პეტრაში აღმოჩენილია ხელუხლებელი აკლდამა, რომელიც სულ მცირე 12 ჩონჩხსა და სამარხის არტეფაქტებს შეიცავს ნაბატეელთა ცივილიზაციიდან. აღმოჩენა ამერიკის კვლევითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ პირს პოლ კრიზმანის ხელმძღვანელობით მოქმედი გუნდის დამსახურებით შედგა. სავარაუდოდ, აკლდამა სულ მცირე 2000 წლისაა და ის მოაწყეს ნაბატეელებმა, რომლებიც ამავე რეგიონში ცხოვრობდნენ (და სავარაუდოდ პეტრა, რომელსაც მაშინ რაქმუ ერქვა, თავიანთ დედაქალაქად მიაჩნდათ) ძვ.წ. IV და II საუკუნეებს შორის. სწორედ ნაბატეელებმა ააგეს პეტრა ძვ.წ. III საუკუნეში. მათ ქვიშაქვის კლდეებში პირდაპირ გამოკვეთეს რთული ქალაქი, მათ შორის ტაძრები და აკლდამები. 2007 წელს პეტრა ახალ შვიდ საოცრებას შორის დასახელდა. მეტსახელად მას „ვარდისფერი ქალაქი“ უწოდეს, დამახასიათებელი ფერის გამო.
აკლდამის აღმოჩენა არის გარღვევა ნაბატეელთა მომთაბარე კულტურის კვლევაში, განსაკუთრებით მათი დაკრძალვის წესების შესწავლის კუტხით. ამ უძველესი ჩვეულებების შესახებ ცოდნის ნაკლებობის გამო, მკვლევრებმა არ იციან, ნაბატეელთა საზოგადოების რომელი წევრები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ დაკრძალული ასეთ აკლდამაში. ეს ადგილი, სახელწოდებით ალ-ხაზნე, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია და ამჟამად მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტია. სავარაუდოდ, ის შეიქმნა მავზოლეუმად, თუმცა დანიშნულება არასოდეს ყოფილა დაზუსტებული.
უჩვეულოა ასეთი სიძველის აკლდამების პოვნა, რომლებიც არ ყოფილა გაძარცული. კრიზმანის გუნდის მიერ აგვისტოში გათხრილი აკლდამა სრულიად ხელუხლებელი იყო. მასში კვლავ იყო შემორჩენილი ადამიანის ნაშთები, ასევე რკინისა და ბრინჯაოს ნივთები.
ადგილით მაშინ დაინტერესდნენ, რაც 2003 წელს უძველესი ადგილის ქვეშ ორი აკლდამა აღმოაჩინეს. ეს აღმოჩენები იორდანიის მთავრობას წარუდგინეს, რათა ადგილზე გათხრების დასაწყებად მიეღოთ ნებართვა. პეტრაში შედგა სტივენ სპილბერგის 1989 წლის ფილმის „ინდიანა ჯონსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა“ გადაღებები. ფილმის მთავარი გმირია ჰარისონ ფორდი. ამ ადგილას იღებდნენ ფილმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სცენას, როდესაც ჯონსი და მამამისი (შონ კონერის შესრულებით) წმინდა გრაალს აღმოაჩენენ.
მკვლევრები პოზიტიურად არიან განწყობილნი, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, შესაძლოა, სხვა აკლდამებიც აღმოაჩინონ უძველეს ადგილზე.
წყარო: news.artnet