წლების განმავლობაში, მათ Metro Production-ის გუნდად იცნობდნენ. შეძლეს და თავი დაამახსოვრეს არამხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო სარეკლამო ინდუსტრიას. გუნდისთვის მნიშვნელოვანი წინსვლა იყო კომპანიის გაწევრიანება Supercluster-ში, საერთაშორისო ქსელში, რომელიც 20 ქვეყანაში მოქმედებს. ამ გაერთიანებაში მხოლოდ ისეთი კომპანიები შეირჩა, რომლებიც, მათი მსგავსად, შემოქმედებაზე, კრეატივზე და ინოვაციურ პროექტებზე არიან ორიენტირებულნი. ასევე, Metro Production-მა მიიღო საერთაშორისო აღიარება კანის ფესტივალზე, სადაც უმაღლესი ჯილდოები – გრან პრი და ოქროს პრიზი – მოიპოვა. დღეს კი, „ინდუსტრიას“ (“Industria” – Management Production Company) სახელით, ფროდაქშენ მენეჯმენტის მიმართულებით განაგრძობენ განვითარებას,
„ჩვენი მიზანია, შევქმნათ არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქცია, არამედ გავაძლიეროთ მთელი ინდუსტრია, გავზარდოთ ახალი თაობა და დავეხმაროთ ქართულ შემოქმედებით სექტორს საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებაში. ჩვენ ვსინქრონიზდებით და ვქმნით გარემოს, სადაც ყველას შეუძლია საკუთარი ძლიერი მხარეების რეალიზება. ვაცნობიერებთ, რომ ერთმანეთის გარეშე ვერც სააგენტო, ვერც ფროდაქშენი და ვერც კლიენტი ვერ მიაღწევს საუკეთესო შედეგს. მხოლოდ თანამშრომლობითა და ინტეგრირებული მიდგომით შეგვიძლია შევქმნათ ნამდვილად ღირებული პროდუქტი, რომელიც გასცდება ადგილობრივ ბაზარს და საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებს“, – გვიამბობენ „ინდუსტრიას“ დამფუძნებლები, მაია გურაბანიძე და სანდრო გაბილაია.
M: პირველ რიგში, დავიწყოთ იმ ტრანსფორმაციიდან, რაც განიცადა სააგენტომ. რა მიმართულებით ვითარდება კომპანია და რა სიახლეებს სთავაზობთ ბაზარს?
მაია გურაბანიძე: ბაზარი მნიშვნელოვნად შეიცვალა და ჩვენც ვცდილობთ ამ ცვლილებას ფეხი ავუწყოთ. აღარ გვსურს ვიყოთ მხოლოდ ფროდაქშენი, რომელიც ვიდეო პროდუქციას ქმნის. ახლა ვხდებით კრეატიული ჰაბი, სადაც სააგენტოები, კლიენტები და შემოქმედებითი გუნდები ერთად მუშაობენ პროდუქტის იდეის ჩასახვიდან საბოლოო რეალიზაციამდე. ბოლო 15 წლის განმავლობაში, ჩვენ ვფუნქციონირებდით ფროდაქშენ სერვისის კომპანიად. ახლა კი, ვაფართოებთ ჩვენს საქმიანობას და პროდუქტის მენეჯმენტის კომპანიად ვვითარდებით.
რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს ვთავაზობთ ბაზარს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქცია, არამედ გავაძლიეროთ მთელი ინდუსტრია, გავზარდოთ ახალი თაობა და დავეხმაროთ ქართულ კრეატიულ სექტორს საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებაში.
M: როგორია გამოცდილება, რაც ფროდაქშენის მიმართულებით დააგროვეთ, განვლილი 15 წლის მანძილზე?
სანდრო გაბილაია: ყოველთვის ვცდილობდით, რომ საქართველოს ბაზარი ფროდაქშენის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტებს აყოლოდა. პირველ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანი იყო ფროდაქშენ სერვისის ცალკე მიმართულებად ჩამოყალიბება ქართულ ბაზარზე. თავად ვსწავლობდით და ვნერგავდით საერთაშორისო სტანდარტებს, სტრუქტურები ისე გაიმართა, როგორც ნებისმიერ განვითარებულ ბაზარზე.
