INFEST – ეს ნიკა ტურაშვილის სასცენო სახელია, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, სრულებითაც არ აქვს მუსიკალური დატვირთვა. მუსიკოსი ღიმილით იხსენებს, რომ მეტსახელი თინეიჯერობის პერიოდში დაირქვა, როდესაც ინტერნეტფორუმები და ჩატები აქტიურად დამკვიდრდა და ყველა დარეგისტრირებული ცდილობდა, რაიმე ორიგინალური მოეფიქრებინა. მოგვიანებით, როცა ნიკამ დაკვრა დაიწყო და მსმენელმაც გაიცნო, ახალი სახელის მოფიქრება აღარ დასჭირვებია, რადგან ბევრი ისედაც INFEST-ით იცნობდა.
საინტერესოა ჟანრიც, რომელსაც ის წარმოადგენს. ელექტრონული მუსიკის მოყვარული შეიძლება ბევრია საქართველოში, თუმცა ვერ ვიტყოდით, რომ ამ მიმართულების არტისტების გრძელი სია გვაქვს. INFEST-ის შემოქმედება უფრო ქვეჟანრს, ტრანსმუსიკას წარმოადგენს და შთაგონებულია მისტიკით, ტრანსცენდენტური მოგზაურობითა და პულსირებული რიტმებით.
ნიკა INFEST ტურაშვილი უკვე მე-18 წელია, რაც ერთგულად უკრავს ამ ჟანრში და მისი გამოცდილება მოიცავს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სცენებს. მას დაკრული აქვს ისეთ ცნობილ შოუებში, როგორებიცაა: O.Z.O.R.A. Festival, Tiesto/Fastex, Neon Festival Turkey, Tbilisi Open Air და სხვები.
თუ როგორია მისი შემოქმედებითი გზა, ამის შესახებ ნიკა უკვე ინტერვიუს ნაწილში გაგვესაუბრება:
M: ნიკა, როგორ დაუკავშირეთ თქვენი ცხოვრება მუსიკას?
არსებობენ არტისტები, რომლებსაც საფუძველი ოჯახიდანვე აქვთ, თუმცა ჩემს შემთხვევაში, არცერთი მშობელი ხელოვნების არცერთი სფეროს წარმომადგენელი არ ყოფილა. თუმცა ბავშვობიდან ჩემში მუსიკას ძალიან დიდი ადგილი ეკავა და ინტერესები აქედანვე გამიჩნდა. თავიდან ვუსმენდი რადიოში, ტელევიზორში და როცა ინტერნეტი გაჩნდა, უფრო მეტად განვითარდა ჩემი მუსიკალური ცნობიერება.
კიდევ იმას აღვნიშნავ, რომ მუსიკას არასოდეს ვიყენებდი მხოლოდ მოსასმენად, არამედ მის სიღრმეებსაც ვსწავლობდი, მინდოდა, გამეგო, მისი არა მარტო პრაქტიკული, არამედ თეორიული მხარეც. ამან უკვე ის მოიტანა, რომ თავადაც გავხდი მუსიკის ნაწილი და დავიწყე შექმნა.
M: ელექტრონული მუსიკითაც ბავშვობიდან იყავით გატაცებული თუ მოგვიანებით დაინტერესდით?
დიახ, ბავშვობიდან. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ჟანრებსაც ვუსმენდი, ელექტრონული მუსიკა მაინც ყველას მერჩივნა. კონკრეტული არტისტების დასახელება ალბათ გამიჭირდება, მგონია, რომ იმ მრავალრიცხოვან მუსიკოსებს შორის ერთი და ორის დასახელება ჩემი მხრიდან სწორი არ იქნება.
ეს ჟანრი მომწონს ბევრი რამით. ერთ-ერთი ისაა, რომ დღესდღეობით ძალიან წინ მიდის და მუდმივად ვითარდება. ასევე, ის არის საკმაოდ მოთხოვნადი და სულ უფრო იხვეჭს პოპულარობას, რადგან შედის სხვა ჟანრებშიც. წლიდან წლამდე გვაქვს იმის მაგალითებიც, რომ სხვა ჟანრის მუსიკოსებიც კი გადმოდიან ელექტრონულ მუსიკაში, რომელსაც უამრავი ქვეჟანრი აქვს და რომელიც მათთან უფრო ახლოსაა, იმას აინტეგრირებენ თავიანთ შემოქმედებაში.
M: რა მომენტი იყო გარდამტეხი, როცა უკვე გადაწყვიტეთ, რომ ამ საქმისთვის ოფიციალურად მოგეკიდათ ხელი?
ზოგადად, როცა ამ მუსიკის მსმენელი ხარ, ხშირად გაქვს მოთხოვნილება, რომ თავადაც გახდე მისი ნაწილი, რაღაც ახალი შექმნა, როგორც მინიმუმ, ცადო მაინც შენი მხრიდან რამის გაკეთება. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, ვერ ვიტყვი, რომ რაღაც კონკრეტული მოხდა და იმიტომ დავიწყე ამ მუსიკის კეთება, უბრალოდ ვიყავი მსმენელი და რაღაც მომენტში გადავწყვიტე, რომ მეცადა. ცდამ რომ გაამართლა, გავაგრძელე და ახლაც მანდ ვარ.
