მილიონზე მეტ რეკლამაში ნაჩვენები სახეების 44%-ს ქალური გენდერული გამოხატულება აქვს, 56%-ს კი – მამაკაცური. ეს მაჩვენებელი მიუთითებს, რამდენად დიდ შესაძლებლობებს უშვებენ ბიზნესები, თუ გავითვალისწინებთ, რომ საოჯახო ხარჯების 85 პროცენტს სწორედ ქალები განკარგავენ.
ეს მხოლოდ ერთ-ერთი საკითხია გლობალური ტექნოლოგიური კომპანიის, XR Extreme Reach-ის ახალი კვლევიდან, რომელმაც 100-ზე მეტ ქვეყანაში მილიონზე მეტი რეკლამის ინკლუზიურობა შეისწავლა.
2024 წლის გლობალური რეკლამის წარმომადგენლობითი ანგარიში იყენებს ახალ საზომს, ე.წ. წარმომადგენლობის ინდექსს (RX), ინკლუზიურობის გასაზომად. ეს ინდექსი, წელს, XR-მა და The Female Quotient-მა შემოიღეს. ის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს წარმომადგენლობის ოთხი ძირითადი განზომილების მიხედვით გასაზომად: ასაკი, გენდერული გამოხატულება, კანის ფერი და სხეულის ტიპი. RX ქულა ზომავს თითოეული რეკლამის მრავალფეროვნებას 0-დან 100-მდე შკალაზე, სადაც მაღალი ქულები უფრო ფართო წარმომადგენლობას ასახავს. წელს, ანგარიშმა მსოფლიო მასშტაბით წარმომადგენლობის საშუალო ქულა 32 აჩვენა 100-დან.
კვლევის შედეგები მიუთითებს მნიშვნელოვან ხარვეზებზე ინკლუზიურობის კუთხით და წარმოაჩენს შესაძლებლობებს წარმომადგენლობის გასაუმჯობესებლად, რეკლამის ეფექტურობის გასაზრდელად და ბიზნესის განსავითარებლად.
მნიშვნელოვანი მიგნებები:
* 2024 წლის გლობალური საშუალო RX ქულა არის 32, რომელიც მაქსიმუმს (42) აღწევს საქველმოქმედო/არაკომერციულ სექტორში და მინიმუმს (28) – სპორტში.
* გაანალიზებული ქვეყნების 70% გლობალურ საშუალოზე მაღალ ნიშნულს აჩვენებს.
* რეკლამებში გამოვლენილი ტალანტების 12%-ს ფერადი კანი აქვს.
* გამოვლენილი სახეების 44%-ს ქალური გენდერული გამოხატულება აქვს, 56%-ს კი მამაკაცური, მიუხედავად იმისა, რომ საოჯახო ხარჯების 85%-ს ქალები აკონტროლებენ.
* საეთერო დროის 15%-ში მსხვილი აღნაგობის ადამიანები ჩანან.
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ასაკობრივი მაჩვენებელი მუდმივად გლობალურ საშუალოზე დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ რეკლამების უმეტესობა ფოკუსირებულია 20-29 წლის ასაკის ტალანტებზე. ამასთან, რეგიონის ქვეყნების უმრავლესობა გენდერული გამოხატულების კუთხით გლობალურ საშუალოზე მაღალ მაჩვენებელს აჩვენებს, თუმცა არც ერთს არ მიუღწევია გენდერული პარიტეტისთვის. იაპონიას აქვს გენდერული გამოხატულების RX ქულა 48, რაც ყველაზე ახლოსაა პარიტეტთან.
კანის ფერის გლობალური საშუალო მაჩვენებელი შედარებით დაბალია – RX ქულა 25. თუმცა, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის უმეტესი ბაზარი საშუალოზე მაღალ მაჩვენებელს აჩვენებს, ავსტრალიის გამოკლებით.
ინდუსტრიული ინდექსი:
ანგარიშში 35 ინდუსტრიაა წარმოდგენილი. ზოგიერთი მათგანი თანმიმდევრულ ინკლუზიურობას აჩვენებს, სხვებში კი ბრენდებს შორის წარმომადგენლობის მნიშვნელოვანი განსხვავებები შეინიშნება.
კონკრეტული ინდუსტრიების RX ქულების მიხედვით, საქველმოქმედო/არაკომერციული სექტორი ლიდერობს საშუალო ქულით 42 და მაღალი ზედა ზღვრით, რაც ბრენდებს შორის თანმიმდევრულ ინკლუზიურობაზე მიუთითებს.
საცალო ვაჭრობაში ინკლუზიურობა მკვეთრად განსხვავებულია, რაც მნიშვნელოვან ხარვეზებზეც მიუთითებს. ავტოინდუსტრია ჩამორჩება ყველაზე დაბალი RX ქულით და სუსტი საშუალო მაჩვენებლით, რაც წარმომადგენლობის გაუმჯობესების საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას. მიუხედავად იმისა, რომ ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ავტომობილების შეძენის გადაწყვეტილებებში, ინდუსტრიამ გენდერული გამოხატულების მხრივ მხოლოდ 39 ქულა მიიღო, რაც ძირითად დემოგრაფიულ ჯგუფთან დაკავშირების გაშვებულ შესაძლებლობაზე მიუთითებს.
XR პლატფორმას უკვე გაზომილი და შეფასებული აქვს სამ მილიონზე მეტი მასალის მრავალფეროვნება. ბრენდებს მთელ მსოფლიოში შეუძლიათ გამოიყენონ RX თავიანთი სარეკლამო და მედია კონტენტის შესამოწმებლად, წარმომადგენლობის ხარვეზების გამოსავლენად, პროგრესის თვალის სადევნებლად და კამპანიების აუდიტორიასთან ავთენტური კავშირის უზრუნველყოფისთვის.
წყარო: campaignasia