
„ინებე“ სადილის მიტანის სერვისია, რომლის მიზანიც სათუთად შერჩეული ინგრედიენტებისგან განსაკუთრებული კერძების მომზადებაა. სტარტაპის დამფუძნებლები გურმანი ცოლ-ქმარი, მარიტა გენებაშვილი და ლეკო შათირიშვილი არიან. მათ სურდათ შეექმნათ ქართული ბრენდი, ქართული დასახელებითა და ელფერით, რომელიც გემრიელ და მაღალი დონის კერძებს მისაღებ ფასში შესთავაზებდა მომხმარებელს. „ინებეს“ შესახებ მარიტამ და ლეკომ მარკეტერთან ისაუბრეს.
M: მოგვიყევით „ინებეს“ შექმნის შესახებ, როგორ გაჩნდა ამ ბიზნესის დაწყების იდეა?
ლეკო: ჩვენ ყოველთვის გვინდოდა გვქონოდა საერთო, საყვარელი და იმავდროულად სასიამოვნო საქმე. ორივენი გურმანები ვართ, თავადაც ვამზადებთ კერძებს და თბილისშიც გვაქვს რამდენიმე გამორჩეული ადგილი, სადაც გემრიელი კერძები გვეგულება, თუმცა აქ ფასებიც საკმაოდ მაღალია. ამიტომ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ისეთი კომპანია, რომელიც მომხმარებელს მაღალი დონის კერძს მისაღებ ფასად შესთავაზებდა. კულინარიასთან ერთად, გატაცებული ვართ ფოტოგრაფიით და საიტისთვის კერძების ფოტოებსაც თავად ვიღებთ.

M: მოგვიყევით თქვენ შესახებ, რა გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში?
მარიტა: მეც და ჩემმა ქმარმაც დავამთავრეთ კავკასიის ბიზნეს სკოლა, მე მარკეტინგის, მან კი, ფინანსების მიმართულებით. შემდეგ უკვე ერთად დავამთავრეთ გრენობლის მენეჯმენტის სკოლის სამაგისტრო პროგრამა. სწორედ მაგისტრატურაზე სწავლისას მივხვდით, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავსულიყავით მეწარმეობაში და ნელ-ნელა მივდივართ ამ მიზნისკენ.
M: რა მომსახურეობას სთავაზობთ მომხმარებელს?
ლეკო: ჩვენ გვჯერა, რომ კულინარია ხელოვნებაა, ამიტომ გვინდა, განსაკუთრებული კერძები შევქმნათ მისაღებ ფასად. ვცდილობთ, მენიუ მრავალფეროვანი იყოს, რომ ყველა ტიპის მომხმარებლის გემოვნებას მოერგოს.
მენიუში, რომელიც ყოველ კვირა ახლდება, გვაქვს კერძები სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოდან: ფრანგული, იტალიური, ტაილანდური, ამერიკული, მექსიკური და ა.შ. ვგეგმავთ ქართული კერძების განსხვავებული ვერსიების შეთავაზებასაც მომხმარებლისთვის. გვაქვს ბოსტნეულის კერძების კარგი არჩევანი ვეგეტარიანელებისთვის.

M: რა განსაკუთრებული ინგრედიენტებით და რეცეპტით მზადდება კერძები?
მარიტა: პირველ რიგში, გვყავს დიდი გამოცდილების მქონე და შემოქმედებითი შეფ-მზარეული, რომელიც საინტერესო კერძებს ქმნის ჩვენთვის. ინგრედიენტებს შეფი არჩევს და ამ პროცესს განსაკუთრებული ყურადღებით ვუდგებით. ვიყენებთ საუკეთესო ქართულ ხორცს და რძის პროდუქტებს, ასევე უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთს, ნაღების კარაქს და ა.შ. ამასთან ერთად, ჩვენს ვერანდაზე მოგვყავს სხვადასხვა მწვანილი, მაგალითად როზმარინი, ბეგქონდარა, ჩილი წიწაკა და ა.შ.
რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ კერძებს შეკვეთის მიღების შემდეგ ვამზადებთ, ამიტომ ყველაფერი ახალი და ცხელი მიდის ადგილზე. საკვების შესაფუთად ვიყენებთ თანამედროვე ევროპულ კონტეინერებს, რომელიც შეგიძლიათ შეაცხელოთ როგორც მიკროტალღურ, ასევე ტრადიცულ ღუმელში. ერთ-ერთი განმასხვავებელი ულუფების საკმაოდ მოზრდილი ზომაა, – თითოეული კერძი 400-600 გრამია.

M: რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
ლეკო: ინებეს რამდენიმე მიმართულებით განვითარებას ვგეგმავთ, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციურია კონცეფცია “მოამზადე შენით”, რომელიც მალე გაეშვება და მომხმარებელს საშუალებას მისცემს, შეიძინოს სასურველი კერძის მოსამზადებლად საჭირო, კონკრეტული ულუფების შესაბამისი ოდენობის ყველა ინგრედიენტი, მიიღოს დეტალური რეცეპტურა და თავად მოამზადოს სახლში.
უახლოეს გეგმებში შედის არსებული მოდელის დახვეწა და უკეთ გამართვა. ვამატებთ კურიერებსაც, რათა მაქსიმალურად შევამციროთ მიტანის დრო.