M: რატომ ტრანსმუსიკა, რით არის ის თქვენთვის საინტერესო?
პირველ რიგში, ტერმინი „ტრანსი” არ არის მხოლოდ მუსიკალური ჟანრის განმსაზღვრელი. ესაა მდგომარეობა, რომელიც ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამიანებიდან მოდის. ეს არის ცნობიერების შემცვლელი მდგომარეობა, რომლისკენაც მრავალი ადამიანი ოდითგანვე ისწრაფვის. მუსიკაში ამ მიმართულებასაც იმიტომ ჰქვია იგივე სახელი, რომ ერთგვარად გეხმარება და გადაჰყავხარ ამ მდგომარეობაში.
ამასთან, მე დაინტერესებული ვარ მედიტაციით, კერძოდ, დინამიკური ფორმით, რომელიც მუსიკალური ღონისძიების დროს ძალიან მეხმარება. არ აქვს მნიშვნელობა, მსმენელი ვარ თუ შემსრულებელი, ორივე როლში მედიტაციურ მდგომარეობაში ვარ.
M: თქვენ გაქვთ საკმაოდ მრავალფეროვანი საერთაშორისო გამოცდილება. გაგვიზიარეთ ის…
ამ თემაზე ბევრი შეიძლება ვისაუბროთ და მნიშვნელოვანია, რომ სწორად დავსვათ აქცენტები, რადგან, ჩემი გამოცდილებითა და დაკვირვებით, ძალიან განსხვავდება ეს კულტურა საქართველოში და ევროკავშირის ქვეყნებში, რომლებთანაც მე მქონია შეხება. ისინი უკვე დიდი ხანია, ამას აკეთებენ და ბევრად წინ არიან, რაც მარტივად შესამჩნევია. დაწყებული ტექნიკური საკითხებით, საორგანიზაციო თუ მოსმენის კულტურით დასრულებული – ყველაფერში იგრძნობა დიდი სხვაობა.
დავიწყოთ იმით, რომ საერთაშორისო სცენები მუსიკალური პროგრამების კუთხით უფრო მრავალფეროვანია, უფრო განვითარებულია თავად მსგავსი ფესტივალების მოწყობის გამოცდილებაც, რაც არცაა გასაკვირი, რადგან ჩვენგან განსხვავებით, მათ არ გამოუვლიათ საბჭოთა კავშირის პერიოდი, არ უცხოვრიათ მსგავს ჩაკეტილ წრეში და ბევრად ადრე დაიწყეს მუსიკალურად განვითარება, ვიდრე საბჭოურმა ქვეყნებმა.
აუცილებლად მინდა, აღვნიშნო მსმენელიც, რომელიც თავს არ ზოგავს, რომ მადლიერება გამოხატოს სცენაზე მდგომი ხელოვანის მიმართ, აგრძნობინოს სიყვარული და პატივისცემა არა მხოლოდ თავის საყვარელ არტისტს, არამედ ყველას, ვინც პროგრამაში მონაწილეობს.
მეორე მხრივ, ვხედავ უზარმაზარ პოტენციალს, რომ ჩვენც დავეწიოთ უცხოურ ბაზარს. ჩვენს ტრადიციულ მუსიკალურ ისტორიას თუ გადავხედავთ, საკმაოდ დიდი რესურსი გვაქვს, შეიძლება ითქვას, სხვებზე ბევრად დიდი, უბრალოდ მისი სწორად გამოყენებაა საჭირო. აუცილებელია მუსიკალური ტურიზმი განვითარდეს, მარკეტინგულად უფრო საინტერესო გახდეს ეს დარგი, მით უმეტეს, რომ პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენთან უფრო ადვილი იქნება საჭირო ღონისძიებების გატარება.
M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
კონკრეტული გეგმების ჩამოთვლისკენ თავს შევიკავებ, რადგან წინასწარ არ მსურს გამხელა, თუმცა, რა თქმა უნდა, მაქვს საინტერესო შემოთავაზებები. ზოგადად, მუსიკალურ მოღვაწეობას სეზონურობა ახასიათებს და უფრო აქტიურია გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდი. მეც სწორედ ამ დროისთვის მაქვს დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
მოგეხსენებათ, რომ უკვე თითქმის 18 წელია ამ სფეროში ვარ და წლიდან წლამდე იზრდება ჩემი საქმიანობის მასშტაბები. გარდა ამისა, მუდმივად ვარ ღია სიახლეებისა და საინტერესო შემოთავაზებებისთვის.
M: და ბოლოს, რა სიმღერას დაუტოვებდით მკითხველს?
მიჭირს ერთის ამორჩევა, თუმცა ამ კლასიკურ ნამუშევარზე გავაკეთებ არჩევანს.
რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი