მრავალმხრივი გამოწვევები აქვს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ ისევ შედარებით უცნობ სფეროდ რჩება, მთავარი გამოწვევა სტარტაპებისთვის იმის ახსნაა, რომ ბლოკჩეინტექნოლოგია მხოლოდ კრიპტოს არ გულისხმობს და რომ მისი მეშვეობით მრავალფეროვანი პროექტების განხორციელებაა შესაძლებელი. განმარტება სჭირდებათ ინვესტორებსაც, რადგან ყველას არ ესმის, რა არის Web3.

არსებობს საკანონმდებლო გამოწვევებიც, რაც იურისტებისთვისაც სიახლეა. ამ მიმართულებით დროს რომ დავეწიოთ, საჭიროა სათანადო საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება.

რა უნიკალური შესაძლებლობები გააჩინა ბლოკჩეინმა შემოქმედებით ინდუსტრიაში?

ბლოკჩეინმა არაერთ საინტერესო შესაძლებლობა გააჩინა, რომელთაგან ჩემთვის აღსანიშნავია ორი: მონეტიზაციის საშუალებები (მაგალითად, Web3 გეიმინგში შეგიძლია თამაშიც და ამასთან, აქსესუარების შეძენა-გაყიდვა) და ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაციის, მონიტორინგისა და მისგან ფინანსური სარგებლის მიღების შესაძლებლობა. ეს უკანასკნელი რევოლუციური ტექნოლოგიაა. დღეს ძალიან მარტივია ბლოკჩეინში შენი შემოქმედებითი პროცესის ატვირთვა და დროითი შტამპის მიღება. ეს არის ერთგვარი დაცვითი მექანიზმი, რადგან აჩვენებს კონკრეტული ფაილის შექმნის თარიღს. ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ცხადია, ამ ყოველივეს სჭირდება სათანადო იურისდიქციები.

Kettari-ის ფონდი აქტიურადაა ჩართული ინტელექტუალური საკუთრების დარგის განვითარებაში. ამ მიმართულებით დავაფინანსეთ ერთ-ერთი სტარტაპიც. ახლა ჩვენ არ ვსაუბრობთ მომავალზე – ეს რეალობაა. ვურჩევ ყველას, ვინც პროდუქტს შემოქმედებით ინდუსტრიაში ქმნის, გაეცნოს ბლოკჩეინს.

ხელოვნური ინტელექტი – საფრთხე კრეატორებისთვის თუ შესანიშნავი დამხმარე ინსტრუმენტი? როგორ უყურებთ ხელოვნური ინტელექტის გაზრდილ როლს შემოქმედებით ინდუსტრიაში?

საკმაოდ აქტუალური კითხვაა. შემიძლია, საკუთარი გამოცდილებიდან ვისაუბრო. ვფიქრობ, ხელოვნური ინტელექტისგან ჯერჯერობით საფრთხე არ გვემუქრება. შორს ვართ იმ დღიდან, როცა რობოტები გადაწყვეტენ, რომ ამ პლანეტას აღარ ვჭირდებით. რეალურია საშიშროება საავტორო უფლებების კუთხით, რადგან რთულია გარკვევა, როგორ არის შექმნილი შემოქმედებითი პროდუქტი. მეორე მხრივ, ხელოვნური ინტელექტი ძალიან აადვილებს და აჩქარებს ისეთ პროცესებს, როგორიცაა კვლევა, ფორმალური დოკუმენტაციის სწრაფად შექმნა, მიმოწერა და სხვა. მაგალითისთვის, კარგად შეიძლება მისი გამოყენება კინოფილმის სინოფსის შედგენისას.

მინდა, ხაზგასმით ვთქვა: ვერანაირი ხელოვნური ინტელექტი, ChatGPT თუ სხვა, თქვენ გარეშე ფასეულ ნაწარმოებს ვერ შექმნის. ადამიანური ფაქტორი გადამწყვეტია. თუ ხელოვანი ხართ, ისარგებლეთ ამ ინსტრუმენტით, მაგრამ იცოდეთ, მთავარი თქვენი იდეა და შთაგონებაა!

როგორც მუსიკოსი, რამდენად აქტიურად იყენებთ ხელოვნური ინტელექტის (Ai) შესაძლებლობებს?

ჩვენდა უნებლიეთ, მუსიკოსებმა ხელოვნური ინტელექტის შემცველი აპლიკაციების გამოყენება ChatGPT-ის გამოჩენამდე გაცილებით ადრე დავიწყეთ. მუსიკალურ პროგრამაში უკვე გახლდათ ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტის ფუნქციონალი, რაც აპლიკაციებთან მუშაობას ინტუიციურს ხდიდა. დღეს ინტერნეტში ინტენსიურად ვრცელდება და მრავლდება Ai-ის შექმნილი მუსიკალურ ნაწარმოებები. არსებობს პლატფორმები, სადაც ტექსტის მიხედვით ახალი მუსიკალური ნაწარმოებების შექმნას შეძლებთ. ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ მოვლენების საინტერესო განვითარება გველის – ტექნოლოგიური ინოვაცია შემოქმედებით ადამიანებს სრულიად განსხვავებული სივრცეების კარს გაუხსნის. ადგილი ხელოვნური ინტელექტის შექმნილი მუსიკისთვისაც გამოინახება, მაგრამ გაცილებით ფასეული იქნება ნამდვილი, „ხელით შექმნილი“ მუსიკა. დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.

და ბოლოს, როგორ შეცვლის Web3 კრეატიული სფეროს ბიზნესმოდელს?

იმედი მაქვს, მომავლის ტექნოლოგია გაამარტივებს და უფრო სამართლიანს გახდის შემოქმედებითი პროცესების მონეტიზაციას, რათა ხელოვანმა შემოქმედებითი შრომით შემოსავალი მიიღოს და ცხოვრება შეძლოს. მუსიკალური ინდუსტრიის მაგალითი რომ ავიღოთ, ჩამოყალიბდა საკმაოდ არასამართლიანი ინდუსტრია, რომელშიც ისეც ხდება, რომ მუსიკოსი საკუთარი შემოქმედებიდან ვერაფერს იღებს, შუამავლები კი მდიდრდებიან. სწორედ ეს არის ჩემი ინტერესის სფერო – შემოქმედებითი პროცესების მონეტიზაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რათა არტისტებსა და კრეატორებს შემოსავლის მიღება გაუიოლდეთ. Web3-ს ამ პრობლემის გადაჭრისკენ მივყავართ.

ინ-ტექ-ვიუ Coinmania-ს პროექტია, რომელიც ქართული ტექნოლოგიური და Web3 სტარტაპებისა და ამ სფეროს წარმომადგენელი ქართველი პროფესიონალების საქმიანობის გაცნობას ემსახურება. ინ-ტექ-ვიუს წინა ბლოგები იხილეთ Coinmania Blog-ზე.

ავტორი: ანა ნემსიწვერიძე

ინფორმაციას Web3 ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ წარმოგიდგენთ coinmania.

[პარტნიორის კონტენტი]

ოქრო, როგორც დაგროვებისა და დივერსიფიკაციის საშუალება — ინტერვიუ სვიმონ მასხარაშვილთან

McDonald’s-ში დიდი სიახლეა — რა არის CosMc’s?