in

ყველაფერი, რაც 2023 წელს ინფლუენსერ მარკეტინგის შესახებ უნდა იცოდეთ

ინფლუენსერ მარკეტინგი კარგად იყენებს ზეპირი სიტყვის ძალას, რომელიც word-of-mouth-ის სახელითაა ცნობილი. ის ასევე დიდ მასშტაბებს აღწევს სოციალური მედიის საშუალებით. შედეგად, ის გახდა წამყვანი მარკეტინგული სტრატეგია 2023 წელს.

რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი

ინფლუენსერ მარკეტინგის დახმარებით ბრენდები თავიანთი პროდუქტებისა თუ სერვისების პოპულარიზაციას ეწევიან. აქედან გამომდინარე, ინფლუენსერები შუამავლებად იქცნენ ბრენდებსა და მათ აუდიტორიას შორის.

თუკი ადრე ზეპირი სიტყვის მეშვეობით ბრენდზე ხმა მხოლოდ სანაცნობო წრეში ვრცელდებოდა, ინფლუენსერების დახმარებით ასობით და ათასობით ადამიანამდე ხმის მიწვდენაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ინფლუენსერები ბევრს მუშაობენ თავიანთი აუდიტორიის ნდობის მოსაპოვებლად, რაც მათ რეკომენდაციებს უფრო დამაჯერებელს ხდის, ვიდრე რეკლამის სხვა ფორმები.

ინფლუენსერების ტიპები

ინფლუენსერები იმდენად ცნობილები ხდებიან, რომ ვარსკვლავებსაც ემსგავსებიან. სამი ყველაზე გავრცელებული ტიპია მაკრო, მიკრო და ნანო ინფლუენსერი. გავიგოთ, რას ნიშნავს თითოეული…

მაკრო ინფლუენსერი – როგორც წესი, ამ კატეგორიას დაახლოებით 100,000-დან 1 მილიონამდე მიმდევარი ჰყავს. მართალია, ცნობადობის დონით ისინი ტრადიციულ ცნობილ ადამიანებთან შედარებით ცოტა უფრო ქვემოთ დგანან, მაგრამ თავიანთ სფეროში საკმაოდ ფართო აუდიტორია ჰყავთ, რომელთანაც თემების მთელ რიგს განიხილავენ.

მიკრო ინფლუენსერები – მარკეტერების ნახევარზე მეტი, რომლებიც ინვესტიციას ახორციელებენ ინფლუენსერ მარკეტინგში, მუშაობს მიკროინფლუენსერებთან. მიკრო ინფლუენსერს ჰყავს 1000-დან 100000-მდე მიმდევარი. მათი შინაარსი, როგორც წესი, ტრიალებს კონკრეტული თემის ან ნიშის გარშემო, რაც მათ პატივცემულ ექსპერტებად აქცევს თავიანთ დარგში.

ნანო ინფლუენსერები – ზემო ორთან შედარებით მათ ყველაზე ნაკლები მიმდევარი ჰყავთ, თუმცა საკმაოდ დიდ ჩართულობას იწვევენ. ამ ინფლუენსერებს ჰყავთ 1000-ზე ნაკლები მიმდევარი და ნიშურ საზოგადოებაში აქვთ თავი დამკვიდრებული. ისინი ქმნიან აქტიურ და ლოიალურ საზოგადოებას, რომელიც ექვემდებარება რეკომენდაციებს. ნანო ინფლუენსერები ბრენდებთან მცირე ანაზღაურებით მუშაობენ, თუმცა ხშირად იღებენ უფასო პროდუქტებს, სოციალურ მედიაში განხილვის ან მოწონების სანაცვლოდ.

სტატისტიკა, რომელიც 2023 წელს ყველამ უნდა გაითვალისწინოს, ვისაც ინფლუენსერ მარკეტინგი აინტერესებს

როგორ გამოიყურება ინფლუენსერ მარკეტინგის ზოგადი პეიზაჟი?

  • აშშ-ში, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარია, ინფლუენსერ მარკეტინგი 2022 წელს რეკორდულ 16,4 მილიარდად იყო შეფასებული.
  • 4 მარკეტერიდან ერთი ამჟამად ინფლუენსერ მარკეტინგს იყენებს.
  • ზეტ თაობისა და მილენიალების 72% მიჰყვება ინფლუენსერებს სოციალურ მედიაში.
  • მარკეტერების 89%, რომლებიც ამჟამად ინფლუენსერ მარკეტინგითაა დაკავებული, გაზრდის ან შეინარჩუნებს ინვესტიციას 2023 წელს.
  • მარკეტერების 17% ინვესტიციის ჩადებას ინფლუენსერ მარკეტინგში გეგმავს პირველად, 2023 წელს.
  • მარკეტერების 38% ამბობს, რომ ინფლუენსერების მეშვეობით გაყიდვების გენერირება 2022 წელს მათი მთავარი მიზანი იყო. 

