in

ინდივიდუალიზმის პოვნა კრეატიულ სამყაროში — გიორგი ქვლივიძე

ინდივიდუალიზმი ის არის, რაც რეალურად ყველას გვაქვს, მაგრამ ზოგჯერ იმდენად გვეკარგება სადღაც შინაგან თუ გარეგან სამყაროში, რომ სრულიად გვავიწყდება მისი არსებობა. ანდაც, „საგანგებოდ გადამალულს“ ისეთი მონდომებით ვეძებთ, ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ პრინციპად ეს გზა გვესახება — ვიპოვოთ ჩვენი უნიკალურობა და ყველაფერი მის ირგვლივ ავაგოთ.

მართალია, აღნიშნული საკითხი ცხოვრების ყველა სფეროს თანაბრად და, ამავდროულად, განსხვავებულად ეხება, მაგრამ ამ სტატიაში უშუალოდ კრეატიულ ინდუსტრიას შევეხებით. არტ დირექტორ და  Miami Ad School Tbilisi-ის ლექტორ გიორგი ქვლივიძესთან ერთად ვსაუბრობთ — რამდენად რთულია ამ სფეროში ინდივიდუალიზმის პოვნა და რას გულისხმობს ის საერთოდ.

M: ალბათ, პირველ რიგში ამ კითხვით უნდა დავიწყოთ — საერთოდ არსებობს ობიექტური ინდივიდუალიზმი, რომელიც გავლენებისგან თავისუფალია?

მოკლე პასუხია — კი, მაგრამ ასე მარტივად არ არის საქმე. ჩემი აზრით, ორი ტიპის ინდივიდუალიზმი არსებობს: პირველი ბავშვურია. ბავშვობაში ყველა გენიოსები ვართ, რადგან სანამ ცხოვრების წესებს და ჩარჩოებს შევასკდებით, ფანტაზიასა და საკუთარი თავის გამოხატვაში თავს არ ვიზღუდავთ. ერთი ანდაზასავით ამბავია, ბავშვები თავისუფალ თემას ხატავენ და მასწავლებელი ერთს ეკითხება, რას ხატავო. იმან ღმერთსო. კი, მაგრამ ღმერთი როგორ გამოიყურება ხომ არავინ იცისო. აი, მოვრჩები და გეცოდინებაო — უპასუხა. მაგარი მიდგომაა, მაგრამ მუშაობს იქამდე, სანამ არ გავიგებთ რომ რეალობა რეალურია.

აი, მერე ცხოვრებაში გვეწყება ის, რასაც თქვენ კითხვაში გავლენებს უწოდებთ, ოღონდ გავლენების, ანუ რეალური ცხოვრების შეცნობის საფრთხედ მიჩნევა, ინფანტილიზმში დარჩენის მცდელობაა და ადრე თუ გვიან მაინც დაგეწევა ფაქტები, რომ შავი შავია და თეთრი თეთრი. დროსთან შეწინააღმდეგება საშიში თამაშია, მოკლედ.

გავლენები კარგია, ამ გზით ვიღებთ ორიენტირს, ვსწავლობთ, რა გვირჩევნია, რა გვიყვარს, საით უნდა ვიაროთ. გავლენები გვაყალიბებს კონკრეტულ პიროვნებებად, რადგან ჩვენ ადამიანები გარდაუვალად ინტერაქციული არსებები ვართ და ილუზიაა საპირისპიროს დაჯერება. სწორედ გავლენების დახმარებით გვეძლევა საშუალება, ავირჩიოთ, რა გვიყვარს — იმდენად, რომ საკუთარ თავს ვუთხრათ: მოდი, მე ამაში კარგად გავერკვევი; მოდი, მე ამაში ჩავყვინთავ ისე, რომ გავიგო ყველაფერი, რაც შიგნით ხდება და მიღებულ ცოდნაზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით, მექნება ჩემი პოზიციები ამ საკითხთან მიმართებით.

ჰოდა, აი, ამ დროს ჩნდება მეორე ინდივიდუალიზმის შანსი, მეორე ბავშვობის შანსი. შრომით და სიყვარულით იმ სითამამის მოპოვება, რომლითაც უკვე ბედავ და ფორმას უცვლი კარგად შეცნობილ რეალობას. გარედან სწორედ ეს ჩანს და აღიქმება, ჩემი აზრით, ადამიანის ინდივიდუალიზმად.

M: რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ინდივიდუალიზმის პოვნა? ასე „თავისით მოდის“ თუ დროთა განმავლობაში იხშირება სხვა გავლენები და ასე მივდივართ ინდივიდუალიზმამდე?

თავისუფლება ისე არ მოდისო, ნათქვამია. საკუთარ თავთან ვალივით არის ის, რომ ჩვენ მოსაძებნი გვაქვს ის, რისი კეთებაც გვიყვარს და ისიც სრული სიმართლეა, რომ ყველასთვის არის რაღაც, რასაც მასზე კარგად სხვა ვერ გააკეთებს. ალბათ, სირთულე ამ პირადი კალაპოტის პოვნაა, რომელსაც მერე ნელ-ნელა გაფართოებას დაუწყებ და მდინარედ აქცევ. გზა თვითშემეცნება მგონია და საკუთარი თავის მოსმენა. ალბათ, ხშირად იმასაც უნდა დავუკვირდეთ, რა გვიყვარდა ბავშვობაში, საით იხრებოდა ჩვენი გული მაშინ, როდესაც გვეგონა, რომ სამყაროს თავად ვიგონებდით. როდის და რამ შეგვზღუდა, რა ავუკრძალეთ საკუთარ თავს, როდესაც ცხოვრების წესები გავიგეთ.

ინდივიდუალიზმის გასაღები ასეთ კითხვაში მგონია: რამდენად შეგიძლია ენდო შენს თავში რაღაცას, რასაც თავად ვერ აკონტროლებ? აი, რომ უყურებ შაგალის ან პოლოკის ნახატს, ხვდები, მთავარი ამ გიჟებმა რასაც მიაღწიეს, არის მათში მიმდინარე არაცნობიერი პროცესის ზედმიწევნით სუფთად გარეთ გამოტანა. იმის გამოწურვა, რაზეც ასე ვერ დაჯდები და ვერ იფიქრებ. მარადიულის გამტარობა. ამ ჯადოსნურ აქტს კი უზარმაზარი რაციონალური შრომა სჭირდება და ამის შნოს მხოლოდ საქმის სიყვარული გაძლევს.

M: დღევანდელ ციფრულ სამყაროში, სადაც ყველაფერი და მათ შორის ტრენდებიც ძალიან სწრაფად, მარტივად ვრცელდება, რამდენად რთულია რაღაც განსხავავებულის გაკეთება და ამით თავის დამკვიდრება?

დრო ნამდვილად ძალიან აჩქარდა და კიდევ უსაშველოდ მოიმატა ტვინში ინფორმაციის შემოდინების მოცულობამ — აქედან ძალიან ბევრია უსარგებლო. ამიტომ, „შემოქმედებით ტვინებს“ ვურჩევდი პირადი ფსიქიკური ჰიგიენის გამომუშავებას. ჯამში, ჩვენი ტვინი არაფერს არ იგონებს, უფრო გადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც გადაადნობს მიღებულ ნედლეულს და ახალ ფორმას აძლევს. რასაც შეუშვებ, იმით მუშაობ. ტრენდები საჭიროა, გარშემო რა ხდება, აუცილებლად უნდა იცოდე, მაგრამ ყოველთვის უნდა ვეცადოთ მოულოდნელი ჰიბრიდების გაკეთებას. ეს კი იმაზე დაყრდნობით, ზოგადად რა არის ადამიანისთვის საინტერესო, მარადიული კომპონენტების შეცნობა და შენს ქარხანაში შემოლაგება. ტექნოლოგიურად კი გავქანდით, მაგრამ ფუნდამენტურად ადამიანი ისევ ისეთია, როგორიც იყო ასი წლის წინ. ემოციურად მისი საჭიროებები დიდად არ შეცვლილა.

M: ერთია განსხვავებული „გზის არჩევა“, რამაც შეიძლება დიდი წარმატება მოგვიტანოს, რადგან სხვებისგან გამოვირჩევით… მაგრამ ამის სახიფათო მხარეზეც ვისაუბროთ — რა ხდება, როცა საზოგადოებას სიახლისადმი მიუღებლობა აქვს? თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა?

ხალხი თუ არ გიღებს, ან გენიოსი ხარ და მომავალში მიგიღებს, ან რაღაცას არაგულწრფელად აკეთებ. პირველის შანსი იმდენად პატარაა, რომ ჯობია მეორეს ალბათობაზე დაფიქრდე. როგორც ვთქვი, ჩვენ კი ვგრძნობთ თავს ავტონომიურ ინდივიდებად, მაგრამ იმაზე მეტად გადაჯაჭვულები ვართ ვიდრე გვგონია. ამიტომ, ყოველთვის ღირს სამყაროს უკუკავშირზე დაკვირვება. შეიძლება, ის, რასაც მე სიახლედ ვთვლი, რაღაცას მიამებდეს პირადად მე, მაგრამ სხვებში არავითარ გრძნობებს და ინტერესს არ იწვევდეს. მჯერა, რომ როდესაც ასე ხდება, ესე იგი ის, რაც მე ჩემ ნახელავში მომწონს, არასაკმარისად ნამდვილი — გამოდის, რაღაცას ვერ მივაგენი ან სხვაგან ვეძებ ან რაღაც მოსაშუშებელი მაქვს და ჩემს აზრებს არაჯანსაღი წყარო აქვს. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ის, რაც მართლა მაგარია, ნამდვილია და ყველას სწვდება.

M: კრეატიულ სააგენტოებში მუშაობისას, როცა გუნდი ერთად მუშაობს და ყველა საკუთარი ინდივიდუალიზმის გამოვლენისკენ მიისწრაფვის, როგორ ხდება ამის დალეგურილება? ალბათ, აქ ეგოს მომენტსაც უნდა შევეხოთ…

სააგენტო ფეხბურთის გუნდივითაა. ყველა მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად და ზოგჯერ გოლი მეკარესაც გააქვს. კრეატიული დირექტორის როლის სწორი შესრულება, სხვადასხვა ტვინის სინერგიაში მოყვანაა. კრეატიული სესია მაშინ მიმდინარეობს კარგად, როდესაც აღარ უკვირდება, რომელი იდეა იყო შენი ან მიმდინარე იდეაში შენ რამდენი წილი გაქვს. მოკლედ, ეგო როგორც კარიერული დრაივერი, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ მოთამაშე რომელსაც პასის მიცემა არ უყვარს, გუნდში დიდხანს ვერ გაჩერდება.


ავტორი: ქეთია ბელქანია

„ბრენდირებული ბოდიშის“ კულტურა და ტომ საქსის შემთხვევა

მერანოს ღვინის ფესტივალი საქართველოში, შატო მუხრანში, 11 ივნისს გელით!