in

„ყველაფერი, რაც იქმნება, ობიექტური ინდივიდუალიზმის ნაწილია“

ინდივიდუალიზმი სწორედ ისაა, რისკენაც თითოეული ჩვენგანი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად მიისწრაფვის. ეს არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ნებისმიერ ბრენდს, კომპანიას, პროდუქტსა და სერვისს ეხება — თუკი რაღაც უნიკალური არ გამოგარჩევთ, უბრალოდ ერთი დიდი ბრბოს ნაწილი ვიქნებით. თითქოს, იდენტობის განსხვავებულ დეტალებს ვაგროვებთ, ერთად ვაკოწიწებთ და რაღაც განსაკუთრებულ მოცემულობად ვაქცევთ. ქაოსისგან წესრიგს ვქმნით, ნაცნობ ნიუანსებს არაორდინალური გზით ვაწყობთ, რათა აქამდე არარსებული სახე გამოვძერწოთ.

სტატიაში კი ბეკი ფანცხავასთან, ბრენდის და კომუნიკაციების სპეციალისტთან ერთად ვისაუბრეთ მარკეტინგში არსებულ ინდივიდუალიზმზე.

M: როგორ ფიქრობ, დღევანდელ „გადატვირთულ“ სამყაროში, სადაც „ყველა ყველაფერს ქმნის“, არსებობს ობიექტური ინდივიდუალიზმი?

იდეები და ფიქრები ისე დაფრინავს დროსა და სივრცეში, რომ ხანდახან ძალიან დიდი, საერთაშორისო ბრენდების კონტენტს ვუყურებთ და ვფიქრობთ, ამაზე ჩვენც გვიფიქრია, ეს ჩვენც შეგვიქმნია, ამის გაკეთება რატომ დაგვასწრეს… 

ვფიქრობ, ყველაფერი, რაც დღეს იქმნება, უტრირებულად, ობიექტური ინდივიდუალიზმის ნაწილია. 

უცნაური პარალელი რომ გავავლო, როცა ამ საკითხზე ვფიქრობ, სულ ჩემი საყვარელი ამონარიდი მახსენდება:Je ne suis pour toi qu’un renard semblable à cent mille renards. Mais, si tu m’apprivoises, nous aurons besoin l’un de l’autre. Tu seras pour moi unique au monde“.

ალბათ, იდეებიც ასე ვითარდება. შეიძლება, უბრალოდ მორიგი მელია იყო, ისეთი, როგორებიც სხვა ათასობით მელიაა… ან იყო ის, განსაკუთრებული, რომლის უნიკალურობაზეც ისაუბრებენ. ზუსტად ასეთია ჩემთვის შესანიშნავი იდეა, რომლის განხორციელებაც და შედეგიც განსაკუთრებულია; რომელიც იმისგან განსხვავდება, რასაც ყველა ქმნის და არცერთ სხვა „მელიას“ არ ჰგავს.

M: ზოგჯერ ისეც ხდება, რომ რაღაც საკუთარი აღმოჩენა გვგონია, შემდეგ კი უცბად სხვაგანაც გადავაწყდებით — ძალიან ბევრგან თან… რატომ გვემართება ასე და რაიმე გზა თუა ამისგან თავის დასაცავად?

Მგონია, რომ ამ ამოცანას ზუსტი ამოხსნა არ აქვს, რადგან კომპლექსური და რთული საკითხია. როგორც აღვნიშნე, იდეები დაფრინავენ, მაგრამ მათი სიცოცხლეში მოყვანა კიდევ უფრო რთული დავალებაა, რადგან იდეის განხორციელებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ასევე, საკუთარ თავთან, გუნდთან და ბრენდთან უნდა ვიყოთ გულწრფელები და მაქსიმალურად ჩვენებურად შევხედოთ ნებისმიერ საკითხს, რომელსაც ვეჭიდებით.

M: თუ საერთო ტენდენციებს მივყვებით და თან მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი ერთი ტიპის ბრენდია, როგორ უნდა ვიპოვოთ ინდივიდუალიზმი?

ბრენდი ძალიან ჰგავს ადამიანს. სამყაროში 8 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ყველა რაღაცით განვსხვავდებით ერთმანეთისგან. როცა ადამიანები ცდილობენ ვინმეს მიბაძონ, კარგი შედეგი არ დგება. ზუსტად იგივე ემართებათ ბრენდებს. Ბრენდის შენებისას აუცილებელია, ზუსტად გვქონდეს განსაზღვრული ღირებულებები, ხასიათი, ტონალობა, რომელიც ბრენდს ახასიათებს, მაგრამ ასევე, ბრენდმა უნდა აუწყოს ფეხი თანამედროვეობას და არ დარჩეს უკან. ის ადამიანები, რომლებიც ბრენდზე პასუხისმგებლები არიან, ძალიან კარგად უნდა გრძნობდნენ მას და შესაბამისად მოქმედებდნენ. 

M: რა შემთხვევაში შეიძლება წარმატებული ვუწოდოთ კონკრეტულ ნიშას, რომელიც სხვებისგან განგვასხვავებს?

მარტივი ტესტია — თუ რაღაც კონკრეტული საკითხის / თემის / სფეროს ხსენებისას შენი ბრენდი ახსენდებათ დადებითად და თან თუ პირადი გამოცდილების მოყვანა შეუძლიათ. 

ყველაზე მარტივი და გაცვეთილი მაგალითი, ალბათ, კოკა-კოლაა. ყველა ბედნიერ მომენტთან (მათ შორის ახალ წელთან) ასოცირებული #1 ბრენდია, რომელსაც, ასე რომ შევხედოთ, ბევრი კონკურენტი ჰყავს პროდუქტის ჭრილში. 

M: ნაკლები პოპულარობა, მაგრამ ნამდვილი ორიგინალურობა vs მეტი პოპულარობა ინდივიდუალიზმის გარეშე? ამ დილემას როგორ უნდა მიუდგნენ ბრენდები? ალბათ, იმის მიხედვით უნდა აირჩიონ, თუ როგორია მათი მთავარი მიზანი…?

პოპულარობა ძალიან პირობითია. Fad-ების კატეგორიაში მოხვედრილი პროდუქტები ძალიან მაღალი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა მათი ცხოვრების ციკლი ძალიან ხანმოკლეა. გავიხსენოთ ტყლარწები, სპინერები, პოპიტები, ცისარტყელები… ამ პროდუქტებს არაფერი ღირებული შეუქმნია; არც მათი მწარმოებელი / ბრენდი ახსოვს ვინმეს. უბრალოდ, პროდუქტებად დარჩა ისტორიაში. 

აუცილებელია გვესმოდეს, რა ამოცანა აქვს ბრენდს. 

კარგი მაგალითია პატეკ ფილიპი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, იყოს ის ბრენდი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, როგორც რელიკვია. ამაზე 1996 წლიდან მოყოლებული საუბრობენ და ამ საკომუნიკაციო მესიჯს 25 წელზე მეტია, ინარჩუნებენ. საინტერესოა, რომ პატეკ ფილიპის საათები უფრო ძვირია ვიდრე როლექსის საათები, თუმცა კითხვაზე, რომელი საათია ყველაზე ძვირფასი, შესაძლებელია დაუფიქრებლად როლექსი ვთქვათ. აქაც პრიორიტეტების განსაზღვრაა მნიშვნელოვანი. 

M: ერთია საფუძვლების შენარჩუნება და მეორეა მუდმივად ცვალებად ტენდენციებს აყოლა… აქ როგორ ხდება ბალანსის დაცვა? ბრენდმა თავისი ფუნდამენტური იდენტობა რომ არ დაკარგოს, მაგრამ თან ყოველი შემდგომი თაობისთვის შესაბამისი იყოს?

Ძალიან მნიშვნელოვანია რელევანტურობის შენარჩუნება და რამდენადაც მნიშვნელოვანია, იმდენად რთული. Ზუსტად ამიტომ, ყველა თაობას ახასიათებს მათთვის განსაკუთრებული, საყვარელი ბრენდები, თუმცა არის ბრენდები, რომლებიც ერთნაირად საყვარელია სხვადასხვა თაობისთვის, მაგ.: apple, nike, netflix. Როცა ამ ბრენდებზე ვსაუბრობთ, კარგად ვხედავთ, რამდენად ძლიერი პროდუქტის ხაზების და ფორმატების მრავალფეროვნების შეთავაზება შეუძლიათ მომხმარებლისთვის.

M: ვისაუბროთ რომელიმე ერთ ბრენდზე, რომელსაც შენთვის მკაფიოდ გამოკვეთილი და საინტერესო იდენტობა აქვს.

ძალიან მიჭირს 1 კონკრეტულ ბრენდზე საუბარი, თუმცა დღეს ლეგოების დალაგების დღე მქონდა (რთული მისიაა) და პასუხიც ლეგოზე იქნება. 

ალბათ, ყველას, ვისაც ლეგოთი თამაშის პროცესი გვინახავს (ან თავად გვითამაშია), მსგავსი შეგრძნება გვქონია. 

ლეგო კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ვითარდება ბრენდი თაობებთან ერთად და, ამავდროულად, ინარჩუნებს თავდაპირველად ჩაფიქრებულ იდენტობას თუ ფილოსოფიას, რომელიც მის სახელშიც კარგად არის გამოსახული („Leg godt“ კარგად თამაშს ნიშნავს დანიურად). 

ლეგო, როგორც ბრენდი, მომხმარებელს უდიდეს გამოცდილებას სთავაზობს და ეს გამოცდილება შემოქმედებითი თამაშის პროცესთან, დროის ხარისხიანად გატარებასთან და კარგი მოგონებების შექმნასთან არის დაკავშირებული. 

Ბრენდი წარმატებულად თანამშრომლობს დიდ და ბევრისთვის საყვარელ ბრენდებთან იმისთვის, რომ მუდმივად აქტუალური იყოს აუდიტორიისთვის. 

გავიხსენოთ ისეთი კოლაბები, როგორებიც არის ჰარი პოტერი, ვარსკვლავური ომები, NASA, მაგრამ ამავდროულად IKEA, Adidas და MOMA-ც კი. ლეგენდარული Rolling Stones-ის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით კი, 1998-კუბიკიანი სეტი გამოვიდა.

ბევრი წინაღობის და კრიზისის მიუხედავად, ლეგო მაინც ინარჩუნებს პოზიციებს და მუდმივად ცდილობს იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე ოდესმე ყოფილა, რადგან არ სჯერდება საშუალოობას. ალბათ, ეს ბრენდებშიც და ადამიანებშიც ძალიან მნიშვნელოვანია.


ავტორი: ქეთია ბელქანია

3 მოთხოვნადი პროფესია, რომელთა დაუფლებაც სმარტ აკადემიაში შეგიძლია

„მაგდანა“ – ჯინის ალქიმია, რომელიც ქართულ მითოლოგიასა და ანიმეს კულტურას უკავშირდება