ინფლუენსერ მარკეტინგის ეფექტურობა

  • მილენიალთა თაობის 50% ენდობა ინფლუენსერების პროდუქტის რეკომენდაციებს.
  • მარკეტერების 92%-ს მიაჩნია, რომ ინფლუენსერ მარკეტინგი მარკეტინგის ეფექტური ფორმაა.
  • ზეტ თაობის 33%-მა შეიძინა პროდუქტი ინფლუენსერების რეკომენდაციებზე დაყრდნობით ბოლო სამი თვის განმავლობაში.

მიკრო ინფლუენსერის სტატისტიკა

  • მიკროინფლუენსერები წარმოქმნიან 60%-მდე მეტ ჩართულობას, ვიდრე მაკროინფლუენსერები.
  • მარკეტერების 44% ამბობს, რომ მიკროინფლუენსერებთან მუშაობის ყველაზე დიდი სარგებელი არის ის, რომ ის ნაკლებად ძვირია, ვიდრე სხვა ტიპის რეკლამა.
  • მარკეტერების 56%, რომლებიც ინვესტიციას ახდენენ ინფლუენსერ მარკეტინგში, მუშაობს მიკროინფლუენსერებთან.

ინფლუენსერ მარკეტინგი ინსტაგრამზე

  • 2022 წელს ინსტაგრამი ყველაზე აქტიურად გამოყენებადი პლატფორმა იყო ინფლუენსერებისთვის.
  • ასევე 2022 წელს, მარკეტერების 72%-მა გამოიყენა ინსტაგრამი ინფლუენსერ კამპანიებისთვის. არსებობს პროგნოზი, რომ ეს რიცხვი 4.1%-ით გაიზრდება 2023 წელს.
  • 2021 წელს ინსტაგრამზე 3,8 მილიონი პოსტი იყო ჰეშტეგით #რეკლამა.
  • ცხოვრების სტილი და სილამაზე 2021 წელს ყველაზე პოპულარული კატეგორიები იყო ინსტაგრამის გლობალურ ინფლუენსერებს შორის.
  • იმავე, 2021 წელს, მარკეტერების 86%-მა ჩართო შოპინგის ფუნქციები ინსტაგრამზე.

ინფლუენსერ მარკეტინგი TikTok-ზე

2022 წელს მარკეტერების 45%-მა გამოიყენა TikTok მარკეტინგული კამპანიებისთვის. არსებული პროგნოზით, ეს რიცხვი 4%-ით გაიზრდება 2023 წელს.

TikTok მაკროინფლუენსერები საშუალოდ 38517 ნახვას აღწევენ.

ინფლუენსერ მარკეტინგი YouTube-ზე

  • ცეკვა, მუსიკა და თამაშები ყველაზე პოპულარული კატეგორიები იყო YouTube-ზე 2021 წელს.
  • YouTube მიკრო ინფლუენსერებს ყველაზე მაღალი ჩართულობის მაჩვენებელი აქვთ პლატფორმაზე.
  • 2021 წელს YouTube იყო ყველაზე პოპულარული პლატფორმა თამაშების მიმართულებით.

ინფლუენსერ მარკეტინგი ფეისბუკზე

მარკეტერების 52%-მა გამოიყენა ფეისბუკი 2022 წელს ინფლუენსერ მარკეტინგული კამპანიებისთვის. გასულ წელს მოკლე ვიდეოების 60% სწორედ ინფლუესერების ვიდეოებმა შეადგინა.

ინფლუენსერ მარკეტინგის ბიუჯეტი

  • 2022 წელს მარკეტერების 39%-მა მარკეტინგული ბიუჯეტის 10-დან 20 პროცენტამდე ინვესტიცია მოახდინა ინფლუენსერ მარკეტინგში.
  • ყოველი $1 ინვესტიციისთვის, საშუალოდ, ბიზნესები გამოიმუშავებენ $6,50 შემოსავალს ინფლუენსერ მარკეტინგის მეშვეობით.
  • TikTok-ის მეგა-ინფლუენსერის საშუალო ფასი პოსტზე 2021 წელს $1,034 იყო. ინსტაგრამზე კი მინიმუმ $1200. YouTube-ზე $2,500.

ვიმედოვნებთ, რომ ეს მიმოხილვა უკეთ დაგანახებთ ინფლუენსერ მარკეტინგის მთელ სურათს. თვალი ადევნეთ პოპულარულ პლატფორმებს და აირჩიეთ თქვენი ბიზნესისთვის მოსახერხებელი არხი, რომელზეც შესაბამის ინფლუენსერს იპოვით და მასთან ერთად კომუნიკაციას დაგეგმავთ.

ტონგას ამოფრქვევა ახალ საფრთხეებზე მიგვითითებს

როგორ გავხდეთ უკეთესი თანამოსაუბრე? — 3 მეთოდი