21
Jul
2019

საუბარი ჯაზისა და ფანკის ენაზე – Incognito ჯაზ ფესტივალზე (დღე 3)

21 Jul 2019

ფესტივალის მესამე დღეს ბათუმის ჩოგბურთის კლუბის სცენა ბრიტანულმა ჯგუფმა Incognito დაიკავა. მულტინაციონალური ბენდი მსმენელს ჯაზისა და ფანკის ენაზე, 40 წელზე მეტია, ესაუბრება. Incognito-ს სულისჩამდგმელი ჟან-პოლ მაუნიკია, იგივე Bluey. ის წერს სიმღერებს, მღერის, უკრავს გიტარაზე და ბენდის პროდუსერობასაც ითავსებს. ბლუეი ათი წლის იყო, როდესაც ბრიტანულ ლაივ სცენას პირველად ეზიარა. ამან მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. შემდეგ, ბლუეის ცნობიერებაში გაჩნდა სტივ უანდერი, მარვინ გაიე, სანტანა, Earth Wind & Fire, Kool & The Gang… თუმცა, “ინკოგნიტოს” ფორმირებაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ბრიტანულმა ბენდებმა, Gonzalez და FBI მოახდინეს. ბენდი სხვადასხვა ნაციონალობის მქონე წევრებს აერთიანებს. მრავალფეროვანია ბენდის ინსტრუმენტალიც – საქსოფონი, გიტარა, პერკუსია, კლავიში, საყვირი, ტრომბონი, ფლეიტა… ბენდის წევრები, ჯაზ ფესტოვალის სტუმრებს, სცენიდან გვიამბობდნენ თავიანთ ამბებს, გამოვლილ გზას, გვიზიარებდნენ იმ დაუშრეტელ ენერგიასა და თავისუფლებას, რაც თავად იპოვეს მუსიკაში.

შავი ზღვის მე-13 ჯაზ ფესტივალი Incognito-ს სეტით დასრულდა და ერთი წლით დაგვემშვიდობა. ფესტივალი 18 ივლისს დაიწყო, Cory Henry-ის გამოსვლით, შემდეგ 19 ივლისს, ქართული ჯგუფის Moku Moku და ჰოლანდიური ბენდის Kraak & Smaak ლაივით გაგრძელდა. ფესტივალის რეზიდენტი დიჯეი იყო არტისტი დავით მაჩაიძე, DJ Machaidze. ღონისძიება “Check in Georgia”-ს ფარგლებში ჩატარდა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

განხილვა