ვიდეოთამაშების ინდუსტრია დიდი ხანია აღარ განისაზღვრება მხოლოდ მრავალმილიონიანი ბიუჯეტისა და მსხვილი სტუდიების პროექტებით. ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება დამოუკიდებელი (ინდი) თამაშების სწრაფი განვითარებაა – სწორედ ამ თემას ეძღვნება ვიდეოთამაშების ჟურნალისტის ნეითან პ. გიბსონის ახალი წიგნი “Indie Game Works: Inside the Revolution That’s Transforming How We Play”.
წიგნს წინასიტყვაობა დევიდ ბრებენმა დაწერა – პროგრამისტმა და თამაშ Elite-ის თანაავტორმა, რომელმაც 1984 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ვიდეოთამაში შექმნა. ამგვარად, წიგნი სიმბოლურად აერთიანებს ვიდეოთამაშების ინდუსტრიის პიონერებსა და თანამედროვე დამოუკიდებელ შემქმნელებს.
როგორ შეცვალა ინდითამაშებმა ინდუსტრია
წიგნის მთავარი იდეა ისაა, რომ 2000-იანი წლების ბოლოს ვიდეოთამაშების შექმნისა და გავრცელების ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად გაიაფდა და ხელმისაწვდომი გახდა.
შედეგად, მცირე გუნდებმა, ან ზოგჯერ ერთმა ადამიანმაც კი, შეძლეს დამოუკიდებლად შეექმნათ თამაში და გამომცემლის გარეშე პირდაპირ მომხმარებლებისთვის მიეწოდებინათ.
ამ ცვლილებამ ინდუსტრიაში ახალი ტალღა შექმნა, გამოჩნდა არაერთი თამაში, რომლებიც ვიზუალური სტილითა და გეიმპლეით მკვეთრად განსხვავდებოდა მსხვილი სტუდიების პროდუქციისგან.
50 თამაში, რომლებმაც ბოლო 15 წელი განსაზღვრა
წიგნში თავმოყრილია ბოლო 15 წლის განმავლობაში შექმნილი 50 დამოუკიდებელი ვიდეოთამაში, რომლებიც ხუთ თემატურ კატეგორიადაა დაყოფილი: თავისუფლება, ინოვაცია, წარმოსახვა, თავგადასავალი, თხრობა.
მათ შორისაა ისეთი ცნობილი პროექტები, როგორებიცაა “ABZÛ”, “We Happy Few”, Hyper Light Drifter” და სხვა.

წიგნი თამაშების დიზაინზეც მოგვითხრობს
Indie Game Works მხოლოდ თამაშების ისტორია არ არის.
გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ვიზუალურ დიზაინს. გიბსონი იმ პროექტებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც გამორჩეული მხატვრული სტილით გამოირჩევა და ვიდეოთამაშების ისტორიას თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებასთან აერთიანებს.
წიგნში თავად დეველოპერები და არტდირექტორები ჰყვებიან, როგორ იქმნებოდა თითოეული პროექტის ვიზუალური სამყარო.
288-გვერდიან გამოცემაში წარმოდგენილია 500-ზე მეტი ილუსტრაცია, მათ შორის, აქამდე გამოუქვეყნებელი კონცეპარტები და ადრეული ესკიზებიც.
გამოცემა მკითხველს საშუალებას აძლევს, ნახოს, როგორ ყალიბდება საბოლოო ვიზუალური სტილი – პირველი იდეიდან დასრულებულ თამაშამდე.
Indie Game Works კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში ყველაზე საინტერესო იდეები ყოველთვის დიდი ბიუჯეტიდან არ იბადება. ხშირად სწორედ მცირე გუნდები და დამოუკიდებელი დეველოპერები ქმნიან ისეთ პროექტებს, რომლებიც ტექნოლოგიურ ინოვაციებს, გამორჩეულ ვიზუალურ სტილსა და ორიგინალურ თხრობას აერთიანებს და მთელი ინდუსტრიის განვითარებაზე ახდენს გავლენას.












