in

9-დან 5 შემთხვევაში, სამსახურებრივი არჩევანი ადამიანებს უსაფრთხოდ არ მიაჩნიათ

ადამიანები სამუშაო გარემოს განსხვავებულად ირჩევენ. ზოგს ინდივიდუალური საქმე ურჩევნია – ფრილანსერობა, კონსულტანტობა, დამოუკიდებელი კონტრაქტორობა, სხვებს – კომპანიაში დასაქმება. უჩვეულოა, თუმცა პირველი კატეგორიის ადამიანები ხშირად აღნიშნავენ, რომ დამოუკიდებლად მუშაობა ნაკლებად სარისკოა და ტრადიციულთან შედარებით, უსაფრთხოა. არადა, ისტორიულად ისე გამოვიდა, რომ სამსახური უსაფრთხოებასთან, გარანტირებულ შემოსავალთან, სიმშვიდესთან და კარიერულ წინსვლასთან ასოცირდებოდა. თვითდასაქმება კი, საყვარელი საქმის კეთებას გულისხმობს, თუმცა სტაბილურობა სრულად თქვენზეა დამოკიდებული. 2021 წელს ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ გამოკითხულ 6240 ადამიანს შორის (ერთი და იმავე ინდუსტრიიდან), 68% დამოუკიდებელ საქმეში მეტად უსაფრთხოდ გრძნობდა თავს.

გასული ოთხი წლის განმავლობაში გამოკითხული სრულგანაკვეთიანი თანამშრომლების რაოდენობა, ვინც ინდივიდუალურ მუშაობას მეტად უსაფრთხოდ მიიჩნევდა, 2018 წელს, 18%-ით, 2021-ში კი – 29%-ით გაიზარდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 10-დან 7 დამოუკიდებელი მუშაკი და 10-დან 3 დასაქმებული თანამშრომელი აღნიშნავს, რომ დამოუკიდებლად მუშაობა ტრადიციულზე ბევრად უსაფრთხოა. მხოლოდ 2022 წლის იანვარში სამსახურიდან 4.3 მილიონი ამერიკელი წავიდა. მათი დიდი ნაწილი ინდივიდუალურ მუშაობაზე გადაერთო. McKinsey-ის კვლევის მიხედვით, სამსახურიდან წასულ თანამშრომელთა 31%-მა საკუთარი ბიზნესი დაიწყო.

ეს ძვრა პანდემიამ კიდევ უფრო გაამყარა.

უსაფრთხოება სამსახურებში, ანაზღაურების თვალსაზრისით

ბევრი ინდივიდი ტრადიციულ სამსახურს უსაფრთხოდ აღარ მიიჩნევს და საამისო მიზეზიც აქვს. წლების განმავლობაში, კომპანიები თავს არიდებდნენ ანაზღაურების ზრდას და ამცირებდნენ შეღავათებს. აშშ-ის კერძო სექტორის სამსახურის ხარისხის ინდექსი, ბოლო 30 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად შემცირდა. ამას გარდა, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებამ წაშალა ზღვარი სახლსა და სამსახურს შორის და ადამიანები 24/7 სამუშაო განრიგზე გადაიყვანა. სამსახურის უსაფრთხოება, უდავოდ, რისკის ქვეშაა. სამსახურიდან წასვლის ტენდენცია პანდემიამდეც მაღალი იყო. ახლა კი, კრიზისულ წლებში, ბუნებრივია, იმატა.

ინდივიდუალურად მომუშავეთა რიცხვი იზრდება

წლების მანძილზე, აშშ-ში ინდივიდუალური მუშაობა ნორმად იქცა. State of Independence-ის 2021 წლის რეპორტის მიხედვით, ბოლო 10 წელში, მათმა რიცხვმა 51 მილიონს მიაღწია. ამაში, ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის დამსახურება დიდია. სხვა ფაქტორიცაა – ცხოვრება პროციკლურია. რაც მეტი ადამიანი არის დაკავებული რაიმე სახის საქმით, მით მეტი ადამიანი ხედავს ამ ყველაფრის სიცოცხლისუნარიანობას. თვითდასაქმებულობის ზრდის პარალელურად, დამსაქმებლებსაც უადვილდებათ მათთან თანამშრომლობა. 2018 წლის კვლევის მიხედვით, დამოუკიდებელ მუშაკთა 29% და ტრადიციულ დასაქმებულთა 25% ამბობდა, რომ მათ გარშემო სულ უფრო მეტი ადამიანი იწყებს საკუთარ ბიზნესს ახლა. გასულ წელს, ამას დამოუკიდებელ მუშაკთა 42% და დასაქმებულთა 38% აღნიშნავდა. ბუნებრივია, დამოუკიდებელ საქმიანობას თავისი სირთულეები აქვს, თუმცა, ის მაინც უფრო დაცულად მიიჩნევა. ბევრი დამოუკიდებელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ შემოსავლის რამდენიმე წყარო, რამდენიმე დამკვეთი, უსაფრთხოების ხარისხს ზრდის. შეგიძლია თავად გადაწყვიტო, რას გააკეთებ და ვისთან ითანამშრომლებ.

პანდემია, როგორც კატალიზატორი

პანდემიამ გაზარდა წნეხი სამუშაო გარემოზე და დააჩქარა ადამიანების დამოუკიდებლად მუშაობის მიმართულებით გადასვლა, სადაც მეტი მოქნილობა და ავტონომია ელოდათ. პანდემიამ ადამიანებს ფუნდამენტურად გადაგვაფასებინა ის, თუ რა გვსურს ვაკეთოთ. ბევრს გაუჩნდა ისეთი სამსახურის მოძებნის სურვილი, რაც მის ღირებულებებსა და ინტერესებს უფრო მეტად შეეფერება. სხვებმა გააცნობიერეს, რომ არ სურთ ხანგრძლივი მგზავრობა ოფისისკენ და არც საოფისე გარემოსთან მიჯაჭვულობა მოსწონთ. ამ პერიოდმა ადამიანებს ისეთი არჩევანის გაკეთებისკენ უბიძგა, რასაც ადრე ნაკლებად გადაწყვეტდნენ.

რა მოიმოქმედონ კომპანიებმა?

იმის მიუხედავად, რომ პანდემიის გავლენა შესუსტდა, არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ რაიმე ძველებურად იქნება. ბუნებრივია, კომპანიებმა კვლავაც უნდა იქონიონ სრულგანაკვეთიანი სამუშაო გარემო – უფრო მომხიბვლელი და უსაფრთხო. ბევრ დამსაქმებელს აქვს შესაძლებლობა უფრო მეტად მიმზიდველი გარემო უზრუნველყოს, ვიდრე დამოუკიდებელ მუშაკს შეუძლია შექმნას. ამას გარდა, კომპანიებმა უნდა შეძლონ და „გადაარწმუნონ“ ადამიანები, რომ სამსახური ბევრად უფრო სასარგებლოა მათთვის, ვიდრე დამოუკიდებლად მუშაობა.

თუ გსურთ ტალანტებისთვის მიმზიდველ სამსაქმებლად ითვლებოდეთ, მათთვის ავტონომია, კონტროლი და მოქნილობა უნდა უზრუნველყოთ. ეს მოიცავს უფრო მეტ თავისუფლებას ადამიანისთვის, სადაც მას პირადი ცხოვრებისა და კომფორტის მოწყობის მეტი საშუალება ეძლევა.

McKinsey-ის მიხედვით, არსებობს სამი ძირითადი მიზეზი, რატომაც ბოლო ექვსი თვის მანძილზე თანამშრომლებმა დატოვეს სამსახურები და ეს ყველაფერი არ უკავშირდებოდა ანაზღაურებას, ბონუსებს ან შეღავათებს. 54% შემთხვევაში – ისინი ვერ გრძნობდნენ სათანადო დაფასებას ორგანიზაციისგან, 52% – მენეჯერისგან და 51% – არ ჰქონდათ მიკუთვნების განცდა. ანალოგიურად, როდესაც დამოუკიდებლად მომუშავე ადამიანებს ჰკითხეს, რატომ იყვნენ ამჟამინდელი საქმით კმაყოფილები, ისინი აღნიშნავდნენ, რომ დამკვეთი იყო კმაყოფილი, საქმე – საინტერესო, მოქნილი და მათი კონტროლის ქვეშ.

უზრუნველყავით თანამშრომლის ორგანიზაციაშივე განვითარება: წინსვლა, ახლის სწავლა და განსხვავებული საქმეები. დამოუკიდებელმა მუშაკებმა აღნიშნეს, რომ მათ მოსწონთ განსხვავებული საქმეების კეთება, რა პროცესშიც ახალ უნარებს გამოიმუშავებენ. როგორც იტყვიან, თუკი მათ ვერ სჯობნი – შეუერთდი. ეს შეიძლება ყველაზე დახვეწილი მიდგომა სულაც არაა, მაგრამ ფაქტია, ადამიანების ანაზღაურებით მოხიბვლა სულ უფრო რთულია. დამოუკიდებელი მუშაკების 71% აღნიშნავს, რომ ურჩევნია გამოიმუშაოს ნაკლები, მაგრამ თავად წყვეტდეს ყველაფერს.

 

წყარო: HBR



Banksy-ს ნამუშევრის გაყიდვით შეგროვებული $106,500 უკრაინის ბავშვთა ჰოსპიტალს გადაეცემა

ინდივიდუალური შეხვედრა პაატა ამონაშვილთან SOLO მომხმარებლებს