მეორე ეტაპზე, როცა ადამიანური რესურსის დეფიციტი აღმოვაჩინეთ, საკუთარი სასწავლო კურსების შექმნა დავიწყეთ. იმ დროს არ არსებობდა არც ერთი ინსტიტუცია, სადაც ამ პროფესიას ასწავლიდნენ. დღეს, ჩვენი გუნდის 40% ჩვენივე სტუდენტებისგან შედგება.
მნიშვნელოვანი ეტაპი იყო საერთაშორისო ბაზარზე გასვლა. გავხდით გლობალური გაერთიანების წევრები და კანის ფესტივალზე გამარჯვებამ დიდი პასუხისმგებლობა მოგვიტანა. საერთაშორისო პარტნიორებიდან ახალი მოთხოვნები მოვიდა, რამაც შემდეგ ნაბიჯზე დაგვაფიქრა.
მაია გურაბანიძე: მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენი მიზანი იყო არა მხოლოდ კომერციული წარმატება, არამედ ინდუსტრიის განვითარება საქართველოში. გვინდოდა შეგვექმნა ისეთი შემოქმედებითი გარემო, სადაც ტალანტი აღმოჩნდებოდა, განვითარდებოდა და შემდეგ საერთაშორისო ასპარეზზე გავიდოდა. სახელწოდება „ინდუსტრიაც“ სწორედ ამ ხედვას უკავშირდება.
ვგრძნობთ, რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია. 15-წლიანი ეპოქა ახალი ეტაპით გრძელდება. არ გვინდა ვიყოთ მხოლოდ კარგი რეკლამების შემქმნელები, გვინდა ვიყოთ ახალი ეპოქის, ახალი თაობის შემქმნელები, ვინც ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიას გლობალურ რუკაზე დააბრუნებს.
M: რა სერვისებს გააერთიანებს ფროდაქშენის მენეჯმენტი და რა უპირატესობას შექმნის ეს თქვენი და კრეატიული სააგენტოების თანამშრომლობის პროცესში?
მაია გურაბანიძე: ფროდაქშენ მენეჯმენტი აერთიანებს მთელ რიგ სერვისებს, რომლებიც სცდება ტრადიციული ფროდაქშენის საზღვრებს. ჩვენ ვთავაზობთ სტრატეგიულ კონსულტაციებს იდეის ჩასახვის ეტაპზე, ვაფასებთ კრეატიული იდეების განხორციელებადობას არსებული რესურსებისა და ბიუჯეტის ფარგლებში. ამით, სააგენტოებს ვეხმარებით ტენდერებისთვის შეთავაზებების მომზადებაში, კოორდინირებას ვუწევთ მულტიმედია რესურსებს, ვიყენებთ ჩვენს საერთაშორისო კავშირებს და შემოქმედებითი ტალანტის მენეჯმენტს უზრუნველვყოფთ.
ეს მიდგომა სააგენტოებს მატებს მნიშვნელოვან უპირატესობებს: რისკების შემცირებას, ბიუჯეტის ოპტიმიზაციას, კონკურენტულ უპირატესობასა და გაფართოებულ შესაძლებლობებს. ჩვენთან პარტნიორობით, სააგენტოებს შეუძლიათ განახორციელონ იდეები, რომლებიც მათ შიდა შესაძლებლობებს სცდება.
სანდრო გაბილაია: გარდა ამისა, პარტნიორობას ვთავაზობთ არაკომერციულ პროექტებშიც, რომლებიც შეიძლება არ იყოს მიბმული კონკრეტულ კომერციულ დაკვეთაზე, მაგრამ აქვთ კრეატიული ღირებულება.
ჩვენ არ ვაპირებთ სააგენტოების კონკურენტებად ქცევას. პირიქით, უზრუნველვყოფთ მათთან სინქრონიზაციას და ვქმნით სივრცეს, სადაც თანამშრომლობა ახალ შედეგებს მოიტანს.
M: თქვენი ხედვით, რა მოლოდინია ფროდაქშენ კომპანიისგან თანამედროვე ტენდენციებიდან გამომდინარე?
სანდრო გაბილაია: ბაზარი იცვლება. იდეის ვიზუალიზაცია და მესიჯის მიწოდება გაცილებით კომპლექსური გახდა. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ხელოვნური ინტელექტი აქტიურად ინტეგრირდება როგორც შემოქმედებით პროცესებში, ასევე სააგენტოების მუშაობაში. კომუნიკაციის საშუალებები და პლატფორმები ევოლუციას განიცდის, რაც მუდმივ ადაპტაციას მოითხოვს. ამასთან, გაზრდილია მოთხოვნები და კონკურენცია – ყველაფერი უფრო სწრაფად ხდება, მაგრამ ხარისხის მოთხოვნებიც იზრდება.
ამ ახალ რეალობაში ფროდაქშენი ვეღარ იქნება მხოლოდ აღმასრულებელი რგოლი. როდესაც კომპანიას მხოლოდ სერვისად აღიქვამენ და მასთან უკვე ჩამოყალიბებული გადაწყვეტილებებით მიდიან, ხშირად ხდება იდეისა და განხორციელების აცდენა. ეს შეიძლება გამოიხატოს დროის, ბიუჯეტის ან რესურსების არასწორ განაწილებაში.
მაია გურაბანიძე: თანამედროვე ფროდაქშენი უნდა იყოს ჩართული პროცესში ბევრად ადრეულ ეტაპზე, ვიდრე რეალური გადაღება დაიწყება. მას უნდა შეეძლოს კრეატიული გადაწყვეტილებების შეთავაზება, რესურსების ოპტიმიზაცია და ინოვაციური მიდგომები. ფროდაქშენ კომპანიისგან მოლოდინი უნდა იყოს, რომ ის იქნება პარტნიორი და არა მხოლოდ აღმასრულებელი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ტენდერის მომზადებიდან საბოლოო პროდუქტის მიწოდებამდე და ეხმარება სააგენტოებს ისეთი შეთავაზებების მომზადებაში, რომლებიც დამკვეთის მოთხოვნებს რეალისტურად პასუხობენ.
M: როგორია თქვენი ახალი სივრცის დანიშნულებას და რა სახის პროექტები შეიძლება განხორციელდეს აქ?
მაია გურაბანიძე: ჩვენი ახალი სივრცე წარმოადგენს მრავალფუნქციურ ჰაბს, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ერთ სივრცეში გააერთიანოს შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულება. ეს არის ადგილი, სადაც იდეები იბადება, ვითარდება და ხორციელდება.
ჰაბის კონცეფცია გულისხმობს, რომ ეს არის არა მხოლოდ სამუშაო სივრცე, არამედ შეხვედრების, თანამშრომლობის და ინოვაციების ცენტრი. აქ შესაძლებელია შეიქმნას სარეკლამო ვიდეორგოლები, მოკლემეტრაჟიანი ფილმები, მუსიკალური პროექტები, დოკუმენტური პროექტები, ინსტალაციები და ინტერაქტიული გამოფენები. ასევე ტარდება სასწავლო და საგანმანათლებლო აქტივობები და ინდუსტრიული შეხვედრები.
სანდრო გაბილაია: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს სივრცე ღიაა არაკომერციული, საავტორო პროექტებისთვისაც. ზუსტად ასეთი ტიპის პროექტით მოვიპოვეთ გამარჯვება კანის ფესტივალზე – იდეა დიქტატორების შესახებ, რომელიც თავისუფალი მედიის კონცეფციას დაუკავშირდა. მაშინ ბერლინის და ჩვენმა კომპანიამ გავაერთიანეთ რესურსები, ჩვენი შემოქმედებითი გუნდი უფასოდ მუშაობდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ნამუშევარი, რომელმაც უმაღლესი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
გვინდა, ჩვენი ჰაბი გახდეს ადგილი, სადაც სააგენტოები შემოვლენ და იტყვიან: „გვაქვს კარგი იდეა, მაგრამ არ გვაქვს კონკრეტული დაკვეთა – მოდი, ერთად დავამუშაოთ, როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს“. ჩვენ ვეხმარებით მათ მოიფიქრონ კონტექსტი, დამკვეთი და ერთად ვახორციელებთ საინტერესო პროექტებს.
M: როგორ გეგმავთ საერთაშორისო პროექტებში ქართული ტალანტის ჩართვას?
მაია გურაბანიძე: ახალი თაობის აღმოჩენა და განვითარება ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილია. ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, სადაც ახალგაზრდა ტალანტს შეუძლია აღმოჩენა, განვითარება და საერთაშორისო პროექტებში ჩართვა.
2018 წლიდან, ჩვენი გუნდის 40% ჩვენივე სტუდენტებისგან შედგება. ახლა, ვგეგმავთ ამ მიმართულების გაძლიერებას საგანმანათლებლო პროგრამებით, საექსპერიმენტო პროექტებითა და მენტორობის პროგრამებით, სადაც ახალგაზრდებს პორტფოლიოს შექმნის საშუალება ექნებათ.
Supercluster-ის წევრობა გვაძლევს შესაძლებლობას, მოვაწყოთ გაცვლითი პროგრამები და პოპულარიზაცია გავუწიოთ ქართულ ტალანტს საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ ვახორციელებთ კვლევას და ვქმნით მონაცემთა ბაზას ქართველი პროფესიონალების შესახებ, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებს გავუზიარებთ.
სანდრო გაბილაია: ხელს ვუწყობთ კოპროდუქციებს, სადაც ქართველები და უცხოელები ერთად იმუშავებენ. უკვე გვაქვს ასეთი პროექტები, სადაც ოპერატორი და არტ-დირექტორი უცხოელია, მაგრამ სააგენტოს წარმომადგენლები, მხატვრები და სხვა შემოქმედებითი პოზიციები ქართველებით არის დაკომპლექტებული. ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც გამოცდილების მიღებისთვის, ისე საერთაშორისო კავშირების დამყარებისთვის.
ასევე ვაგრძელებთ ქართველი შემოქმედების მიერ შექმნილი ნამუშევრების წარდგენას საერთაშორისო ფესტივალებზე, რაც ზრდის მათ ხილვადობას და საერთაშორისო აღიარებას.
ამ ყველაფრის საბოლოო მიზანია, ქართული კინემატოგრაფიული ტრადიციის აღდგენა თანამედროვე კონტექსტში. გვინდა, საქართველოს მსოფლიო არა მხოლოდ გადასაღებ ლოკაციად იცნობდეს, არამედ კრეატიული ტალანტის სამშობლოდაც.
საჭიროა, პირველ რიგში, რომ საინტერესო პროექტებისთვის ბევრი რესურსი შემოვიდეს საზღვარგარეთიდან – როგორც ინტელექტუალური, ასევე მატერიალური. როცა პროექტი შემოდის, ავტომატურად ვითარდება სფერო. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ქართველები ჩართულები იყვნენ ამ პროცესში და ჰქონდეთ რესურსი, რომ ჩვენთან ერთად ეს ყველაფერი გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ ვიქნებით ამ ინდუსტრიის პირველი მატონიზირებლები.
M: გვიამბოთ „ინდუსტრიის“ განვითარების სამომავლო ნაბიჯებზე…
სანდრო გაბილაია: თუ აქამდე ვფიქრობდით, როგორ ჩამოგვეყვანა უცხოური ფროდაქშენები საქართველოში და გადაღება ყოფილიყო პრიორიტეტი. ახლა, გვინდა ჩვენი შესაძლებლობები, უნარები და გამოცდილება ქართველ პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ. გვინდა შევძლოთ ქართული გუნდების გაყვანა საერთაშორისო პროექტებზე და შემოქმედებითი რესურსი შევთავაზოთ საერთაშორისო სააგენტოებს და ფროდაქშენებს.
ეს არ არის მარტივი პროცესი, ამას ვერც ერთ კვირაში ვიზამთ, ვერც ერთ თვეში, მაგრამ როცა მიზანი ზუსტად იცი, ნელ-ნელა მიხვალ. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, რომ სხვა მიმართულებით დავმკვიდრდეთ საერთაშორისო ბაზარზე.
მაია გურაბანიძე: მენეჯმენტის მიმართულებაში დიდ როლს დავუთმობთ ინდუსტრიაში ურთიერთობების გაძლიერებას – იქნება ეს სააგენტოებთან თუ დამკვეთებთან. გვინდა შევქმნათ სივრცე, სადაც ვისაუბრებთ, როგორ შევქმნათ უკეთესი პროდუქტი, გვექნება მუდმივი ინფორმაციის გაცვლა კრეატივის წარმომადგენლებთან, კლიენტებთან.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ არა მხოლოდ კარგი პროდუქცია, არამედ კარგი ეპოქა და კარგი თაობა. ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ არ გვინდა მხოლოდ იმ ჭრილში დავრჩეთ, რომ „რა კარგი რეკლამა გადაიღეს“ ან „რა რთული გადაღება იყო“. გვინდა, რომ ამბებიც შევქმნათ ამ ინდუსტრიაში და ვნახოთ, როგორ გამოგვივა.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი